ძირს ჯადო, ეროტიკული კულინარიის ერა დადგა!

Approved by Natia Jinjolava

კულინარია ქიმიაა, პროდუქტებში არსებული სხვადასხვა ნივთიერებების დაკავშირება-სინთეზით ნებისმიერ შედეგს შეიძლება მიაღწიო. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ სწორად შერჩეულმა კომპონენტებმა და მისმა გონივრულმა შეზავებამ სრულიად მოულოდნელი შედეგი მოიტანოს. და ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  გემრიელი სადილი, სასიამოვნო არომატიები და რომანტიული გარემო, უკვე თავისთავად წარმატებული საღამოსა და კარგი განწყობის საწინდარია. ამიტომ, გათხოვებას ან სასურველი მამაკაცის „მოჩანგვლას“ თუ განიზრახავთ, დაქალებში და მეზობლებში არაერთგზის ნაცადი მჩხიბავის ტელეფონის ნომრის ნაცვლად  დანა და ტაფა მოიმარჯვეთ და თქვენი რჩეული რაღაც უაზრო და არაფრისმომტანი მაქინაციებით კი არა, საკუთარი ნიჭითა და ზრუნვით მოხიბლეთ და  სრულიად დამსახურებულადაც.
ასეა თუ ისე, ახლა რამდენიმე მარტივ, მრავალნაცად, ლეგალურ და ყველა სიკეთესთან ერთად, გემრიელ რეცპტს შემოგთავაზებთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ კაცის „შებმის“ პროცესში სიამოვნება მარტო იმან არ უნდა მიიღოს. კარგად მოფიქრებული და გამორჩეული ვახშამი კიდევ ერთი კარგად გატარებული საღამოა და მერწმუნეთ, შედეგზე (ანუ რამდენიმე ხარისხიანი პაემნის შემდეგ პრივატიზირებული მამაკაცი) ბევრად მეტ სიამოვნებას თავად პროცესი (გაკეთებულის დაგემოვნება მაქვს მხედველობაში) მოგანიჭებთ. თან თუ გეზარებათ ან არ გეხერხებათ, სულ არ არის სავალდებულო, თავი შეიწუხოთ და საკუთარი ხელით გააკეთოთ. ამისთვის დედები, ბებიები, კეთილი ხალხი და სულაც სპეციალიზირებული დაწესებულებები  (რესტორნები, საკონდიტროები და მაღაზიები) არსებობს.
დესერტი ჟილოთი და ნუშით - 100 მლ ცხიმიანი ნაღები ათქვიფეთ და 1 წვეთ ვანილის ექსტრაქტთან ერთად გადაურიეთ 100 მლ მასკარპონეში. 80 გ ნუშიანი კექსი პატარა ნაჭებად დააქუცმაცეთ და მისი ნახევარი 2 მაღალფხიან ჭიქაში გაანაწილეთ; ჭიქაში ჩაყრილი კექსი  1 ს/კ ტკბილი თეთრი ღვინით დანამეთ. ზემოდან დააყარეთ ცოტაოდენი ჟოლო და ნაღებიანი კრემის ნახევარი. მერე ისევ დარჩენილი კექსი, ღვინო, ჟოლო და კრემი ჩაამატეთ და თავზე დაფხვნილი „პეჩენია“ ამარეტინი მოაყარეთ.
კალათები ხახვით, კარტოფილითა და პარმეზანით - ნახევარი კარტოფილი და ნახევარი ხახვი გახეხეთ და კარგად გაწურეთ. ათქვიფეთ 100 მლ ნაღები და 2 კვერცხი. დაუმატეთ 40 გ წვრილად დაჭრილი ბეკონი, 1 ს/კ პარეზანი და შეკმაზეთ მარილით და პილპილით. ნაღებიანი მასა გადურიეთ ხახვსა და კარტოფილს. 9 სმ დიამეტრიან 2 ფორმაში ამოაფინეთ ნაყიდი ფენოვანი ცომი, ნახევრად მზადყოფნამდე გამოაცხვეთ და მერე დაასხით კარტოფილიანი მასა. ზმოდან დააყარეთ 100 გ წვრილად დაჭრილი მოხარშული სატაცური, 1 ს/კ პარმეზანი და პილპილი. 200 გრადუსზე გამოაცხვეთ დაახლოებით 30 წუთი, ოქროსფერი ქერქის გაკეთებამდე.
ორაგული ტარხუნით შამპანურის სოუსში - ტაფაზე გავადნოთ 35 გ კარაქი და მოვთუშოთ ½ წვრილად დაჭრილი ხახვი და ცოტაოდენი ტარხუნა. დავამატოთ 150 მლ შამპანური და ვადუღოთ, სანამ სითხე პირველადი ოდენობის ნახევრამდე არ დავა. დავუმატოთ 100 გ ცხიმიანი ნაღები და გადავწუროთ. დავაბრუნოთ ტაფაზე და დავუმატოტ ბლომად ტარხუნის ფოთლები. სანამ სოუსი დუღდება, დავბრაწოთ პილპილით, მარილითა და ლიმონის წვენით შესუნელებული ორაგულის ორი ფილე. გარნირად ძალიან უხდება მოხარშული კარტოფილი.
კექსი შოკოლადისა და მანგოს სოუსით - იყიდეთ ან გამოაცხვეთ შოკოლადის ბისკვიტი. გაჭერით 2 ან 3 ფენად (მისი სიმაღლიდან გამომდინარე). შავი შოკოლადის ფილა გაადნეთ წყლის აბაზანაზე და მოასხით კექსის პირველ ფენას, სოუსზე ზემოდან დაალაგეთ მანგოს თხელი ნაჭრები და მანგოს ათქვეფილი ნაღევის კიდევ ერთი ფენა გადაუსვით. მერე ისევ კექსის მეორე ფენა და ყველაფერი გაიმეორეთ. ზედა, მესამე ფენას შაქრის პუდრა მოაყარეთ.
მწყერის კვერცხები შებოლილ ორაგულთან ერთად - მწყერის 6 ცალი კვერცხი ჩააწყვეთ ცივ წყალში და ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში. გაავლეთ ცივი წყალი და გაფცვენით. შებოლილი ორაგული დაჭერით გრძელ ნაჭრებად და გაახვიეთ კვერცხები სათითაოდ. მორთეთ კამის ფოთლებით და წითელი ხიზილალით. მიირთვით შამპანურთან ერთად.
წარმატებებს გისურვებთ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment