ხელოვნური სილამაზის კულისები

Approved by Mary Poppins

ამას წინათ დიდხანს და ვრცლად  ვისაუბრეთ (უკაცრავად, მე ვლაპარაკობდი, თქვენ კი, იმედია, კითხულობდით) იმ ხერხებსა  და მეთოდებზე, რომლებსაც მიმართავდნენ ჩვენი წინამორბედები  თავ-ტან-ფეხის დასამშვენებლად და გასალამაზებლად. ახლა მინდა თქვენი ყურადღება თანამედროვე ქალის არსენალში არსებულ საშუალებებზე მივაპყრო (რა თქმა უნდა, მოკრძალებული იმედით, რომ წაიკითხავთ).
არ იფიქროთ, რომ მე თავის მოვლის ან გარეგნობაში კორექტივების შეტანის წინააღმდეგი ვიყო, სულაც არა! მეტიც, ვთვლი, რომ  ჩვენი სხეულის ბატონ-პატრონები ჩვენ ვართ და საკუთარი ტყავის ჭრა-კერვაც ჩვენივე ხელშია. მაგრამ ერთი რამ:  შეიძლება ახალგაზრდობაც (დროებით) დავიბრუნოთ და სიბერეც შევაჩეროთ, აი, სილამაზის დევნა-ძიებაში დაზიანებულ და მიკარგულ  ჯანმრთელობას კი ვერაფერი შეგვიცვლის. ყველამ ვიცით, რომ კოსმეტოლოგია და მედიცინა ელვისებურად ვითარდება და შესაძლოა, სილამაზის „გამახანგრძლივებელი“ ხერხები ოდესღაც სრულიად უვნებელი გახდეს, მაგრამ დღევანდელებს თითო-ოროლა ნაკლი ნამდვილად მოეძებნება.
დავიწყოთ ყველაზე უწყინარი პროცედურით - თმის დაგრძელებით, რომელიც  გარეგნულად ძალიან ეფექტურია, თუმცა უარყოფითი მხარეებიც არ აკლია: 2-3 თვეში ნელ-ნელა შესამჩნევი ხდება საკუთარი და დონორის თმის შეერთების ადგილი, რის მერეც აუცილებელი თუ არა, ძალიან სასურველია პროცედურის გამეორება (თანაც არაერთხელ), რაც საგრძნობ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეგ არაფერი, დონორის დალალ-კავები საკუთარს იმდენად ამძიმებს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს თმის კვების გაუარესება, შედეგად კი...ალაგ-ალაგ გაქაჩლება.
დამეთანხმებით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უდავოდ ლამაზი, ესთეტური და საჭირო ნივთია, რომელიც ყველა თავმომწონე ქალის კარადაში აუცილებლად უნდა იყოს - მართალია, მთლად ნალივით გაღუნულ კიდურებს ვერაფერს უშველის, მაგრამ არცთუ მოხდენილ ფეხს ნამდვილად გააკეთილშობილებს. ქუსლების მავნებლობაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ, როგორც წესი, არასდროს ფიქრობენ. არადა, მოკლედ რომ ვთქვათ: სიმძიმის ცენტრის გადაადგილება ტერფის, კუნთის და მყესის დეფორმაციას და ამის შედეგად, ხერხემლის გამრუდებასა და ართრიტს იწვევს. ქალების უმრავლესობა იტყვის: „არა უშავს, სანამ ეს დეფექტები გარეგნულად არ ჩანს“, და ტკივილსაც კბილების ღჭრიალით, მაგრამ გმირულად აიტანს. კაპილარებით დაქსელილ ფეხებზე რას იტყვით? სისხლძარღვების ვარსკვლავისებურ სკდომასაც თქვენი საყვარელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იწვევს.  ეს ყველაფერი ერთად აღებული, თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს ტვინისთვის სისხლის მიწოდებაზე და დროთა განმავლობაში შაკიკს და მეხსიერების დაქვეითებას იწვევს.
ფეხებზე გამახსენდა, ასეთი პროცედურაც არსებობს - „ფეხების დაგრძელება“, რომელიც მთელ რიგ საკმაოდ მძიმე ოპერაციებს გულისხმობს: მარტივად რომ ვთქვათ, ძვლების დამსხვრევასა და მათ ხელახლა შეერთებას ლითონის ღეროების საშუალებით. შედეგად, ფეხი 10სმ-მდეც კი გრძელდება, სამაგიეროდ, ნაოპერაციები ლამაზმანი ჯერ რამდენიმე თვის მანძილზე იარებს იშუშებს და ძვლებს იხორცებს, მერე კი თავიდან სწავლობს სიარულს.
ახლა პოპულარულ ტერმინებს შეგახსენებთ:  „ანორექსია“ - ეს სიტყვა ბოლო დროს იმდენად ხშირად ისმის, რომ მისი მნიშვნელობა ალბათ ყველამ ვიცით. აი, ტერმინი „ტანორექსია“ ნაკლებად ცნობილია, არადა, ამ სენით „დაავადებულთა“ რიცხვი საკმაოდ ბევრია - ის ხომ მზის სხივებისა და, ასეთების ნაკლებობის შემთხვევაში, სოლარიუმების გადაჭარბებულ სიყვარულს ნიშნავს. უდავოა, რომ გარუჯული კანი შესახედად და ხელშესავლებადაც უფრო სასიამოვნოა და მზის სხივები გარკვეული დოზის კანის საფარისთვის სასარგებლოა, მაგრამ მზის სხივებით ზღვარსგასული გატაცება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, ხანდახან კი  ლეტალურ  შედეგსაც იწვევს. ბევრ ქვეყანაში სოლარიუმით სარგებლობა 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის მშობლების ნებართვის გარეშე შეუძლებელი ან სულაც აკრძალულია.
ახლა რამდენიმე სიტყვა გარეგნობის შენარჩუნების რადიკალურ ხერხებზე: ესთეტიკურ ქირურგიაზე, რომლის ისტორია ძველ ეგვიპტეში იწყება, სადაც ქირურგიულ ოპერაციებს ე.წ. „კურდღლის ტუჩის“ მოსაშორებლად მიმართავდნენ. ჩვ.წ.აღ-მდე 6 საუკუნით ადრე ძველ ინდოეთში ტყვეებს მოჭრილი ცხვირის აღმდგენ ოპერაციებს უკეთებდნენ (შუბლის არედან აღებული კანის მეშვეობით). უნდა ითქვას, რომ ასეთ ქირურგიის გაჩენა ქალების სილამაზისკენ ლტოლვამ კი არა, გაუთავებელმა ომიანობამ გამოიწვია, ხოლო მისი განვითარება მე-20 საუკუნეში საანესთეზიო საშუალებების გაუმჯობესების შედეგია. დღეს პლასტიკური ქირურგია მედიცინის ყველაზე პოპულარული სფეროა და სტატისტიკის მიხედვით, მის სხვადასხვა პროცედურებს წელიწადში ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი იტარებს. გაიცანით, ესენია:
ბლეფაროპლასტიკა - ქუთუთოების დაპატარავება და თვალის ირგვლივ ნაოჭების მოცილება;
ლიპოსაქცია - მუცლის, მუხლის, ხელის, ლოყის, კისრის, დუნდულების არეში ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილების მოცილება;
მკერდის კორექცია - ყველაზე ხშირი პლასტიკური ოპერაცია, მკერდის გადიდება-შემცირება სილიკონის იმპლანტანტების მეშვეობით (მე-20 საუკუნის 40-იან წლებში, როცა იაპონიას ამერიკელი ჯარისკაცები „შეესივნენ“, იაპონელმა ქალებმა მათი გულების მოგება გადაწყვიტეს. ფაქიზი და სუსტი აღნაგობის  უფრო მადისაღმძვრელად შეცვლის მიზნით, მკერდის გადიდების თავისებურ ოპერაციებს მიმართავდნენ, რომლის დროსაც მკერდი ღორის ქონით ივსებოდა!);
რინოპლასტიკა -  ცხვირის ოპერაცია;
დისპორტი და ბოტოქსი - ნაოჭების ქირურგიული გზით გასწორება;
მეზოთერაპია - შედარებით უვნებელი მეთოდი - პრობლემურ (ცელულუტიან ან დანაოჭებულ) კანში გარკვეული ნივთიერებების შეყვანა, რასაც სამწუხაროდ, მხოლოდ გარეგნული გაახალგაზრდავება მოჰყვება;
ქიმიური პილინგი - გარკვეული მჟავების გამოყენებით კანის გარქოვანებული ზედა საფარის მოცილება;
„ძაფები და ბიოგელი“ - კოლაგენის და ელასტინის გამომამუშავებელი ბიოსტიმულატორების  შეყვანა კანქვეშ;
ფილერების ნემსები - სახის დაჭიმვა, ნაოჭების გასწორება, ტუჩების გადიდება კანქვეშ სილიკონისა და სხვა პრეპარატების შეყვანის გზით (ამ პროცედურის წარმატებული შედეგი, მაქსიმუმ, მომდევნო ხუთი წლის მანძილზე გაკრიალებულ-გაუთოებული უნაოჭო სახეა, აი, წარუმატებლობის შემთხვევაში ალტერნატივა ასეთია: 1. პრეპარატი ანთებით პროცესს იწვევს, კანქვეშ გრანულების სახით გროვდება და გადატკეცილის ნაცვლად ბორცვებიანი და კოპებიანი კანი შეგრჩებათ, 2. პრეპარატი ნანემსარიდან მეზობელ არეში ინაცვლებს და ამ თვითნებური მიგრაციის შედეგი გამრუდებული (უფრო ზუსტად კი, ღრანჭმოქცეული) სახეა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ „მოგზაური“ პრეპარატების ამოღება ძალიან რთული და ხანდახან შეუძლებელიცაა).

ერთ ჩემს ნაცნობს (საკმაოდ სიმპათიურ ახალგაზრდა ქალს) ერთ არამშვენიერ დღეს საკუთარი ტუჩები ეპატარავა და ძვირადღირებულ კლინიკაში ე.წ. „დაბერვის“ პროცედურა ჩაიტარა. თავიდან შედეგი „დამაკმაყოფილებელი“ იყო, მერე თანდათანობით მნახველებში ჯერ ინტერესი, შემდეგ  კი პროტესტის გრძნობა გამოიწვია - საქმე იმაშია, რომ ჩემს ნაცნობს ხელოვნურად გადიდებული ზედა ტუჩი ნელ-ნელა ზევით აეპრიხა (ჯერ თავს იმშვიდებდა, „ასე უფრო სექსუალური იერი მექნებაო“), ახლა კი საბრალო პირს ბოლომდე ვეღარ ხურავს და დადის ასე სახეზე სამუდამოდ შეყინული გაკვირვებულ-ინფანტილური გამომეტყველებით...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment