მოგზაურობა პირველი: ჰაიდელბერგი, ჰაიდელბერგცემენტი და სტუდენტური კარცერი

Approved by Natia Jinjolava

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში, ბადენ-ვიურტენბერგის მხარეში მდებარე ამ ქალაქის სახელი საქართველოში ბევრმა იცის, თუმცა ზოგიერთს ამის გარდა არაფერი გაუგია. ჩვენში მას სახელი ცემენტმა გაუთქვა - „ჰაიდელბერგცემენტი“ ცნობილი, როგორც ახლა იტყვიან, „ბრენდია“. თბილისის აეროპორტში ჩამოსულ სტუმრებს ჩვენი დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე, ადრე გამოფენილი ფიროსმანის, გუდიაშვილის, ახვლედიანის, კაკაბაძის, ქიქოძის და სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების ტილოების რეპროდუქციების ნაცვლად, ახლა რატომღაც სწორედ ამ ქარხნის უზარმაზარი სარეკლამო აბრა ხვდებათ.
ასეთი კურიოზის მიუხედავად (ან იქნებ სწორედ მის გამო), ამ ქალაქმა ჩემზე სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა. ჰაიდელბერგში რომ მოვხვდი, ცემენტი რატომღაც არ გამხსენებია და მხოლოდ ქალაქის გარეუბანში შემთხვევით მოხვედრილს, ამ ფირმის ოფისის თავზე არსებულმა წარწერამ მომაგონა ჩვენთან ასე „სახელგანთქმული“ სამშენებლო მასალის არსებობა. მომეჩვენა, რომ ეს ორი რამ - ქალაქი და ცემენტი, - ერთმანეთთან შეუსაბამოა, ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია: საერთო სახელის მიუხედავად, ორივე სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობს.
ჰაიდელბერგის ისტორიული ნაწილი საკმაო და წყალუხვი მდინარე ნეკერის ნაპირებზეა გაშენებული და, როგორც ევროპის შუასაუკუნეების ქალაქებს სჩვევიათ, ზუსტად ისეთია: მთაზე ციხე-სიმაგრით და ქალაქის მმართველების სასახლით, სადაც ახლა მუზეუმებია განლაგებულია (მათ შორის, ერთი უაღრესად საინტერესო, ფარმაციის მუზეუმი); სარდაფში უზარმაზარი ღვინის კასრით, რომელშიც 28000 ლიტრი ღვინო ჩადის (ეს ინფორმაცია ღვინის მოყვარულთათვისაა, მაგრამ რატომღაც მეც დამამახსოვრდა); სასახლის გარშემო უზარმაზარი პარკით, შადრევნით, ციხე-სიმაგრის კოშკურების ნანგრევებით, აბჯრიანი რაინდის ფეხის ანაბეჭდით (იმდროინდელ რაინდებს ფეხი ერთი ციცქნა, სულ რაღაც 33-34 ზომის ჰქონდათ); ქალაქის მთავარი მოედნით, მოედანზე რატუშით და ეკლესიით, ძველი გალავნის ნანგრევებით, მდინარეზე საბაჟო კოშკითა და ქვის ხიდით; უამრავი პატარ-პატარა, ორ-სამსართულიანი და ფერადდარაბებიანი სახლებით - ერთი სიტყვით, ყველაფერი ისეა, როგორც ყველგან ევროპაში.
მაგრამ ამ ქალაქს ერთი თავისებურება აქვს, რაც მას განსაკუთრებულ ხიბლსა და სიცოცხლეს მატებს: ჰაიდელბერგი სტუდენტური ქალაქია. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი უნივერსიტეტი სწორედ აქაურ ქუჩებში შეყუჟულა. ძველიცაა და სახელგანთქმულიც, თუმცა პირადად ჩემზე მისი ისტორიიდან განსაკუთრებულად ორმა ფაქტმა იმოქმედა: პირველი (ისტორიის გაცნობის ჩემებური თანმიმდევრობის მიხედვით) - უნივერსიტეტის კარცერია. დიახ, კარცერი, ვიწრო ორსართულიანი შენობა, სადაც ურჩ სტუდენტებს ამწყვდევდნენ. ახლა აქ მუზეუმია და უდისციპლინო, ან, როგორც ჩვენთან ამბობენ, „ოროსან“ სტუდენტებს აღარავინ „ატუსაღებს“ (ისე, ცნობისათვის: გერმანიაში აკადემიური მოსწრების შეფასების შკალა ჩვენთან მიღებულის სარკისებრი ანარეკლია: საუკეთესო ნიშანი „ერთიანია“, რაც ერთეულების ხვედრიცაა. ასე რომ, „ორიანი“ საკმაოდ კარგ ნიშნად ითვლება და ჩვენს ენაზე სადღაც „ოთხიანსა“ და „ხუთიანს“ შორის იმყოფება).
მოკლედ, ყოფილი საპატიმროთი აღრფთოვანებული დავრჩი. გერმანიაში მოგზაურობის განმავლობაში აქაურობა ერთადერთი ადგილი იყო, სადაც რაღაც „მშობლიური“ ვიცანი, რაღაც თავისუფალი (კარცერში!), მხიარული, იუმორიანი, ახალგაზრდული, დაუმორჩილებელი და ლაღი... ვეცდები ავხსნა: ეს კარცერი რამდენიმე ერთმანეთისგან განცალკევებულ ოთახს წარმოადგენს, რომლებსაც საერთო დერეფნისგან კარის მაგივრად, გისოსები ჰყოფს. დერეფნის ბოლოს კიდევ ერთი, უკვე საერთო, ასევე გისოსიანი კარია. ოთახები (საკნები) ერთ, ორ და სამკაციანია. თითოეულ ასეთ საკანს იმდროინდელმა  ენაკვიმატმა სტუდენტებმა სახელი შეურჩიეს. განსაკუთრებით ეს სახელი მომეწონა - „სამეფო ტახტი“ - აი, ასე ჰქვია ერთკაციან საკანს, რომელიც - მიხვდებოდით, - საპირფარეშოა, ოღონდ ისიც გისოსაკრული კარით.
კარცერის შენობა შიგნით ყველგან (ჭერზეც კი!) მოხატულია. თავისუფალ ადგილს ვერსად ნახავთ, ყველგან წარწერებია. რაღაცით ჩვენს ისტორიულ ძეგლებზე სხვადასხვა ჯურისა და გონებრივი დიაპაზონის მქონე ადამიანების დატოვებულ ავტოგრაფებს მოგაგონებთ. აქ  მოხვედრილი სტუდენტები „კედლის მხატვრობით“ ერთობოდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნახატებს და წარწერებს ერთმანეთისგან წლები და ზოგჯერ საუკუნეები აშორებთ, ისინი ძალიან ჰგავს ერთმანეთს: როგორც წესი, სტუდენტები საკუთარ პორტრეტებს (მეტწილად, პროფილში - ეტყობა, ეს უფრო ეადვილებოდათ), სახელ-გვარებს, კარცერში მოხვედრის თარიღებს, სხვადასხვა ციტატებს და საკუთარ თუ სხვის ლექსებს წერდნენ.
კარცერში მოხვედრის მიზეზებიც განსახვავებული ყოფილა, მაგალითად: „ღამით ერთ-ერთი მოსახლის ეზოდან ქალაქის ქუჩებში ღორების გამოშვება“. თუმცა მთავარი და ყველაზე ხშირი მიზეზი ყველა ეპოქაში ერთნაირია: დალევა და შეზარხოშებულზე, სხვადასხვა უწესო (ჩემი გადასახედიდან ზოგჯერ სრულიად უწყინარი) ქცევა ან ცუდად სწავლა.
წარმოიდგინეთ, ჩვენთან სტუდენტებს საპყრობილეში ამ უკანასკნელის გამო რომ ათავსებდნენ, გარეთ რამდენი სტუდენტი ივლიდა თავისუფლად? კარცერის პირობებიც საკმაოდ საინტერესო მომეჩვენა: პირველ დღეს „პატიმარს“ არ აჭმევდნენ (წყალი - კი ბატონო, რამდენიც გინდა! აი, საჭმელზე კი, უკაცრავად), მეორე დღიდან კი იმ საჭმელს აძლევდნენ, რასაც ახლობლები მიუტანდნენ. გამოსავალი გამოიძებნა - ახლობლებს სასმელიც ხშირად მოჰქონდათ. გისოსებიანი კარი, რომელიც ოთახებს დერეფნის ჰყოფს, მხოლოდ ღამ-ღამობით (ისიც, ყოველთვის არა) იკეტებოდა. ზედამხედველები გარე კარსაც რაზავდნენ და დასაძინებლად სახლებისკენ მიეშურებოდნენ. ადვილი წარმოსადგენია, ამ დროს უმეთვალყურეოდ დარჩენილ კარცერში რა ხდებოდა!
კიდევ ერთი „უცნაურობა“: სტუდენტები  კარცერში მოხვედრას ყველანაირად ცდილობდნენ, რასაც ორი მიზეზი ჰქონდა: 1. შეზღუდული არ იყო სახელმძღვანელოების, წიგნებისა და სასწავლო ლიტერატურის შეტანა, ამიტომ დღისით ზედამხედველების თანდასწრებით აქ სიჩუმე და გულმოდგინე მეცადინობისთვის ზედგამოჭრილი ატმოსფერო სუფევდა; 2. ხშირად თავს სხვადასხვაფაკულტეტელი სტუდენტები იყრიდნენ და ერთმანეთს საკუთარ სპეციალობებში ლექციებს უკითხავდნენ. ასე რომ, აქაურობა ერთგვარი „უნივერსიტეტი უნივერსიტეტში“ იყო.
ამ ყველაფრის ნახვისა და გაგების მერე, ნუთუ არ მოგინდათ იყოთ ახალგაზრდა, სწავლობდეთ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში და რამდენიმე დღით აქაურ კარცერში მოხვდეთ?
ახლა კი მეორე ფაქტი: აქ თავის დროზე უამრავ სახელგანთქმულ ადამიანს უსწავლია და, თუ არ უსწავლია, უცხოვრია მაინც. და არა მხოლოდ გერმანელებს... ამ ადამიანების „კვალს“ ადგილობრივები სათუთად ინახავენ და უფრთხილდებიან. აი, მაგალითად: ციხესიმაგრის პარკში დღესაც დგას გოეთეს სკამი, რომელზე ჩამოჯდომაც ყველა მსურველს შეუძლია. სკამის უკან კი გოეთეს ხეა (პოეტს ამ ხისთვის ლექსიც კი მიუძღვნია).
აქაურობა მე-19 საუკუნის ბოლოსა და 20-ე საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით რუს მწერლებსა და მეცნიერებს შეუყვარდათ: ბოტკინს, მენდელეევს, საშა ჩორნის. ჰაიდელბერგში ტურგენევსაც უცხოვრია და თავის რომანში „მამები და შვილები“ რუსი სტუდენტები არცთუ სახარბიელოდაც შეუმკია: „სტუდენტები... ახალგაზრდა რუსი ფიზიკოსები და ქიმიკოსები, რომლებიც მიამიტ გერმანელ პროფესორებს თავიდან თავისი საღი აზრებით აოცებენ, მერე კი იმავე პროფესორებს საკუთარი უქნარობითა და აბსოლუტური სიზარმაცით ანცვიფრებენ“.
ერთი სიტყვით, ამ ქალაქში იმდენი ისტორიაა, რომ მისი სახელობის ცემენტი ნამდვილად არ გამხსენებია. სამაგიეროდ, თბილისში ჩამოსულს, აეროპორტიდან ქალაქისკენ მიმავალ გზაზე უკვე დავიწყებული რეკლამა რომ დამხვდა, ისე გამიხარდა, თითქოს ძველ ნაცნობს გადავეყარე...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო

1 კომენტარი.:

  1. Anonymous

    გამარჯობათ,
    ძალიან მომეწონა თქვენი სტატია. მე ჰაიდელბერგცემენტის (საქართველო) კომუნიკაციების მენეჯერი ვარ – ნინო სუბელიანი. სურვილი მაქვს დავუკავშირდე ამ სტატიის ავტორს,და გთხოვთ მომწერეთ თქვენი ტელეფონის ნომერი ამ მეილზე nino.subeliani@heidelbergcement.ge

Post a Comment