კენკრა, კენკრა და ისევ კენკრა

Approved by Natia Jinjolava

ჩვენ ბლოგში ზაფხულის დადგომასთან ერთად გემრიელობების რეცეპტცვენა დაიწყო, ხშირად ამ რეცეპტების ძირითადი კომპონენტი ხილია, კერძოდ კი კენკრა. მისი სეზონი (გააჩნია ნაირსახეობას) მაისის შუიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. თუ რა თქმა უნდა საქმე არ გვაქვს დასავლურ სუპერმარკეტთან, სადაც კითხვაზე „როდის შემოდის პირველი მარწყვი ანუ როდის იწყება მისი სეზონი?“ პასუხად  - „დილის 6 საათზე“-ს მიიღებთ.

მარწყვი - ამერიკელი სტუმარია და მისი ისტორია ასეთია: ორი  ველური ჯიშის შეჯვარების შედეგად, რომელთაგანაც ერთი ჩრდილოეთ ამერიკის ვირჯინიის შტატიდან გახლდა და მეორე  - სამხრეთ ამერიკული ჩილედან იყო, ვერსალში გამოიყვანეს ახალი ჯიში ანანასის ანუ ბაღის მარწყვი. რომელიც თანდათანობით მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ის კი, რასაც ჩვენთან მარწყვს უწოდებენ სინამდვილეში ხენდროა -  ოჯახით,  წარმოშობითა და შესახედაობით ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ მიანც სხვადასხვა კენკრაა.
სამი საუკუნის განმავლობაში, მარწყვის საყოველთაო პოპულარულობის კვალდაკვალ მისი მოსავლის კომფორტულად აღებაზეც იფიქრეს და დღეისათვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული მეთოდით (ბახჩაში მიწიდან) შეგროვება, ასევე ნებისმიერ სიმაღლეზე მოთავსებულ ამპელის კალათებში სართულებად დარგული ხილის დაკრეფა.

ისევე როგორც მარწყვის არსებობს ჟოლოს ველური და კულტურული ჯიშებიც. სელექციის შედეგად საკმაოდ ეკლიანი ბუჩქიდან მიიღეს პრაქტიკულად უეკლო და რემონტატული (რამდენიმე  მოსავლიანი) უგემრიელესი და ზომაში ერთი ორად გაზრდილი კენკრა. იგივე შეიძლება ითქვას მაყვალზე. მისი თანამედროვე  ბაღის ვარიანტი აღარ იჩხვლიტება, რაც თავისთავად ძალიან მოსახერხებელია.



მოცხარი - არსებობს წითელი, თეთრი და შავი. წითელი- პექტინის, შავი კი - ვიტამინ ცე-ს მაღალი შემცველობით გამოირჩევა. კლასიკური შავი მოცხარის ნაცვლად საქართველოში უფრო გავრცელებული ე.წ. იაპონური მოცხარია. რომელიც ფერით ძალიან წააგავს „ორიგინალს“,  მაგრამ სპეციფიური წამლის სუნი გააჩნია.


ხურტკმელი - ჩვენში ნაკლებად გავრცელებული ბუჩქნარია, გემრიელი და წვნიანი ნაყოფით. განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს რუსეთსა და ბრიტანეთის სამეფოში. ულამაზესი და უგემრიელესი „ზურმუხტის მურაბა“ მზადდება  ხურტკმელის მკვახე კენკრისგან. თუ სადმე წააწყდებით, აუცილებლად სცადეთ.

მოცვი - მეტად საინტერესო ნაირსახეობა, რომელიც გავრცელებულია ტუნდრაშიც და კავკასიაშიც. მას ბევრი სასარგელო და სამკურნალო თვისებები გააჩნია, კულინარიაშიც ფართოდ გამოიყენება. ძალიან მაწუხებს ერთი კითხვა, რომელზეც პასუხი ვერ ვიპოვე: ნუთუ ევროპული და კავკასიური მოცვი ერთი და იგივე კენკრაა? ისინი, ერთმანეთს,ხომ საერთოდ არ გვანან, არც გარეგნულად და არც გემოთი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

1 კომენტარი.:

  1. Natia Jinjolava

    მე ყველაზე მეტად სრულიად ქართული ფენომენი და დელიკატესი "მალინა-მარწყვი" მიყვარს, რომელიც სინამდვილეში არც მარწყვია და არც ჟოლო და ხენდროს ჯიში "ვერონიკაა" :)))

Post a Comment