Whisky (Scotch) - ვისკი - Whiskey

Approved by Mary Poppins

დღევანდელ სამყაროში პრაქტიკულად ყველამ იცის თუ რა არის ვისკი. იგი ძლიერი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც ძირითადად, სპეციალური სახდელი აპარატის საშუალებით ქერის ალაოს გამოხდისა და მიღებული პროდუქტის მუხის კასრში დაძველებით ყალიბდება როგორც „სიცოცხლის წყალი“ (სწორედ ასე უწოდებდნენ ვისკის თავდაპირველად). ამ სასმელის წარმოებისას სხვა მარცხვლოვანი კულტურებიც გამოიყენება, მაგალითად: ხორბალი (wheat whiskey), ჭვავი (rye whiskey) და სიმინდი (bourbon). იაპონიაში კი წარმოებაში დამატებით ინგრედიენტად ბრინჯსაც იყენებენ (რაც გასაკვირიც არ არის, თუ გავითვალისწინებთ ბრინჯის როლს იაპონურ კულტუაში).
დღეისათვის ვისკი ბევრ ქვეყანაში იწარმოება და მისი წარმოშობის ისტორია სათავეს შორეულ წარსულში იღებს. ტრადიციული სამშობლოს სტატუსში ერთმანეთს ირლანდია და შოტლანდია ეცილებიან. მისი წარმოშობის თაობაზე არაერთი ჰიპოთეზა არსებობს. ერთი მოსაზრების მიხედვით - სპირტის დისტილაციის ხელოვნება ახლოაღმოსავლეთიდან დაბრუნებულმა ჯვაროსნებმა ჩამოიტანეს. ირლანიელებს კი მიაჩნიათ, რომ ამ სასმელის წარმოშობა ირლანდიის მფარველი წმინდანის - წმ. პატრიკის სახელს უკავშირდება. ვერსიათა სხვადასხვაობის მიუხედავად, იმ აზრს ყველა ეთანხმება, რომ ვისკის გამოხდა თავდაპირველად ბერებმა დაიწყეს და მას როგორც წამალს ისე იყენებდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში სასმელის წარმოების საიდუმლოება მონასტრის ფარგლებს მაინც გასცდა.
თანამედროვე ინგლისურ ენაში სიტყვა „ვისკი“ ორნაირად იწერება - იმისდა მიხედვით, თუ რომელ გეოგრაფიულ არეალშია ნაწარმოები პროდუქტი. შოტლანდიური Whisky-ია, ხოლო სხვა რეგიონებში (ირლანდიაში, კანადაში, ამერიკასა და ა.შ.) ჩამოსხმულ სასმელს Whiskey ჰქვია. არსებობს მოსაზრება, რომ დამწერლობის მეორე ვარიანტი ირლანდიელებმა შეიმუშავეს, რაც ვისკის მწარმოებელი შოტლანდიელების აზრით, მათმა დაპირისპირებამ განაპირობა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვიკსი კეთილშობილ სასმელთა ოჯახს განეკუთვნება. ამიტომაც, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს მისი არაერთი სახეობა, რომელთა შემადგენლობაც განპირობებულია თავად სასმელის ჩამოსხმის ადგილის გეგოგრაფიული ადგილმდებარეობით, ისტორიული მოვლენების ზემოქმედებით,  განსხვავებული ნედლეულითა და წარმოების ტექნოლოგიის თავისებურებებით. მაგალითად, შოტლანდიურ ვისკის - იგივე სკოჩს (skotch) ახასიათებს კვამლის სასიამოვნო არომატი. მისი ამდაგვარი „შებოლილობა“ ითვლება, რომ შემდეგმა ფაქტორმა გამოიწვია: ვისკის წარმოების ინდუსტრიის განვითარების პერიოდში შოტლანდიური ვისკის უდიდესი ნაწილი იატაკქვეშ მზადდებოდა, ხოლო დისტრიბუცია კონტრაბანდისტრების ხელით ხდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოების ციკლის დაჩქარების მიზნით,  მწარმოებლები აღარ უცდიდნენ ნედლეულის ბუნებრივად გამოშრობას და მას ტორფის კვამლზე აშრობდნენ, რამაც საბოლოოდ ვისკის გამოხდის წესის ხსენებული თავისებურების ჩამოყალიბება და დამკვიდრება განაპირობა.
სკოჩის დაძველების ვადა სამ წელზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს. თუმცა, ვისკის სახეობიდან გამომდინარე, მისი დაძველების ზედა ზღვარი შეიძლება ბევრად მაღალი იყოს. დაძველების ყველაზე მატად გავრცელებული ვადაა 10-12 წელი, ზოგიერთი სახეობებისთვის კი - 20 წელი და მეტიც.
