სოფლის მკვიდრის თვალით დანახული ქალაქელი ნათესაობა

Approved by Mary Poppins


სოფელში მცხოვრებ ზოგიერთ ნათესავ-ახლობელზე ქალაქელები რა აზრისაც ვართ, გასაგები და ადვილად მისახვედრია, მაგრამ ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, მათ თვალში ჩვენ როგორ გამოვიყურებით?
ეს ამბავიც დიდი ხნის წინ მოხდა (ასე მგონია, კურიოზები მხოლოდ მაშინ, „დიდი ხნის წინ“ ხდებოდა და ახლა ან აღარ ხდება, ან ჩვენ გავიზარდეთ და მეტისმეტად დავსერიოზულდით). ახლადაქორწინებული ჩემი და და სიძე იმერელ ნათესავებთან დაპატიჟეს: ჩემი სიძე ზოგიერთ მათგანს ოდესღაც, ღრმა ბავშვობაში იცნობდა, მაგრამ  მთავარი მიზეზი, რაღა თქმა უნდა, რძლის დანახვა გახლდათ. მანაც დებს გვითხრა, „თქვენც წამოდითო, საპატიო მისიასაც შევასრულებთ და ბარემ იმერეთსაც ვნახავთო“, იმხანად მათთან სტუმრად მყოფ უცხოელ წყვილსაც ხელი მოვკიდეთ და ახლადშეუღლებულების ხილვის მომლოდინე ნათესაობას თავზე ნახევარი დუჟინი სტუმარი დავადექით.
სიძის იქაურ ბებიასთან ვცხოვრობდით. საოცრად თბილი ქალია, თავს გვევლებოდა და, როგორც იტყვიან, „ცივ ნიავს არ გვაკარებდა“. პირველი დღეები იქაურობას დათვალიერებას მოვუნდით და ჩვენი ვიზიტის თავდაპირველი მიზნის შესრულებას (ანუ მოყვრების გაცნობას)  სულ „სახვალიოდ“ ვდებდით. ნათესავებმა გამოსავალი იპოვეს - გადაწყვიტეს,  ერთ-ერთი მათგანის სახლში შეკრებილიყვნენ, ყველანი დავეპატიჟებინეთ და რძალი ასე, ერთი ხელის მოსმით გაეცნოთ. სიძის ბებიამ ძალიან გვთხოვა, „ლამაზად ჩაიცვით და ისე წადითო“, თან შორტებში გამოწყობილ უცხოელ გოგოს ალმაცერად გადახედა (ეს ის პერიოდია, როცა ქართულ სოფლებში შორტიანი კი არა, შარვლიანი ქალის დანახვაც კი ჯერ კიდევ ეხამუშებათ).
დიადი დღე ასე დავგეგმეთ: დილით კინჩხას, გორდს და მათ შემოგარენს დავათვალიერებდით, ექსკურსიის მერე კი პირდაპირ სტუმრად გავემართებოდით. წასვლას მანქანით ვაპირებდით და რადგანაც ჩვენი წარმოდგენით, ფეხით სიარული მაინცდამაინც არ მოგვიწევდა, „ლამაზად გამოვეწყვეთ“ და ასე გამოპრანჭულ-დავარცხნილები გზას გავუდექით, თან მტკიცედ გვჯეროდა, რომ ნათესავებზე შთაბეჭდილებას თუ არ მოვახდენდით, თავსაც არ შევირცხვენდით.

„კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“... პირველი გაუთვალისწინებელი შემთხვევა პირველივე დანიშნულების ადგილას გველოდა. ვინც კინჩხაში ნამყოფია, დამეთანხმება, რომ ულამაზესი ადგილია: რამდენიმე სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერია, წყალვარდნილის  შხეფები მზეზე ცისარტყელებად ირეკლება, ქვემოთ მთის ცივი წყალი თეთრი ფერის და უჩვეულო ფორმის ქვაბულებში გროვდება, აქა-იქ წყლიდან დიდი ქათქათა ლოდებია ამოშვერილი. გვითხრეს, რომ სადღაც დაბლა წყლის წისქვილია და ცხადია, მისი ნახვაც მოვინდომეთ, მაგრამ ამისთვის ჯერ დინების მეორე მხარეს უნდა მოვხვედრილიყავით და გზა ისე გაგვეგრძელებინა. საბედნიეროდ, წყალი ღრმა არ იყო და იმ ქვაბულების „გადალახვაც“ ქვიდან ქვაზე გადასვლით იყო შესაძლებელი. ტანსაცმელი რომ არ დაგვსველებოდა (ჯერ კიდევ გვახსოვს, რომ საღამოს წარმომადგენლობით ვახშამზე მივდივართ!), გადამყვანის როლი სიძემ იკისრა, ჯერ ცოლი ერთი ქვიდან მეორეზე გადაიყვანა, მერე უფროსი ცოლისდა და მერე იმავე ქვაზე უმცროსი (ანუ მე) დამაყენა. გატრიალდა თუ არა, სლიკინა ზედაპირზე ფეხი ამიცდა და წყალში თავით გადავეშვი, გზად უფროსი დაც გადავიყოლე. ჩოჩქოლზე სიძე მოტრიალდა და, სადღაა ორივე ცოლისდა? დამ სხვისი დახმარების გარეშე ამოყვინთა, აი, მე კი ის ეპიზოდი მწარედ მახსენდება - ფილმის კადრივით მახსოვს წყალში მოლივლივე საკუთარი თმა და ხელში ჩაბღუჯული ფეხსაცმელი (სხვათა შორის, როცა სიძემ მიშველა და ამომიყვანა, ფეხსაცმელი ისე მეჭირა, ხელიდან ვერ გამაგდებინეს).
უცხოელი წყვილი, გალუმპულები რომ დაგვინახა, აჭყლოპინდა, იფიქრა, რომ წყალში საკუთარი ნებით ჩავყურყუმელავდით, იქვე მოგვბაძა და დილით დაუთოებული დედისერთა „წესიერი“ ტანსაცმელიც ამ ჩაჭყუმპალავებას შეეწირა. შედეგად, ერთადერთი მშრალი და კოხტა (ჯერ კიდევ) სანახავი შუათანა და (ანუ „რძალი“ - მოდით, ასე დავარქმევ) დარჩა. აი, უფროს დას კი მაისური, დასველებასთან ერთად, სრულიად გამჭვირვალეც გაუხდა. ჩემა სიძემ დაასკვნა, რომ „სოფელში ასე გამოჩენა არ ივარგებს“ და თავისი, „კინჩხის ინციდენტამდე“  ქათქათა და აწ დასველებული პერანგი შესთავაზა, თვითონ ცოლისდის რამდენიმე ზომით პატარა მაისური ჩაიცვა, „ტანზე შემაშრება და მერე ისევ გავცვლითო“.
მეორე ფათერაკი უკვე „რძალს“ ელოდა. წყლის წისქვილი მოვინახულეთ, ჩანჩქერებიც უკან მოვიტოვეთ და გორდისკენ გავემართეთ. იქაური ღირშესანიშნაობების დათვალიერებამდე ისევ ბუნებაში ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ. თავი დავადეთ და მივდივართ. ამ სიარულში რაღაც მინდორში გავედით, რომელსაც - რატომ, არავინ იცის - საკმაოდ მაღალი წნული ღობე კვეთდა. რიგრიგობით გადავძვერით, მშვიდობით გადამძვრალებმა ლაპარაკ-ლაპარაკით გზა გავაგრძელეთ. უცებ აღმოვაჩინეთ, რომ „რძალი“ არსად ჩანს, უკან მოვიხედეთ და რას ვხედავთ: აძრომით კი აძვრა, მაგრამ ვიწრო კაბით რაღაცას წამოედო და ზის ასე შუა ღობეზე, თან ბურტყუნ-ბურტყუნით კაბის აძრობას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. ჩამოვხსენით, მაგრამ „სამაშველო ოპერაციას“ კაბა შეეწირა, რომელიც უკან  კარგა გვარიანად გაიხა.
ესეც არაფერი, ამ სიარულ-სიარულში ჩემს სიძეს მარჯვენა ფეხსაცმელს (რომელიც ტყე-ღრეში ექსკურსიებისთვის გათვალისწინებული ნამდვილად არ იყო) ლანჩა ასძვრა. დადიანების სასახლე ვის ახსოვდა, ორი საათი გორდის უნივერმაღ-უნივერსამებში გავატარეთ, ნებისმიერ ფეხსაცმელზე, კედზე, ბოტასზე ვიყავით თანახმა, მაგრამ სულ ტყუილად! იმედგადაწურულმა სიძემ მრავალტანჯულ ფეხსაცმელს ზონარი მოაძრო და „დაღებული პირი“ შეუკრა.
ამასობაში სტუმრობის დათქმული დროც მოვიდა. რას ვიზამდით, უნდა მივსულიყავით. თან ბებიასთან ტანსაცმლის გამოსაცვლელად მისვლას რა აზრი ჰქონდა, როცა თავად ბებიაც მასპინძლების ოჯახში გველოდა, ჩვენ კი, რაღა თქმა უნდა, სახლის გასაღები არ გვქონდა (აბა, რას წარმოვიდგენდით, რომ ასეთი რამ გადაგვხდებოდა?!). რა გაეწყობოდა - პირდაპირ ნათესავს (უკაცრავად, ნათესავთა კრებას) მივაშურეთ. აქ ერთი დელიკატური დეტალიც უნდა ვთქვა - მთელი დღის სიარულისა და თავგადასავლების შემდეგ, ყველა ჩვენგანს ერთი სული ჰქონდა, როდის მიაღწევდა... არა, ბატონო, ხაჭაპურამდე და წიწილამდე კი არა, საპირფარეშომდე! ამიტომაც, მასპინძელმა კარი გაგვიღო თუ არა, ჯერ ჩვენს დანახვაზე ღიმილი შეეყინა (ნამეტანი კარგად გამოვიყურებოდით!), მერე კი კითხვაზე „საპირფარეშო სად გაქვთო?“, რომელიც ჩემმა სიძემ „გამარჯობის“ ნაცვლად მიახალა, წინასწარ მომზადებული მისასალმებელი სიტყვა პირზე შეაშრა (ზრდილობას ვინ ჩიოდა, „ჩეჩმის“ ადგილმდებარეობა უფრო მნიშვნელოვანი იყო!). ალბათ წარმოგიდგენიათ, როცა ნანატრი სტუმრები, როგორც იქნა, სახლში შევლაგდით, ახლადშეძენილი მოყვრები რა სახეებით გვათვალიერებდნენ. მახსოვს, ვიღაცამ ჩუმად ჩაილაპარაკა: „რავა ციგნებს ჰგვანებიან“...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment