სასწაულის მოლოდინში...

Approved by Mary Poppins

კაცობრიობა (მისი ორივე ნახევარი) ჰომო საპიენსის წელში გამართვისა და ხიდან მიწაზე ჩამოსვლის ბედნიერი წამიდან დღემდე პოტენციის გასაუმჯობესებელი, მისი მასტიმულირებელი და გასაძლერებელი საშუალებების ძებნაშია. ასეთ „პრიჩინდალებს“ ძველმა ბერძნებმა სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტეს საპატივცემულოდ ლამაზი სახელი - აფროდიზიაკი შეურჩიეს. აფროდიზიაკი შეიძლება ბევრი რამე იყოს: გარემო, ემოცია, არომატი, საგანგებოდ დამზადებული მალამო, მიქსტურა, აბი და ა.შ. მაგრამ ამ ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი მაინც კულინარიასა და საჭმელს უკავია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ნამდვილი აფროდიზიაკი ოთხ ძირითად ფუნქციას უნდა ასრულებდეს: ვნებასა და სექსუალურ-ეროტიულ ლტოლვას აძლიერებდეს; ორგანიზმს აახალგაზრდავებდეს; სექსუალური ფუნქციები მოწოდების სიმაღლეზე აჰყავდეს და მამაკაცის პოტენციას აასკეცებდეს.
მამაკაცის „მწყობრში ყოფნით“ ორივე სქესი ერთნაირად რომაა დაინტერესებული, ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ. მაგრამ თემიდან ერთი გადახვევა მაინც უნდა გავაკეთო. სტატიის საწერად რომ გავემზადე, არ მეგონა ასეთი ზღვა, უკაცრავად, ოკეანე ინფორმაცია თუ დამხვდებოდა და ეს ამბავი კაცებს მთლად ასე თუ უჭირდათ.  რა ვიცი, საკუთარი თავის ქებაში და „საგმირო საქმეებზე“ ტრაბახში ბადალი არ ჰყავთ, თორემ ძალიან შავ დღეში თუ არ ხარ, რა ძალამ უნდა გაიძულოს ყოველ დილას მიირთვა ლუდისა და არაჟნის კოქტეილი? ორივე ცალ-ცალკე, იცოცხლე, მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერასდიდებით ვერ დავლევ „0,33 ლ ბოთლი ლუდისა  და 250 გ არაჟნის“ ნარევს. დღეისათვის ყველაზე პოპულარული ამ მიქსტურის ერთი კურსი ათი დღე გრძელდება და მისი ქომაგები სასწაულ შედეგს გვპირდებიან. მეორე ადგილზე „250 გ არაჟანი, მუჭა თხილი, მუჭა ნიგოზი და თაფლია“, მესამეზე კი „ერთი ჭიქა ანანასის წვენი და 100 გ ყველი“.

მოკლედ, პოტენციის ასამაღლებლად შეგიძიათ მიირთვათ: თხილი, ნიგოზი, არახისი და ბუსტუღი, ფორთოხალი, ლიმონი, ლეღვი, მსხალი, ატამი, ვაშლი, ბროწეული, ხახვი, პრასი, მწვანე ხახვი და ხახვის ყველა სახეობა, არტიშოკი, ავოკადო, სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ბურღულეული, ხმელი სუნელები, მწვანილი, ხორცი, თევზი, მოლუსკები, ხამანწკები, კრევეტები, ყველი, რძე, ხაჭო... და ყველა პროდუქტი, რომლებიც ბევრ A და E ვიტამინს შეიცავს. პირდაპირ გეტყვით, ვერაფრით ვერ ვიგონებ ერთ პროდუქტსაც კი, აფროდიზიაკების სიაში რომ არ შემხვედროდეს. ასე რომ, ან ექიმები გვატყუებენ, ან ყველაფერი გამოდგება მაგ საქმისთვის, ოღონდ ერთადერთი დათქმით: თანამედროვე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პოტენციას ყველაზე მეტად ბევრი ჭამა და ღორმუცელობა ვნებს. ამის თაობაზე ძველთაძველ ინდურ ტრაქტატშიც კი გვაფრთხილებენ: „კუჭი საჭმელმა ნახევრამდე უნდა აავსოს, მისი ერთი მეოთხედი წყალმა, დანარჩენი კი თავისუფლად სუნთქვისთვის ცარიელი დატოვეთო“. მოწესრიგებული სუნთქვა კი რისთვის გვჭირდება, მაგაზე აღარ გავაგრძელებ...
ახლა ცოტა ისტორიაც: ძველ დროში მიიჩნევდნენ, რომ ზოგიერთი პროდუქტი განსაკუთრებულად უწყობდა ხელს სექსუალური აქტიურობისა და პოტენციის მომატებას. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ასეთ სასწაულმოქმედ ძალას ქათმის უმ კვერცხსა და თხილეულს მიაწერდნენ. აღმოსავლეთში კი ბევრად უფრო ეგზოტიკურ „ნედლეულს“ იყენებდნენ: დაფქულ მარტორქის რქას, გველის სისხლს და სხვადასხვა ცხოველების სათესლე ჯირკვლებს.
ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ძველი რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი  წერდა: „ხახვი დაუძლურებულ კაცებსაც კი ვენერას მკლავებში მოაქცევსო“. მაგრამ ხახვს თუ კვერცხთან ერთად დაბრაწავთ, მისი მოქმედების ძალა ასმაგდება. სახელგანთქმულმა ეთიოპიელმა მთავარსარდალმა იფიკრატემ თრაკიელთა მეფის კოტოსის ქალიშვილი რომ შეირთო ცოლად,  საქორწილო საჩუქრად დიდი კასრი ხახვი მიიღო. თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ხახვს (განსაკუთრებით ვარდისფერს) კვერცხთან ერთად სასწაულის მოხდენა მართლაც შეუძლია. ერთ-ერთი უძველესი გადმოცემა გვასწავლის: „ინტიმურ ურთიერთობებში უდიდესი წარმატების მისაღწევად და სურვილის სტიმულირებისთვის სასარგებლოა ყოველ დილით უზმოზე თითო ცალი უმი კვერცხის გადაყლაპვა და სამი დღის განმავლობაში ხახვითა და კვერცხით სადილობა. ამ პროცედურის შემდეგ, თქვენი შესაძლებლობები და ფანტაზია თავადაც გაგაოცებთ“. სხვათა შორის, მეოცე საუკუნეში იგივე მიზნებისათვის დიდი პოპულარულობით სარგებლობდა კვერცხის ფლიპი: ერთმანეთში ათქვეფილი კვერცხი, ბრენდი, რძე, თაფლი და სულ ცოტა მარილი.
სხვა პროდუქტებს სანელებლები და მწვანილიც არ რჩება ვალში: დანდური (მეც არ მიკვირდა ამ უგემურ ბალახს რა აჭმევთ-თქო?), კრაზანა, ომბალო, ქონდარი, პიტნა, ანისულა, კვლიავი და ტარხუნა. ამ ჩამონათვალმა ჩვენს წიწმატზე ერთი ისტორია გამახსენდა. სამსახურში სტუმრად ორი უცხოელი თანამდებობის პირი გვეწვია. არ ვიცი, ვინ და როდის მოასწრო ეს აუცილებელი ინფორმაცია მიეწოდებინა, მაგრამ შუახნის ასაკს კარგა გადაშორებულმა სტუმრებმა საღამოსთვის უკვე იცოდნენ ჩვენებური „ვიაგრის“ არაჩვეულებრივი თვისებების თაობაზე. ჰოდა, ერთი დაინტერესდა, „საუკეთესო შედეგისთვის რამდენი წიწმატია საჭირო და როგორ უნდა მოვიხმაროო?“ ჩვენი მასპინძელიც არ დაიბნა და „განსაკუთრებული ეფექტისთვის დიდი კონა უნდა აიღო და დაირტყაო“, უპასუხა. ახლა, მთლად გასაოცარ რამეს გეტყვით, თურმე ჩვენში ბაბუაწვერას სახელით ცნობილ სარეველა ბალახის ორიოდე ფოთოლსაც კი (განსაკუთრებით მისი ყვავილობის პერიოდში), წარმოუდგენელ სიმაღლემდე აჰყავს მამაკაცის შესაძლებლობები და ამ საქმეში გაწაფულ ფრანგებს ბაბუაწვერას ერთგვარი დიეტაც აქვთ.
