ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო - The Wizarding World of Harry Potter

Approved by Natia Jinjolava

ფლორიდის შტატში კუნძულ ორლანდოზე 2010 წლიდან უნიკალური გასართობი კომპლექსი „ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო“ მოქმედებს. პარკში მისულ „პოტერომანებს“ თავიანთი მაგლური წარმოშობა სულ ავიწყდებათ და თავი ნამდვილი ჯადოქრები ჰგონიათ. ჯოან როულინგის წიგნის თაყვანისმცემლებს ფლორიდაში დათოვლილი სოფელი ჰოგსმიდი და პატარა ჯადოქარი ბიჭი რომ სწავლობდა იმ ცნობილი ციხესიმაგრე ჰოგვარტსის ნამდვილი ასლი ელოდებათ. ოლივანდერის მაღაზიაში (ზუსტად ისე,  როგორც ფილმშია, ოღონდ დიაგონალეას ნაცვლად, სოფელ ჰოგსმიდში) საკუთარი
 ჯადოსნური ჯოხის შერჩევა და შეძენაც შეიძლება. ასევე, შეგიძლიათ შეიაროთ სასტუმრო „სამ ცოცხში“, „ტახის თავსა“ და მაღაზია „ტკბილ სამეფოში“ და სხვა გასაოცარ დუქნებსა თუ  ტრაქტირებში, სადაც გასაოცრად გემრიელი ნაღების ლუდითა და გოგრის წვენით გაგიმასპინძლდებიან. პარკის დამთვალიერებლებზე  აზკაგაბინის ციხის საშინელი მცველები - „დემენტორები“ ნადირობენ. იქვე სახელგანქთული „ჰოგვარტსის ექსპრესი" გელოდებათ, რომელიც ჰოგსმიდის თავზე აღმართული „მაგიისა და ჯადოქრობის სკოლისაკენ“ წაგიყვანთ.
მისი დათვალიერების მსურველები ატრაქციონის ცენტრში ხვდებიან, რომელიც 360°-იან ანუ მრგვალ ეკრანს წარმოადგენს და მასზე დემონსტრირებული ვიდეოფილმი ჰარისან, რონთან და ჰერმიონასთან ერთად ფრენის სრულ ილუზიას იძლევა. ფრენის მერე მიწისქვეშა გვირაბით მანდრაგორებიანი ქოთნებით სავსე სათბურში ხვდებით. საიდანაც ჰოგვარტსის კორიდორის გავლით მოლაპარაკე და ერთმანეთთან ჩარჩოდან ჩარჩოში სტუმრად მოსიარულე პორტრეტებიან გალერეაში აღმოჩნდებით. შემდეგ თავის კაბინეტში თავად პროფესორი
დამბლდორი მოგესალმებათ. დირექტორთან ვირტუალური შეხვედრიდან გამოსულები „ბნელი ძალებისგან დაცვის“ კლასს, გრიფინდორის საერთო დარბაზს მოინახულებთ. სასახლის დათვალიერების შემდეგ კი ჰარის ცოცხით ფრენა გელოდებათ. პარალელურად ჩხრიალა ტირიფთან შეხვედრა, დრაკონისგან გაქცევა და კვიდიჩის მატჩში მონაწილეობა და მფრინავი ბურთების დაჭერაც მოგიწევთ! ექსკურსია 1 საათი გრძელდება, მაგრამ ექსკურსის გარდა პარკში 2 საკმაოდ ექსტრემალური ატრაქციონი („ამერიკული მთები“) -  „ფრენა ჰიპოგრიფით“ და „შერკინება დრაკონებთან“ გელოდებათ.  იქვე, უამრავი მაგიური სუვენირებით გადაჭედილი „ჯადოსნური“ მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი მაგლი შეძლებს სულ ცოტა ხნით მაინც იგრძნოს თავი ჰარი პოტერის კლასელად თუ არა მის გარე ბიძაშვილად მაინც.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მისის პოტსი

P.S. ვისაც სახლში ჩემი შვილისნაირი პოტერმანი გყავთ, დაბადების დღისთვის ჰარის ტორტი შეგიძლიათ უყიდოთ.  პეკინზე მდებარე კაფე „მადაში“ ტორტის მოსართავი პოტერის ფიგურები იყიდება.

1 კომენტარი.:

  1. სალომე ქუფარაშვილი

    dzalian kargi postia kargad vixalise:))))))))))

Post a Comment