ონავარი ჯაფარა

Approved by Mary Poppins

ზაფხულის არდადაგები იწყებოდა და მამაჩემმა ჩემი საჭიროზე მეტი თავისუფალი დრო რომ შეეზღუდა და მოზღვავებული ენერგია როგორმე დაეოკებინა, ტყიდან ჩხიკვის ოთხი ბარტყი მომიყვანა. მე და ჩემმა და-ძმამ ფსკერგავარდნილი ძველი გიდელი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სახელდახელოდ ხის ტოტს გამოვაბით და ბარტყები შიგ შევასახლეთ. მეორე დღისთვის კი უკვე „კაპიტალური“ სახლი გავუკეთეთ, მაგრამ ტყის შვილებმა ჩვენი სრა-სასახლე დაიწუნეს და საცხოვრებლად ხეები არჩიეს. ყველაზე საოცარი ის გახლდათ, რომ ერთხელაც არ დაურღვევიათ სამეზობლოს საზღვრები და ჩვენი ეზოდან მეზობლის ხეზე არცერთხელ არ გადაფრენილან, თავიანთ სამფლობელოდ მხოლოდ ჩვენი ბაღი და იქაური ხეები მიაჩნდათ. მიუხედავად დაუზარელი ზრუნვისა და ხანდახან ზედმეტი ყურადღებისა, ძალიან მალე ორი ბარტყი დაგვეღუპა და დაგვრჩა ორი მოუხელთებელი და ოინბაზი ჯაფარა (ასე ეძახიან გურიაში ჩხიკვებს).
გავიდა ხანი, გაიზარდნენ ბარტყები და იცით რა ლამაზები გახდნენ? საკუთარი ხელით ვკვებავდი ტყის მარწყვით, ბალით და მაყვლით, პურით, ყველით და ვინ იცის კიდევ რითი არ ვუმასპინძლდებოდი. ერთი „ჩხის“ დაძახება საკმარისი იყო, რომ ეზოს ნებისმიერი წერტილიდან მოფრენილიყვნენ და ჩემს მიერ მათთვის ჩოგბურთელივით ჩაწოდებული და ცაში გატყორცნილი თითოეული ლუკმა ჰაერში დაეჭირათ და სასწრაფოდ გადაესანსლათ მორიგის მოლოდინში.
ეზოს არეალში ოჯახის წევრების გადაადგილება ჩხიკვების მახვილ თვალს აბა რას გამოეპარებოდა და ვისაც კი დაინახავდნენ, ხიდან ხეზე გადაფრენით უკან ძაღლივით მიყვებოდნენ. ბებიაჩემი გემრიელი სადილის დასამზადებლად უკანა ეზოში ქათამს კლავდა ხოლმე. დაკლულ ქათამს გასაპუტად დიდ ქვაბში დებდა, მოჭრილ თავს კი იქვე თეფშზე ათავსებდა. სანამ ბებია ქათამს სამოსელისაგან ძარცვავდა, თავი სადღაც უკვალოდ ქრებოდა. გაოცებული ბებია დანაკარგს ახლო-მახლო დაეძებდა, ეზოს მეორე ბოლოში კი მსხლის ტოტზე შემომჯდარ ონავარ ჯაფარას „დელიკატესი“ კლანჭებში ჰქონდა მოქცეული და მადიანად კორტნიდა. მე კი ქათმის თავ-ფეხის განსაკუთრებული მოყვარული, ამჯერადაც ხახამშრალი ვრჩებოდი. ჩხიკვების განსაკუთრებული ინტერესის საგანს ასანთის კოლოფები წარმოადგენდა. საკმარისი იყო სულ ერთი წამით დაგეტვებინა უყურადღებოდ, თვალსა და ხელშუა იტაცებდნენ და შედეგად, ყველა ხის ძირი ასანთის ღერებით იყო მოფენილი.
თხილის მწიფობის პერიოდიც დადგა და ორივე ჩხიკვი გაალმასებული შეესია თხილის ბუჩქებს. თხილს გასაოცარი ოსტატობით სათითაოდ იღებდნენ ჩენჩოდან და მიწაზე ყრიდნენ. ბებიაჩემიც ეზოს მოურავივით შემოვლის დროს უკვე გარეჩეულ და შესანახად გამზადებულ თხილს მიწიდან კრეფდა, ხალათის უზარმაზარ ჯიბეებში იყრიდა და შინ მოჰქონდა. თქვენ ის უნდა გენახათ, ჩიტები ყელში თხილს როგორ იგროვებდნენ. თხილის მარაგისგან კისერი ბუშტივით ჰქონდათ გაბერილი და ბოლო ცალი უკვე ნისკარტით ეჭირათ. დამიჯერეთ, ნამდვილად ასე იყო!
სამზადის წინ მსხმოიარე ბებერი თუთის ხე იდგა და ჩხიკვებიც ეზოს დასაზვერად უმეტეს დროს მის ტოტებზე ატარებდნენ. ერთ დღესაც დედაჩემმა სამფეხაზე დიდი ქვაბი შემოდგა და თაფლის სანთლის ხარშვას შეუდგა. სად იყო და სად არა, თუთიდან შურდულივით გამოქანებული ჩხიკვი, პირდაპირ მდუღარე ცვილში ჩავარდა. დედა არ დაიბნა, დიდი ქაფქირი მოიმარჯვა და ცნობისმოყვარეობის მსხვერპლი მიწაზე ამოაგდო. მეც იქ გავჩნდი და სამი დღე და ღამე გვერდიდან არ მოვშორებივარ ჩურჩხელასავით სანთელში ამოგანგლულ ჩიტს. რა არ ვიღონე, როგორ არ ვეცადე, მაგარმ ვერ გადავარჩინე ჩემი ჯაფარა. ერთი ჩხიკვიღა დამრჩა, მაგრამ ისეთი, თავისი ოინბაზობით რამდენიმეს უდრიდა - არ მიჯერებთ? მე ხომ ტყუილები არ მიყვარს!
შესანიშნავად მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის აუტანელი სიცხე ცხოველსაც კი იძულებულს ხდის სიგრილე და ჩრდილი რომ ეძებოს. ჰოდა, ჩვენი ხვატისაგან გათანგული და შეწუხებული ფისოც ხის ჩრდილში გაგრძელდებოდა და ისეთ ღრმა ძილს მიეცემოდა ხოლმე, თითქოს გაღვიძებას შემოდგომის დადგომამდე და აგრილებამდე აღარ აპირებსო. ვინ იცის, სიზმრად რამდენ ჩიტს ან თაგვს მუსრავდა და უმოკლებდა სიცოცხლეს... კატა ღრმად ჩაიძინებდა თუ არა, ჩემი ჯაფარაც წამში მის გვერდით გაჩნდებოდა, თავთან მიეპარებოდა და ყურში ისეთი ხმით ჩაჰკნავლებდა „მიაუს“, რომ დაფეთებული ცხოველი კარგა ხანს ვერ ხვდებოდა ვინ იყო მისი ნეტარი ძილის დამრღვევი (დიახ, დიახ, არ შემშლია, ცელქი ჩიტი ზუსტად კატასავით კნაოდა). გამარჯვებული ჩხიკვი კი ხის ტოტიდან ამაყად დასცქედოდა დაბნეულ და თათმოცარულ ფისოს. ჯაფარა საბრალო კატას მოსვენებას მთელი ზაფხული არ აძლევდა.
შემოდგომაც დადგა, ჩხიკვი უკვე გაიზარდა და მასზე ზრუნვა აღარ მიწევდა, თავის სარჩოს თვითონაც მშვენივრად შოულობდა. მაგრამ ონავარ ფრთოსანს ისე შევეჩვიე, რომ მის გარეშე ვეღარ ვძლებდი და გაკვეთილებზეც კი მას დავსდევდი გონებით. მალე ჯაფარასთან ტყიდან მისმა თანამოძმეებმა მოუხშირეს სტუმრობას. თუმცა ვერა და ვერ აცდუნეს და თან ვერ გაიტყუეს. ჩხიკვი ჩვენი ოჯახის ერთგული რჩებოდა, რაც როგორც ხვდებით, ძალიან მახარებდა.
ერთ დღესაც რაღაც „მნიშვნელოვანი“ საქმით ვიყავი დაკავებული და უცებ, აშკარად გავიგონე ვიღაცამ მეცო-სოპრანოს ხმით ჩემი სახელი როგორ დაიძახა. ალბათ მოგეხსენებათ მთაგორიანი სოფლის უსწორ-მასწორო ეზო და მის ორივე ბოლოზე განლაგებულ ჭიშკრებამდე მანძილის მეტრაჟი. სტუმრის ძახილი როგორც კი შემომესმა, ერთი კი დავიძახე „მობრძანდით-თქო“ და გავქანდი ჯერ დაბლა, ტრასისკენ მდებარე ჭიშკრისკენ და როცა კართან არავინ დამხვდა, აქოშინებული ზედა კარისაკენ გავიქეცი. მაგრამ, ბოდიში, იქაც არავინ აღმოჩნდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ მარათონში ჩემი ჩხიკვიც ღებულობდა მონაწილეობას.  სტუმარი რომ ვერსად ვიპოვე, დავასკვენი რომ მომეჩვენა და ჩემს საქმეს მივუბრუნდი. ჯაფარა კი იქვე ტოტზე შემოხტა და ჩემს უგუნურებას სულ „ჩხიკ, ჩხიკის“ ძახილით დასცინოდა და აქეთ იქით ხტუნავდა. მსგავსი „ცრუ განგაშის“ და ზემოთ-ქვემოთ მარათონის რამდენიმეჯერ გამეორების შემდეგ აღმოვაჩინე პოროვოკაცია საიდან მოდიოდა. მერეც არაერთხელ დაუძახია „აუტანელ“ ჯაფარას ჩემი და ჩემი დების სახელები!
შემოდგომის ბოლოს ჩხიკვი მოულოდნელად გაუჩინარდა. რასაკვირველია ძალიან განვიცადე და სულ ვთვლიდი, რომ „თავისიანებთან გაფრინდა“. მაგრამ გული მიგრძნობდა, რომ ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდებოდა. მართლაც, მთაზე ჩამოთოვა თუ არა, მოფრინდა, ჩამოჯდა ჩემი საყვარელი ბებერი შაქარა მსხლის კენწეროზე და მთელი დღის განმავლობაში „ჩხი, ჩხის“ ძახილით გვესალმებოდა და თან სამუდამოდ გვემშვიდობებოდა. მას მერე აღარ მინახავს...
ასე რომ, თურმე მარტო თუთიყუშს არ ეხერხება ლაპარაკი. ჩემი ჩხიკვის გაწვრთნა რომ მეცადა, ვინ იცის რა ნოვაციას მოვუტანდი საქართველოს, მაგრამ ახლა რაღა დროსია...

მუდამ თქვენი მოსიყვარულე, ვარდისფერი პანტერა

0 კომენტარი.:

Post a Comment