სპეციალისტების აზრით, მამაკაცის მწყობრში მოსაყვანად და იდეალურ მდგომარეობამდე გასამართად ძალიან სასარგებლოა ხორცთან ერთად მოთუშული თალგამი. თავად დიდი ფროიდი თვლიდა, რომ მათ გუნება-განწყობაზე განსაკუთრებით დიდი გავლენას სოკო, გოგრის თესლი, კამა და ჭვავის პური ახდენს. პოტენციის ამამაღლებელი და ვნების აღმძვრელი კერძების მომზადებისას უფრო ხშირად სარგებლობენ საქონლის, თხის, ცხვრის, ღორისა და ფრინველის ხორცით. შეუცვლელია გარეული ფრინველი (ხოხობი და შაშვი) და თევზი. სასიყვარულო-ეროტიულ კულინარიაში ყველაზე საპატიო ადგილი კამბალას უკავია და მას სიყვარულის წამალსაც კი ეძახიან. ამბობენ, რომ პოტენციაზე გავლენის მოხდენა მოხარშულ სკუმბრიასაც შეუძლია. სასიყვარულო დელიკატესია ზღვის ბიბილო. ამ საქმისთვის შეუცვლელია მოლუსკები, ხამანწკები და კრევეტები. ინგლისის მეფე გეორგ პირველი სალამურა თევზის ჭამას ემსხვერპლა. ამ უგემურ და შეუხედავ თევზს ძველ დროში მხოლოდ მასზე მიწერილი ზებუნებრივი თვისებების ხათრით მიირთმევდნენ და მიკროსკოპის გამოგონებამდე ძალიან დიდხანს ითვლებოდა, რომ სპერმატოზოიდს სწორედ სალამურას ფორმა ჰქონდა.
ამოუწურავი პოტენციისა და ძლიერი ერექციის შესანიშნავი სტიმულატორი ყოფილა აქლემის კუჭი და  უშუალოდ სექსუალური აქტის წინ ამ პროდუქტის 3 გრამიანი პაწაწინა ნაკუწის მიღებაა რეკომედირებული. ლტოლვას ნატურალური ძმარი და მკვახე ყურძნის წვენიც აძლიერებს. პოტენციაზე კარგად მოქმედებს ტკბილეულიც. ერთმანეთში არეული თაფლი, 300 მლ რძე, 2 კვერცხი და 1 ს/კ ლუდის საფუარი შესანიშნავი გამამხნევებელი საშუალებაა უძილო  ღამის შემდეგ.  
ჩინელებს დღემდე სჯერათ, რომ მცენარეული ზეთითა და კუს სისხლით შესუნელებული ძაღლის ხორცი მამაკაცური სისუსტის უებარი წამალია. XVIII-XIX საუკუნეების რუსეთში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა კერძი „მამაკაცების შეჭამანდი“, რომლსაც 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ხორცის, ცოტაოდენი დაფხვნილი ძვლის, 1 სტაფილოს, 1 ხახვს, 1 საშუალო ზომის თალგამის, ბაბუაწვერას 4-5 ცოცხალი ფოთლისა და 1 ს/კ კამისგან ამზადებდნენ. წვრილად დაჭრილ ინგრედიენტებს მდუღარე წყალს ასხამდნენ და 10 წუთის განმავლობაში ადუღებდნენ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგამდნენ და  კიდევ 30 წუთი ოთახის ტემპერატურაზე აჩერებდნენ. მათლაფის ფსკერზე რამდენიმე ბაბუაწვერის ფოთოლს ალაგებდნენ, თავზე შეჭამანდს ასხამდნენ, ცოტა არაჟანს და მარილს უმატებდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ.
სასიყვარულო „ელექსირის“ კიდევ ერთი რეცეპტი: 200გ შავი ქლიავის ჩირი, 200 გ ქიშმიში, 200 გ ლეღვის ჩირი და 12 ცალი ნიგოზი. დაქუცმაცებული და ერთმანეთში არეული ჩირი კარგად ინახება მაცივარში. „მკურნალობის“ კურსი ასეთია: ყოველ დღე 2 ს/კ. სასურველია დღის მეორე ნახევარში და თან მაწონთან ან კეფირთან ერთად. ციმბირში ამ პრობლემების მოსაგვარევლად კი ოდითგანვე ასეთ მეთოდს მიმართავენ: 1 კგ დაჭრილ ნიორს სამლიტრიან ქილაში ათავსებენ, ანადუღარ წყალს ასხამენ და 30 დღის განმავლობაში ბნელ და მშრალ ადგილას ინახავენ.  გამზადებული „სამსალის“ (სხვა სახელს ამ სითხეს ვერ დავარქმევ) 1 ჩ/კ-ს 1 ჭიქა რძეში ხსნიან და ყოველ დღე გეახლებიან.
ხალხური მედიცინის ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ისეთ რჩევებს გადავაწყდი, მოვკვდებოდი,  თქვენთვისაც რომ არ გამეზიარებინა: „ძილის წინ ორი ტაშტი გაამზადეთ, ერთში ცივი წყალი ჩაასხით, მეორეში ცხელი. ამ ტაშტებში რიგრიგობით ჩაჯექით თითო წუთით და პროცედურა ერთ საღამოში 10-12-ჯერ გაიმეორეთ“.  მეორე, კიდევ უფრო მაგარი დარიგება: „დაახლოებით გირვანქანახევარი ყინული დაამტვრიეთ, რვაფენად გაკეცილ მარლაში გაახვიეთ, მერე ყინულიანი ფუთა ჯერ კეფაზე დაიდეთ 1 წუთის განმავლობაში, მერე გულთან ახლოს და მერე... (იმედია, თვითონაც ხვდებით სადაც)...“  სამკურნალო „კარაბადინში“ გვარწმუნებენ, რომ ამ პროცედურას დღეში რამდენჯერმე 10-15 წუთის განმავლობაში თუ გაიმეორებთ, სექსთან დაკავშირებული პრობლემები აღარასდროს შეგაწუხებთ!
ისე, ამდენ წვალებასა და ტანჯვას - შესანიშნავი აღმგზნები საშუალებებია ბანალური ყავა და ჩაი, ან სულაც ორიოდე ჭიქა (ჭიქა და არა ლიტრი!) ალკოჰოლი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. Anonymous

    ძალიან კარგი სტატიააა. Cool. thanks for this web site.

Post a Comment