არაჟნის დიეტა

Approved by Mary Poppins

მორიგი დღესასწაულების (ბანკეტების, შეკრებების, მოლხენის...) მერე, მანამდე თითო სანტიმეტრნალოლიავებ და „ნარნარ“ წელს რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი რომ დაედება, თავად დღესასწაულისგან მიღებული სიამოვნება სადღაც უკვალოდ ქრება და მხოლოდ სარკის წინ ტრიალი (იმ იმედით, ეგებ თვალი ან სარკე მატყუებს და არაფერი შემმატებიაო), სინანულით თავის ქნევა და „ნწ... ნწ... ნწ...“-ს ძახილიღა რჩება. ასეთ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალს ექსპრეს-დიეტები წარმოადგენს - ანუ, ორი დღე ტანჯვა და შედეგად, ერთი კვირის წინანდელი ზომები (სასურველია ფორმებიც). ერთ-ერთი ასეთი დიეტაა არაჟნის დიეტა, ანუ: 400 გრ არაჟანი და 400 მლ ასკილის წვენი. ასე, ორი დღის განმავლობაში. სასურველია დღიური ულუფა 5 ჭამაზე გაყოთ.
***
მოკლედ, გასულ კვირაში გურმანობა მომეძალა და მალე იძულებული გავხდი წელზე ღილიც შემეხსნა, ამიტომ გადავწყვიტე, ეს დიეტა გამომეცადა და ჩემი შთაბეჭდილებები და შედეგები თქვენთვის გამეზიარებინა. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თითოეული დიეტა სხვადასხვა ორგანიზმზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. თან ცნობილი ადამიანების დიეტებით სარგებლობისას, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ადამიანები თავიანთი სიცნობილიდან გამომდინარე, კონკრეტული დიეტის გარდა, სავარაუდოდ ვარჯიშობდნენ, აუზზე დადიოდნენ და გასახდომ მასაჟებსაც იკეთებდნენ. ამიტომ, ვთქვათ, გიგი უგულავას ან ლიზ ტეილორის დაკლებული 15 კილო, თქვენი 15 კილო ვერასგზით ვერ იქნება. არის კიდევ ერთი ფაქტორი - დიეტა ცხიმის და ქონის დაწვაზეა გათვლილი. 120 კილოგრამიან ადამიანს დაახლოებით 40 კილო ქონი აქვს და ამიტომ 10 კილოსაც უმარტივესად იკლებს. 65 კილოგრამიანი ადამიანის მასის უდიდეს ნაწილს კი ხორცი შეადგენს და მისთვის თითოეული გრამის დაკლება ბევრად უფრო ძნელია. 2 და 3 დღიანი დიეტები, პრაქტიკულად შიმშილობას ეფუძნება და სახელდახელოდ ამატებული კილონახევრის დაკლებაზე, ანუ არსებული წონის შენარჩუნებაზეა გათვლილი და მისი ხანგრძლივად გამეორება არასდიდებით არ შეიძლება - ჯანმრთელობისათვის ძალიან საშიშია. ახლავე აგიხსნით რატომ: ასეთი დიეტის დროს, მაგალითად, 60 კგ-იან ადამიანში ქონის მარაგი ამ ორ დღეში გამოილევა და მერე მშიერი ორგანიზმი საკუთარი თავის ჭამას იწყებს. იცოცხლე, ჩამრგვალებული გვერდების ცოტათი „მოჭმა“ ვის აწყენდა, მაგრამ კუნთთან ერთად დამშეული სხეული სასიცოცხლო ორგანოებსაც (გულს, ღვიძლს, თირკმელს...) გემრიელად „მიირთმევს“. ასე რომ, ზედმეტი 3-5 კგ თუ გაწუხებთ, ჯობია, უფრო ლმობიერ, გაწონასწორებულ და 5-7 დღიან, ან სულაც 2 კვირიან დიეტაზე დადგეთ. ასე ჯანმრთელობასაც მოუფრთხილდებით და დაკლებულსაც შეინარჩუნებთ. თორემ დიდი წონიდან სწრაფად დაკლებულ ყოველ 10 კილოზე 6-ის უკან ამატება და მხოლოდ 4-ის შენარჩუნება ითვლება წარმატებად. თუ 10 და მეტი კილოს დაკლება გსურთ, მაშინ ერთ ან ორთვიანი დიეტები შეარჩიეთ, ჯანსაღი და გემრიელი კვებით. სხვათა შორის, ასეთებიც არსებობს. მაგრამ საწყის წონას ამ შემთხვევაშიც მნიშვნელობა აქვს...
აშკარად მეტყობა, რომ დიეტაზე ვიმყოფები, ჩემი აზრები მხოლოდ... საჭმლის არა (აქაც უკუღმართი ვარ), დიეტის ირგვლივ ტრიალებს. ექსპრეს-დიეტის მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ გუშინ დავიწყე და დღეს ვამთავრებ! 2 დღე კაცი ადიდებულ მტკვარშიც კი ჩადგება. მთავარი შედეგია... შედეგს რაც შეეხება, დღეს დილას ავიწონე და გუშინდელის შემდეგ კილო და ცოტა მეტი მქონდა დაკლებული. თავად დიეტის მენიუს რაც შეეხება: ალბათ არაჟანს ცოტა ხანი არა, მაგრამ მალე ისევ შევჭამ. რომ მეგონა, ისეთი საზიზღრობაც არ ყოფილა. არც გუშინ მშიოდა და არც დღეს, მეტიც, გუშინ არაჟნის 1/3 ხელუხლებელი დავტოვე - აღარ მომინდა (ზედმეტი არ ვჭამე და ალბათ მაგიტომაც არ მეზიზღება). მეტსაც დავტოვებდი, მაგრამ პატარა ეშმაკობა ვიხმარე, არაჟნის ნაწილს ცოტა შავი პილპილი და მარილი მოვაყარე და უფრო მარტივად გადავყლაპე. დანარჩენს ხვალ მოგახსენებთ სასწორზე შედგომის შემდეგ!

***
დიეტის მეორე დღე თავდება. პირველი როგორღაც გადავაგორე, სხვათა შორის, ჩემთვის მოულოდნელად უპრობლემოდ. ალბათ იმიტომ, რომ ამ გასაჭირში მარტო არ გახლდით, ვიცოდი, რომ ჩემთან ერთად, იქ, სადღაც მეზობელ უბანში კიდევ ერთი ადამიანი იტანჯებოდა. დღის განმავლობაში მე და მერიკო ერთმანეთს ვეხმიანებოდით, თითოეული დაკლებული გრამის შესახებ ინფორმაციას მქუხარე აპლოდისმენტებით ვეგებებოდით და ერთმანეთს ვამხნევებდით. უნდა გითხრათ, „დიეტობანის“ დიდი მოყვარული არ ვარ და ჩემი გამოცდილებაც (ერთი-ორ მოკრძალებულ მცდელობას თუ არ ჩავთვლით) უფრო თეორიული ცოდნითა და სხვებისთვის  ბრძნული რჩევა-დარიგების გულუხვად გაცემით შემოიფარგლება. ჩემი დიეტის „არსიყვარული“ მისი თანმდევი დისკომფორტით (მოსალოდნელი თავბრუსხვევით, მოთენთილობით და საერთო უგუნებობით) არის განპირობებული. ჩემდა გასაკვირად, ამ მორიგმა ექსპერიმენტმა ჩემს შემთხვევაში ზემოჩამოთვლილი ექსცესების გარეშე ჩაიარა, აი, მერი პოპინსის განწყობას კი მისი ზემოთგანთავსებული, არშინიანი „ანგარიშითაც“ მიხვდებით - სისუსტეს და უღონობას აშკარად არ უჩიოდა. მეტიც, ამ ორდღიან „შიმშილობას“ ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზე და „კრეატიულობაზე“ გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია.
კიდევ ერთი რამ: სულით ხორცამდე პატიოსანი მეც არ აღმოვჩნდი: მაინცდამაინც დღეს სამსახურში სხვისი საქმე (გეგონება, ჩემი არ მეყოფოდა!) თავზე დამაყარეს, ცოტა გუნებაც გამიფუჭეს და, თუ სხვა დროს ანალოგიურ სიტუაციას შოკოლადის ნატეხით „დავატკბობდი“, ამჯერად ერთი კოვზი თაფლით შემოვიფარგლე და დიეტოლოგების მიერ შედგენილი რაციონი მოურიდებლად დავარღვიე. მოგვიანებით, გუნება რომ გამომიკეთდა, სინდისის ქეჯნაც მომეძალა და დანაშაული პრესის ვარჯიშით გამოვისყიდე. სხვათა შორის, ენერგია ამაზეც მეყო!

***

მესამე დილა კვლავაც სასწორზე შედგომით დაიწყო: საძულველი ისარი კილონახევრით ნაკლებს აჩვენებდა!!!

უმტკივნეულოდ გახდომას გისურვებთ, თქვენი მერი პოპინსი და დეიდა პოლი

P.S. დიეტის დამთავრების მომდევნო დღეს უკვალოდ გამქარალი კილონახევარი თავის ადგილზე სასწაულებრივად დაბრუნდა (ვითომც, არსად წასულაო) და თავს სრულიად ჯანმრთელად და ბედნიერად გრძნობს!

0 კომენტარი.:

Post a Comment