რაც მთავარია, ვისკი აუცილებლად უნდა დაძველდეს კასრში! სასმელის არამოტისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კასრს და მის მასალას. ითვლება, რომ ვისკის დასაძველებლად საუკეთესოა მუხის ხისაგან დამზადებული კასრები. მუხის კასრში ჩასხმული მანამდე უფერული ალოკოჰოლური სითხე სასიამოვნო არომატთან ერთად შეფერილობასაც იძენს. ყურადღება ექცევა, ასევე იმას, უკვე გამონაყენები იყო თუ არა კასრი და რა ესხა მასში (სხვადასხვა სასმელის შესანახად ნახმარი კასრი, დაძველებისას ვისკის გემოსა და სურნელს დამატებითი შტრიხებით ამდიდრებს). როგორც წესი, ვისკიში სპირტის შემცველობა 40-50°-ს არ უნდა აღემატებოდეს. ზოგიერთ სახეობაში კი შეიძლება 60°-მდეც იყოს.
ვისკის დალვის წესსაც თავისებურებები ახასიათებს. მას მიირთმევენ გაუზავებლად, წყალში გაზავებულს, გაზიანი სასმელის დამატებით ან ყინულთან ერთად (ეს უკანასკნელი აციებს კიდეც და დნობის შედეგად ალკოჰოლს წყლითაც აზავებს). ვიკსი ჭემშმარიტ დამფასებლებს მისი დალევის კულტურაც შესაბამისი აქვთ  შემუშავებული. მაგალითად, მაღალხარისხიანი ვისკის, როგორც წესი ე.წ. „ტუმბლერებით“ (სქელძირიანი, მოცუკლობითი, დაბალი ჭიქები) სვამენ და არა ფუჟერებით, სირჩებით ან ჩვეულებრივი ჭიქებით და ტუმბლერი სასმელით მისი მოცულობის ¼-მდე ივსება.
შოტლანდიაში გავრცელებულია ვისკის შეფასების მეტად საინტერესო ე.წ. „ხუთი S“-ის წესი, რაც შემდეგში მდგომარეობს:
·         Sight (შესახედაობა) - სასმელის შეფერილობისა და კონსისტენციის ვიზუალური შეფასება;
·         Smell (სურნელი) - სასმელის სურნელის ყნოსვით შეფასება;
·         Swish (შენჭყრევა) - სასმელის დაჭაშნიკება ტუჩების ოდნავ დასველებით;
·         Swallow (მოსმა) - სასმელის პირველი ყლუპის მოსმა და არომატის ძირეულად შეგრძნება;
·         Splash (შხეფები) - სასმელის წყლით გაზავება.
მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ვისკის წარმოების ინდუსტრიამ არა ერთი ასწლეულის განმავლობაში მრავალი ისეთი სიძნელე დასძლია როგორებიც იყო - მის გამოხდაზე დაწესებული შეზღუდვები, მაღალი გადასახადები, მსოფლიო ომები ან 13 წლიანი მშრალი კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ვისკის უმსხვილეს იმპორტიორს წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში იგი „იზრდებოდა“, ყალიბდებოდა, იზიდავდა როგორც საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენლებს, ისე - დიდგვაროვნებს, ველური დასავლეთისა და ვესტერნების გმირებს. თავისი თავდაპირველი სახელწოდების („სიცოცხლის წყალი“) შესაბამისად, მას ბევრისთვის მართლაც „მაცოცხლებელი“ მნიშვნელობა ჰქონდა.
დღესდღეობით კი არაჩვეულებრივ სასაჩუქრე ვარიანტს წარმოადგენს ხარისხიანი ვისკის ბოთლი. თუმცა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საჩუქრის ადრესატის უნარიც - სათანადოდ შეაფასოს იგი, რამეთუ (წესისამებრ არცთუ იაფი) თქვენს მიერ საგულდაგულოდ შერჩეული ვისკი, შეიძლება ტრადიციული სასმელისთვის სრულიად არატრადიციული რამდენიმე უღიმღამო სადღეგრძელოს „მსხვერპლი“ გახდეს. მისი ღირსეული დამჭაშნიკებელის შემთხვევაში კი - ისიც კმაყოფილი დარჩება საჩუქრით და თქვენც, საკუთარი არჩევანით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მავნე ნუიზამ

0 კომენტარი.:

Post a Comment