არტგენი 2011

Approved by Natia Jinjolava

„არტგენი“ თბილისური ფესტივალების იმ გამონაკლისთა რიცხვში შედის, რომელსაც ყოველ წელს მოუთმენლად ველოდები და სიამოვნებითა მივდივარ. არა, არ მოგატყუებთ, რომ ხალხური მუსიკის თავგადაკლული მცოდნე ან დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ წელიწადში ერთხელ ხარისხიანად შესრულებული ქართული სიმღერა ძალიან, ძალიან მიყვარს. წელსაც, ჩემთვის ყველაზე მეტად მისაღები პროგრამიანი (გავიგე, სვანები მღერიანო) დღე შევარჩიე და კუს ტბის ბილიკს დიდი ენთუზიაზმით ავუყევი.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ცოტა ხალხი იყო - მე კი ფრიად მეამა სასიამოვნო სიხალვათე, მაგრამ თავად ფესტვილასითვის და ზოგადად ქართული საზოგადოებისთვის მთლად კარგი ფაქტი არ უნდა იყოს.  და ვინც იყო, იმათგან ალბათ სულ ათი პროცენიტი გახლდათ ფოლკლორის სიყვარულით ამოუსლი. რატომ მგონია ასე? იმიტომ რომ ამფითეატრში რამდენი ადგილი არ გამოვიცვალე, ირგვლივ მჯდომებს მთელი საღამოს მანძილზე ენა არ გაუჩერებიათ, ბოლო ხმაზე ყაყანებდნენ და რაზეც გინდათ დაგენიძლავებით, რომ ერთ სიმღერასაც ვერ გაიხსენებენ რას უსმენდნენ. პუბლიკის უდიდესი ნაწილი „მოდერნ თოქინგის“ კონცერტს უფრო დაამშვენებდა, ვიდრე ხალხური მუსიკის ფესტივალს. სიმღერას დამსწრეთა ნახევარი მაინც თუ იცნობდა, (მაგალითად „ჩაკრულო“ და „ართი კოჩი“ - სხვა საბედნიეროდ, ვერაფერი ამოიცნეს), მეორე ნახევარი მაშინათვე აყვებოდა, გოიმი არ გამოვჩნდეო და პირველივე ნოტებზე ისეთი ტაში და ღრიანცელი ტყდებოდა - შემსრულებლებს პირის გაღებას არ აცლიდნენ. ხოლო სადაც რიტმული ტაშის აყოლება იყო საჭირო, ხელების ტყაპუნის წარმოუდგენელი დოდეკაფონიისგან ყურები მიჭკნებოდა.
კონცერტი უსინათლოთა საზოგადოების ქალთა და ვაჟთა გუნდებმა გახსნეს და რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულეს. საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გურულმა კრიმანჭულმა გამოიწვია, მაგრამ ისეთი კარგიც ვერ აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან ლაზღანდარობისთვის მოეწყვიტა და განსაკუთრებულად „ბრძნული“ და ღრმაშინაარსიანი მასლაათი ორი წუთით მაინც შეეწყვიტათ. დამიჯერეთ, მაყურებლის გნიასი, ხშირად ფარავდა მიკროფონების ხმას. არადა, ორგანიზატორებმა აშკარად იშრომეს და ხმის და დინამიკების პრობლემა ნამდვილად არ იყო. სხვათა შორის, კონცერტიდან რომ გამოვედი, აღმოვაჩინე, რომ სცენის უკანა მხარეს (სადაც ტრიბუნები არ იყო და ხალხი არ იჯდა), არავინ ყაყანებდა და ბევრად კარგი მოსასმენი იყო. ანუ, ის ხალხი, ვინც სცენას არ გაეკარა და მუზეუმის ტერიტორიაზე გაბმულ ჰამაკებში ნებივრობდა, ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა.  
სანამ მესტიიდან ჩამოსული არაჩვეულებრივი ანსამბლი (სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს, უფრო სწორად ვერ გავიგონე), თავის პროგრამას შესანიშნავად ასრულებდა, უკან მჯდომი ახალგაზრდებისგან შევიტყვე, რომ სვანები ველურები არიან და სცენაზე ინდიელების ცეკვებს და პირველყოფილ რიტუალებს ასრულებენ - გიჟებივით დაჯლიგინებენ, დახტიან და საერთოდ ვინ არიან კაცმა არ იცის. შემდეგ დმანისელი სვანები გამოვიდნენ და რამდენიმე უნიკალური სიმღერა შეასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ხელმძღვანელმა თავიდანვე გამოაცხადა, სიმღერის ეს ვარიანტები ჩვენი მოპოვებულია და სხვა არავინ ასრულებსო, ჩემს ირგვლივ მსხდომი სხვა ფოლკლორულის ანსამბლების ახალგაზრდა წევრების ყურადღება მაინც ვერ მიიქცია - ლუდის სმით და გოგონების თვალიერებით ისე იყვნენ გატაცებულები, „კვირიას“ და „ო ქრისტეშის“ კიდევ ერთი, თუნდაც უნიკალური ვერსია აბა, ვის რაში აინტერესებდა?
ამასობაში, საქმეში ჩახედული მსმენელისგან, რომელიც სცენაზე მიმდინარეზე მეტად საკუთარი ერუდიციის გამომზეურებით იყო დაკავებული, შევიტყვე, რომ თურმე ორი ტიპის საგალობლები არსებობს - საეკლესიო და საერო (!). საეკლესიო ეკლესიაში სრულდება, საერო კი სახლში და ეკლესიაში „კვირიას“ არავინ გამღერებს... რა საინტერესოა, ეკლესიაში „ჩიტო-გვიროს“ ან „აფრებს“ თუ გამღერებს ვინმე?! რასაკვირველია, კამერული მუსიკის ან რაიმე სხვა მსგავსი კონცერტი თუ არ ტარდება (მოგეხსენებათ მსოფლიო პრაქტიკაში ასეთებიც ხდება).
შემდეგ, ერთი 15 წუთი სცენაზე  რა ხდებოდა აღარ ვიცი - ჩემს წინ მჯდომი უკვე საკმაოდ შეზარხოშებული თინეიჯერები წამოიშალნენ და ბოლო ხმაზე დიდხანს არკვევდნენ რვა ქილა ლუდი ეყიდათ თუ ცხრა. როგორც იქნა, თითებზე იანგარიშეს, შეთანხმდნენ, მიწაზე ნაგავი დატოვეს და  ლუდის კიოსკისაკენ გაეშურნენ.
საბედნიეროდ, ამ შესვენების დროს გამოვიდა ფრანგი ქალების ანსამბლი „სამშაბათი“, რომლებმაც „ელესა“, „მრავალჟამიერი“ და კიდევ რამდენიმე ქართული სიმღერა ძალიან ქართულად შეასრულეს (სასწაული ხმები ქონდათ!)...
დაბნელდა, პუბლიკა კიდევ უფრო აირია, ალკოჰოლის შემცველობამაც იმატა სისხლში, დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა... აშკარად მთვრალ წამყვანს, რომელიც ხელში მომარჯვებული წარმოსახვითი ყანწით გამომსვლელებს რაღაც საიდუმლოებით მოცულ „დიდ გზაზე“ დიდსულოვნად  აცილებდა, ხელი გამოსამშვიდობებლად დავუქნიე და წამოვედი... ფესტივალი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ აშკარად აკლდა ცხელი ხაჭაპურები, კახური ღვინო ლუდის ნაცვლად, ჩურჩხელები... ხის ქვეშ დადგმულ ერთადერთ მაყალს და სანტიმეტრნახევრიანნაჭრიან ცვრიან მწვადს ორიოდე კაცი უსხდა, სამაგიეროდ იქვე გახსნილ
 საზკვების დაწესებულებას, რომელიც კლიენტებს ჰამბურგერს და სენდვიჩებს სთავაზობდა ახალგაზრდობა ესეოდა. შეიძლება ძალიან პრეტეზიული ვარ, მაგრამ მგონია რომ კარგად შესრულებულ ქართულ სიმღერას (და მართლაც ასე იყო), მეტი ხალხი და უფრო ქართული გარემოცვა უნდა. მე კი ვისიამოვნე, იმიტომ რომ, არაჩვეულებრივი მუსიკა მოვისმინე და ეთნიკური მუზეუმის ეზოში ხალხიც არ ირეოდა (სამუშაო დღის ბოლოს პარკში რომ უნდა იყოს იმაზე ცოტა ნაკლები ხალხი იყო და არა გადავსებული, როგორც ფესტივალზე!) მაგრამ მეტი მინდა. მემგონი, ძალიან პრეტენზიული არ ვარ, გული თუ მწყდება რომ „ექსპოჯორჯიაზე“ ინდურ გამოფენაზე მეტი რია-რიაა, ვიდრე ქართული ფოლკლორის საღამოზე.
არაჩვეულებრივი საღამო იყო - სუფთა ჰაერი ვისუნთქე, ხალხური სიმღერებით დავტკბი, „არტგენის“ საფირმო მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდების დანახვამაც ძალიან გამახარა და გოგოების თავზე სოკოებივით დაკუფსული ნაირფერი თექის „შლიაპებმაც“ . ვიღაცა ჭკვიანმა მოიფიქრა და ქართველ ქალებში ასე პოპულარულ „აბადოკებზე“ (ენა მომტყდება და დიადემას ვერ ვუწოდებ, ისე კი არ ვიცი ამ ქმილებას ქარულად რა ქვია), ნაჭრის ვარდებისა და ბაფთების ნაცვლად თექის ფერად-ფერადი „შლიაპები“ კეკლუცად მიამაგრა. ულამაზესი რამაა, თუმცა (კრიტიკის გარეშე მაინც ვერ ვძლებ!) 15 სმ-ის დიამეტრის თექა ამ სიცხეში თავზე რომ დავიდო, ალბათ იქვე გავღაფავ სულს - ნივთი აშკარად ზამთრისაა ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. ახლა შევიტყვე, რომ განსაკუთრებულად "გამოსულ" თბილისელებს პრეტენზია გასჩენიათ - ფესტივალს "არტგენი" კი არა, "ართგენი" ჰქვიაო. ჩემო კარგებო, ინგლისურ "T"-ს ქართულ "ტ" შეესაბამება, ქართულს "თ"-ს კი ინგლისური "TH" და საქმე ქართულ ფონეტიკაშია და არა ინგლისურში (ბევრი მედავება ინგლისურად ასე ჟღერსო. კი ბატონი, ინგლისურად კი ჟღერს, მაგრამ ქართულად ჟღერს სხვანაირად. ნეტავ, არტისტსაც ართისტი ხომ არ უნდა ვიწოდოთ?!) . ამიტომ ქართული ართი, ლიბერთი და ქლინთონი  თქვენს მშობლიური ენის უცოდინრობას უსმევს ხასზს და არა გამოსულობას!

0 კომენტარი.:

Post a Comment