ხბოს ხორცის ჩაქაფული

Approved by Natia Jinjolava

დღეს ბლოგკოლეგიის მორიგი სხდომა გვქონდა. შევიკრიბეთ ბლოგერავტორები და შევუდექით შრომას: რა, როდის და როგორ დავწეროთ, კბილი ვის გამოვკრათ, ვინ შევაქოთ და ვინ შევახრამუნოთ. სანამ მომავლის გეგმებს ვსახავდით და ჩვენი ბლოგის მომავალი მსხვერპლებით პირის ჩასაკოკლოზინებლად ვემზადებოდით, ჩვენი ბლოგის მთავარმა მუზამ, მთავარმა გმირმა - „ზარმაცამ“, საკუთარ სახელსა და ზნე-ჩვეულებას უღალატა (ეტყობა, ჩვენს ყაყანს ვეღარ გაუძლო), სიურპრიზი მოგვიმზადა: სამზარეულოში განმარტოვდა (ანუ უცერემონიოდ გამოგვყარა) და უგემრიელესი ხბოს ხორცის ჩაქაფულით გაგვიმასპინძლდა.
აქ ერთი რამეც უნდა შეგახსენოთ - ამ ბლოგის შექმნა პრაქტიკულად „ზარმაცას“ დამსახურებაა. კაცებზე და მათ უზნეობაზე წერა, მერი პოპინსს (ჩვენს მერიკოს) თავის დროზე სწორედ მის დასაშანტაჟებლად მოუვიდა თავში: „ცუდად თუ მოიქცევი, შენს ამბავს საქვეყნოდ გამოვაჭენებო“. რას ვიზამთ, მუქარა ვერ შევასრულეთ - კეთილი ადამიანები ვართ, ზოგად ბოროტებაზე ვწერთ და კონკრეტულ პიროვნებებს არ ვეხებით. მოკლედ, ბლოგში ბედნიერი დღე გაგვითენდა, მამაკაცის ხელით დამზადებული სადილი ვჭამეთ და თან „იფ, იფ, იფ, რა გემრიელია“-ს ძახილით ავტორს ერთსულოვნად ვაქებდით და ვადიდებდით (იმ იმედით, რომ ეს გმირობა ოდესმე გაიმეოროს). მართალია, მზარეული შიგადაშიგ ლამაზი ეპითეტებით გვამკობდა (მაგალითად, ჩვენს საქმიან თავყრილობას „პინგვინების ბაზარი“ უწოდა), მაგრამ ჩვენ მაინც შევირგეთ და „ბის“, „რეპეტე“ და „автора на сцену“-ც მოვითხოვეთ.

ჩაქაფული ხბოს ხორცით

ინგრედიენტები: 1,5 კგ ხბოს ნეკნები, 6 კონა ტარხუნა, 6 კონა მწვანე ხახვი, 6 კონა ქინძი, 1 ჭ რბილკურკიანი ტყემალი, 1,5 ჭ თეთრი მშრალი ღვინო, მარილი გემოვნებით.

ხორცი გავწმინდოთ აპკისგან და თითო-თითო ნეკნად დავჭრათ. დავჭრათ მწვანილი და ერთმანეთში ავურიოთ. ავიღოთ ქვაბი და ფენა-ფენა ჩავალაგოთ ჯერ მწვანილი, მერე ხორცი, მერე მოვაყაროთ 5-6 ცალი ტყემალი და მოვაყაროთ მარილი. მერე ისევ მწვანილი, ხორცი, ტყემალი, მარილი და ასე, ქვაბის გავსებამდე (ბოლო ფენა მწვანილის უნდა იყოს). დავასხათ ღვინო (წყლის დამატება არ უნდა!), თავდახურული ქვაბი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. მორევა არ შეიძლება!!!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment