საგაზაფხულო მარტივი და გემრიელი დიეტა

Approved by Mary Poppins

ესეც ასე, საგაზაფხულო დღესასწაულებმაც ჩაიარა. ნელ-ნელა დათბა და ტანსაცმლის შემოძარცვისა და საკუთარი სხეულის გამომზეურების დროც მოვიდა.
დიდხანს ნანატრი მზის გამონათებასა და სეზონური ბოსტნეულის გამოჩენასთან ერთად,  ერთი შესანიშნავი აზრი დაგვებადა. მოვინდომეთ, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობით დავკავდეთ და ყველა ქალისთვის აქტუალური (და ხშირად მტკივნეული) პრობლემის ანატომია შევისწავლოთ. დიახ, დიახ, გადავწყვიტეთ ერთი სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩავატაროთ, თავი საკუთარი და სხვისი ინტერესების სამსხვერპლოზე დავდოთ და სხვადასხვა დიეტების მოქმედება და ეფექტი საკუთარი წელისა და თეძოს გარშემოწერილობაზე გამოვცადოთ. ბევრი ვიმსჯელეთ, ვიქექეთ, მივიკითხ-მოვიკითხეთ, ამ საკითხში გამოწრთვნილი და გამოცდილი ექსპერტების აზრი მოვისმინეთ, მოვიძიეთ ნაირ-ნაირი დიეტები, მათი ნაწილი სასწრაფოდ უარვყვავით, ნაწილიც მოვიწონეთ და იმ საერთო აზრამდეც კი მივედით, რომ სავალდებულო არ არის ყველა დიეტური საკვები მაინცდამაინც უგემური იყოს. მოკლედ, გადავწყვიტეთ, მოძიებულ-შერჩეულ-მოწონებული დიეტები პირადად გამოვცადოთ და ჩვენი შთაბეჭდილებები დაწვრილებით მოგახსენოთ.
ბლოგერავტორთა ერთმა მეორედმა ექსპერიმენტში მონაწილეობაზე ცივი უარი გვტკიცა და ჩვენი იდეისა და, როგორც აგდებულად უწოდა, „რაღაც ბალახ-ბულახეულის“ ამარა მიგვატოვა. დარჩენილებმა კი (ანუ მერი პოპინსმა და დეიდა პოლიმ), ჩავთვალეთ, რომ გრძელი ზამთრის განმავლობაში მონატრებული ხრაშუნა სალათის ფოთლები, წყლიანი კიტრი, უკვე სურნელშეძენილი პომიდორი, პლიუს ყველი, გახდომის მოსურნე ადამიანისთვის (და არა მხოლოდ) იდეალური რაციონი იქნება. დიეტისთვის კიდევ უფრო ჯანსაღი და გემრიელი ელფერი რომ შეგვეძინა, დავსხედით და საგანგებო მენიუც შევადგინეთ:
საუზმე: ჰერკულესის ფაფა (ოდენობა თქვენს ნება-სურვილსა და მადაზეა დამოკიდებული, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, კარაქისა და შაქრის გარეშე. თუ მაინცდამაინც ტკბილი გინდათ, შეგიძლიათ ცოტა ნატურალური თაფლი დაამატოთ, ან სულაც უკვე ქიშმიშით და ჩირით შეზავებული „მიუსლი“ მიირთვათ).
სამხარი: ერთი ჭიქა უშაქრო ყავა და ორი ნატეხი შავი შოკოლადი (ნატეხიცაა და ნატეხიც - მთლად ორმოცდაათგრამიანს ნუ ეძგერებით!).
სადილი: სალათა (სალათის ფოთლები, ორი პომიდორი, ერთი საშუალო ზომის კიტრი, კამა, მარილი და ძმარი გემოვნებით. ზეთს ერიდეთ!), ერთი ნაჭერი ნაკლებად ცხიმიანი და ნაკლებად მარილიანი ყველი (თუ ყველი მაინცდამაინც მლაშე გიყვართ, სალათს მარილს ნუღარ დაუმატებთ!).
ვახშამი: ერთი ჭიქა მაწონი, კეფირი ან ნატურალური წვენი (შეგიძლიათ ვახშამი საერთოდ გმირულად ამოაგდოთ!).
შენიშვნა: ეცადეთ, საკვები ყოველდღე ერთი და იგივე დროს მიიღოთ.
სამ დღეში 1-1,5კგ-ს დაკლება გარანტირებულია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სამი დღისთვის ასეთი შედეგი არცთუ ისე ურიგოა, მით უმეტეს, რომ ზაფხულის პერიოდში ასეთი კვების რეჟიმი (პომიდორი და ყველი) საკმაოდ სასიამოვნო, სასარგებლო და ადვილად შესასრულებელია.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი და დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment