ალუბლის ვარენიკები

Approved by Natia Jinjolava

ზაფხულის სიცხესთან  ერთად, სამზარეულოში  გაზქურას აქტიურად გავურბივართ (ვისაც გამოგვდის) და მსუბუქ რეცეპტებს ვამჯობინებთ, როგორც შემადგენლობით, ასევე მომზადების მხრივადაც. შემოთავაზებულ კერძს, მაქსიმუმ, 15 წუთი მდუღარეში ხარშვის იქით,  არაფერი სჭირდება, მაგრამ ახლობლებში (და არა მარტო მათი აზრით) „სახლაფორთო სიამოვნებადაა” სულ ტყუილად მიჩნეული. მე თუ მკითხავთ, ვარენიკების „შექმნაში“ არაფერი ძნელი არ არის, უბრალოდ მოხერხებული გასაბრტყელებელი ზედაპირი და საჭირო ატრიბუტები მოიმარჯვეთ - ფართე, მინიმუმ 2.5 ლიტრიანი ქვაბი, ფართე ქაფჩა, საბრტყელებელი (მის ფუნქციას კარგად გარეცხილი ბოთლიც შეითავსებს). საჭირო პროდუქტებია: ფქვილი, ცივი წყალი, მარილი, კვერცხი (მის გარეშედაც მშვენივრად მზადდება) და ზაფხულის  კლასიკური ვარენიკებისთვის გულსართი - ალუბალი.
 ჯამში ჩაყრილ 3 ჭიქა ფქვილს დავუმატოთ ერთი ჭიქა ცივი წყალში არეული კვერცხი (სურვილისამებრ) და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ყველაფერი მოვზილოთ ჯერ კოვზით, შემდეგ ხელით. ზელვის პროცესში, დაამატეთ ფქვილი პორციებად, რამდენსაც შეიზელს, საბოლოოდ ცომი საკმაოდ მკვრივი უნდა იყოს (მთლად ხონკლის ცომის სიმაგრემდე ნუ მიიყვანთ, ალუბალი ხორცი არ არის), რამდენი დასჭირდება ფქვილი მთლიანობაში, ფქვილს გააჩნია, საშუალოდ კი 4 ჭიქა 1 ჭიქა სითხეზე -  საკმარისია. ზელვა მაგიდაზე გააგრძელეთ, უფრო მოსახერხებელია და მკვრივი გუნდა რომ გახდება,  შანსი მოგეცემათ უარყოფითი ემოციებისაგან დაიცალოთ. ცომს ამ სტადიაში  მუჯლუგუნი ესაჭიროება, თანაც არაერთი. უმეტესობამ შეგიძლიათ მაგალითისთვის, ცომის ადგილას უფროსი წარმოიდგინოთ, და მუშტი-კრივი გაუმართოთ. პასუხად, უფროსი­­­­­ (უკაცრავად, ცომი) უფრო დამყოლი  გახდება. გადააფარეთ მას ჩაის ტილო ან ცელოფანი და გულსართის მომზადებით დაკავდით, ამასობაში ცომი „ დაისვენებს“.
მსხვილ „შპანკა“ ალუბალს გამოაცალეთ კურკა, უმჯობესია ეს პროცედურა უხმარი და საგანგებოდ ამისთვის შეძენილი თმის „შპილკის“ რკალით ჩაატაროთ, უფრო სწრაფი, ეფექტური და სამზარეულოს კედლებისთვის ნაკლებად საზიანო მეთოდია, რადგანაც წვენს არ აშხეფებს პერიმეტრზე. ცომის ამ რაოდენობაზე მიახლოვებით 700 გრ ალუბალი დაგჭირდებათ. (ჩვენთან კილოზე ნაკლებს იშვიათად სად იყიდით), „დაკურკეთ“ მთელი კილო, არ ინანებთ, სინდისის ქენჯნასაც არ იგრძნობთ, რომ ერთი-ორჯერ ხელი წაგიცდათ და ალუბალი არ გეყოფათთ. მერე დაკურკულ ხილს შაქარი არ დავაყაროთ, წვენს გაუშშვებს. შაქარს ბოლო მომენტში ვარენიკის თავის მოკვრისას ამატებენ.
დავუბრუნდეთ ცომს. „დასვენებული“ ცომს ჩამოაჭერით პატარა ნაჭერი შესამოწმებლად, მას ჰაერის პატარა ბუშტუკები ან ნასვრეტები უნდა ეტყობოდეს და თითის ოდნავ დაჭერაზე თავის ფორმას უნდა უბრუნდებოდეს. გუნდა ორ ნაწილად გაჭერით და ან პირდაპირ გააბრტყელეთ და ჭიქით გამოჭერით წრეები (როგორც ხინკლისთვის), ანდა  გრძელ „ძელებად“ დაგორგლეთ, დანით მრგვალებად ანუ მედალიონებად  დაჭერით და სათითაოდ გააბრტყელეთ. მე მეორე ვარიანტს ვამჯობინებ, სამუშაოს ზედმეტ მასშტაბურობის თავიდან ასაცილებლად. ცომი არ უნდა იყოს ძალიან თხლად გაბრტყელებული,  ხარშვისას, ალუბლის წვენმა შეიძლება დახეთქოს. მივედით მთავარ მომენტამდე, გულსართის დაბინავებამდე. აქამდე არ მეგონა, რომ ეს ცალკე განსახილვევლი საკითხი იყო, მაგრამ ჩემმა ერთმა მეგობარმა, ვარენიკების პირველად კეთებისას ოჯახის წევრები ფრიად გააოცა „ჩაფუშული“ ნიმუშებით. ვარენიკის შუაგულში რაღაცა იდო, აი, რამდენი იყო - საკითხავია. ნებისმიერი სატენის პროპორცია ჩემთვის ასეთია, ვარენიკის „პირი“ ისე უნდა იხურებოდეს, გეგონებათ ცომი ოდნავ პატარა აქვსო.
ვარენიკების „დახვევის“ წესი ყველას თავისი აქვს, მე ვაკეთებ ასე: ხელისგულის ხელა გაბრტყელებულ ცომს ვიდებ ხელისგულზე და კოვზით ვადებ ამ შემთხვევაში ალუბალს (სადღაც 5-6 ცალი მსხვილი ალუბალი) ვაყრი შაქარს, ½ ჩ.კოვზიდან 1 ჩ კოვზამდე და ვხურავ ანუ ბოლოებს ერთმანეთზე ვაწეპებ ჯერ შუა ნაწილის, შემდეგ კი ერთი ბოლოდან მეორემდე. ამასობაში დაადგით წყლით სავსე ქვაბი, რომელსაც წყლის რაოდენობიდან გამომდინარე ½ სუფრის კოვზიდან 1 სუფრის კოვზამდე მარილი დაუმატეთ, სანამ ერთ პარტია ვარენიკებს მოერევით, წყალიც ადუღდება. ქვაბში ჩადეთ ფართე ქაფჩა და ფრთხილად ჩაუშვით ვარენიკები, კიდევ უფრო ფრთხილად მოუსვით ქვაბის ფსკერს ქაფჩა, რომ ცომი არ მიეკრას ძირზე და ამოიღეთ (ქაფჩა, ვარენიკები არა!), ხარშეთ ვარენიკების ამოთივტივების შემდეგ კიდევ 3 წუთი მაინც, ცომი რომ კარგად მოიხარშოს და ქაფჩითვე ამოიღეთ, ზედმეტი წყალი რომ არ ჰქონდეს. ზემოდან შეგიძლიათ შაქარიც მოაყაროთ, ხილის ვარენიკებს ხილისვე სოუსი უხდება. წამოდუღებულ დატკბილულ ხილს ცოტაოდენ ცივ წყალში გახსნილ სახამებელს უმატებენ და ერთი-ორი წუთი ადუღებენ. სახამებლის გარეშედაც, მხოლოდ წვენიც ძალიან უხდება.
ხილის ვარენიკის ვარიანტებიდან, რომელიც გამისინჯავს, ალუბლიანზე ნაკლები ქლიავის გულსართიანიც არ აღმოჩნდა.
ყველაზე მთავარი - ვარენიკების ჯერ კიდევ მოუხარშავად საყინულეში გაიყინვა და მომავლისთვის შენახვა შეიძლება, რაც თავის თავად ძალიან მოსახერხებელია.

საუკეთესო სურვილებით, თქვენ იუფიმია ენდრიუსი

0 კომენტარი.:

Post a Comment