სილამაზის მსხვერპლნი

Approved by Mary Poppins

რა ხერხებს არ მიმართავენ (და მიმართავდნენ) ქალები,  უფრო ლამაზები, მიმზიდველები და განსაკუთრებულები  რომ გამოჩნდნენ საკუთარ და სხვის თვალში და რა ხშირად თავად გამხდარან ამ პროცედურების და მანიპულაციების მსხვერპლნი! ის, რომ ქალი გარეგნობაზე ოდითგანვე ზრუნავდა, გასაკვირი არ არის. მოდა ყოველთვის არსებობდა და, სანამ დედამიწაზე ერთი ქალი მაინც დაიარება, ყოველთვის იარსებებს და იბატონებს. აი, ჩვენი წინამორბედები ტან-ფეხის თუ იერ-სახის გასაკეთილშობილებლად რა საშუალებებს მიმართავდნენ, ეს სულ სხვა საკითხია - თანამედროვე ქალების უმრავლესობას ალბათ შეზარავთ არათუ გამოყენება, არამედ იმის წარმოდგენაც კი, თუ რისგან შედგებოდა და მზადდებოდა, მაგალითად, შუა საუკუნეებში მცხოვრები ლამაზმანების კოსმეტიკური „იარაღი“.
გაგიკვირდებათ და, ძველ ეგვიპტეში უთმობას კი არა, თმის არსებობას ებრძოდნენ, რომელიც სელის, მატყლისა და ბუნებრივი თმისგან დამზადებული პარიკის ტარებაში ხელს უშლიდა (საინტერესოა, საკუთარ დალალებს რას ერჩოდნენ, თუ გადახოტვრის მერე თავზე მაინც სხვისი უნდა ჩამოეფხატათ?). გაპარსულ კინკრიხოებს სალათის ფურცლებით იამებდნენ და მკურნალობდნენ. აი, ქოჩორშერჩენილი ხანდაზმული ეგვიპტელი ქალები თმას შავი ხარის ცხიმისა და ყვავის კვერცხების ნაზავით იღებავდნენ. იმავე ეგვიპტელების გამოგონებაა წითელი ხოჭოებისა და ჭიანჭველას კვერცხებისგან დამზადებული პომადა და ფრჩხილის ლაქი ცხვრის სისხლისა და ქონისგან. გადმოცემით, დედოფალ კლეოპატრას საყვარელი პუდრის შემადგენლობაში, არც მეტი, არც ნაკლები, ნიანგის ექსკრემენტი შედიოდა!
როდესაც ანტიკურ რომში მოდაში ქერა თმა შემოვიდა, ადგილობრივმა ქალებმა შეუპოვარი ბრძოლა გამოუცხადეს საკუთარ, ბუნების მომადლებულ მუქი ფერის თმას. ისე თავდაუზოგავად ებრძოდნენ, რომ 30 წლისთვის (მართალია, იმ დროს ეს საკმაოდ ხანდაზმული ასაკი გახლდათ, მაგრამ მაინც) ასეთი ბანოვანი საგრძნობლად თმაშეთხელებული გახლდათ. აი, სიქაჩლის მკურნალობას ვირთხის თავის, ცურცლის და (რატომღაც) წიწაკის ნაზავით ცდილობდნენ.  საეჭვო სიამოვნებას თავი რომ დავანებოთ, თავად განსაჯეთ, ასეთი საინტერესო შემადგენლობის მქონე საცხით მკურნალობა რა შედეგს გამოიღებდა. კიდევ კარგი, რომ იმ დროისთვის პარიკი თავშენახული ეგვიპტელების მიერ კარგა ხნის გამოგონილი იყო! დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბერძნების შექმნილი კოსმეტიკური საშუალება - ტყვიის შემცვლელი (მომწამვლელი და სახიფათო) ფერ-უმარილი (სხვათა შორის, დაახლოებით იგივე პუდრებს საუკუნეების შემდეგ, რენესანსის ეპოქაშიც ფართოდ იყენებდნენ - წარმოიდგინეთ, კაცობრიობის ისტორიაში ასეთ „უვნებელ“ კოსმეტიკას რამდენი ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა  შეეწირა). ყველაზე ჩვეულებრივი და უწყინარი საშუალება სახეზე დაფხვნილი ცარცის მიყრა გახლდათ.
ძველ საბერძნეთში, რომისგან განსხვავებით, ქერა ქალი (მითუმეტეს, ცისფერთვალება) ლამაზად კი არა, სულაც ეშმაკისეულად ითვლებოდა. ელადაში დიდ პატივს ხარის ენისგან დამზადებულ ფერ-უმარილს სცემდნენ, კანის ფერის გასაუმჯობესებლად და დასანოტივებლად  სახეზე ლოკოკინებს იდებდნენ. სხვათა შორის, სილამაზის ეტალონებიც სწორედ ძველ საბერძნეთში დააწესეს, სადაც გიმნასტიკა და სპორტი საკმაოდ პოპულარული გახლდათ. აფროდიტეს (და აფროდიტობის მსურველთა) პარამეტრები ასეთი იყო: სიმაღლე 164სმ, მკერდის გარშემოწერილობა - 86სმ, წელი - 69სმ, თეძოს გარშემოწერილობა - 93სმ. როგორც ხედავთ, ეგვიპტესგან განსხვავებით, სადაც თხელი და სიფრიფანა ქალები მოსწონდათ, ძველი ელინები ცარიელ ძვალს ძვალზე აცმულ ხორცს ამჯობინებდნენ.
შუა საუკუნეების ევროპაში ფერმკრთალი (ფერმიხდილი, ფერწასული, ერთი სიტყვით, უფერული) ქალები იყო მოდაში. ასეთი შედეგის მისაღწევად  სასოწარკვეთილი ქალები კორსეტებს გრძნობის დაკარგვამდე იჭერდნენ და ზედმეტი სისხლის თავიდან მოშორებისთვის წარამარა წურბელებს „მიმართავდნენ“. უჩვეულოდ თეთრი (უფრო სწორად, ხელოვნურად გათეთრებული) კანის მოდას გაფართოებული გუგებიც დაემატა, რისთვისაც თვალში შმაგას ექსტრაქტს იწვეთავდნენ  (სხვათა შორის, ალკალოიდების შემცველი მცენარის საყოველთაოდ მიღებული სახელი „ბელადონა“ იტალიურად „ლამაზ ქალს“ ნიშნავს). იგივე საშუალებას მიმართავდნენ არაბი ქალებიც (ქალები შმაგას უწყინარ კოსმეტიკაში იყენებდნენ, ხოლო მამაკაცები - „სამართლის ქმნაში“: ამ მცენარის წვენის თვალში ზომაზე მეტი ჩაწვეთება ადამიანის დაბრმავებას იწვევს).
ფერმკრთალი ქალები იაპონიაშიც ძალიან  უყვარდათ. მიტკალივით სახე,  კუნაპეტი შავი თმა და შავი ლაქით შეღებილი კბილები თავისებურ კონტრაქტს ქმნიდა (გემოვნების ამბავია, თორემ გულგასახეთქი სანახაობა კი უნდა იყოს!). სხვათა შორის, იაპონური რთული ვარცხნილობის შენარჩუნება მართლაც დიდ მსხვერპლს მოითხოვდა - წვით და დაგვით შექმნილი საპარიკმახერო ხელოვნების შედევრი ძილში რომ არ ჩამოშლოდათ, საბრალო ქალები კისერქვეშ სპეციალურ ხის „სასთუმლებს“ იდებდნენ. კიდევ, იაპონელი ლამაზმანები  წარბებს იპარსავდნენ და მათ ადგილას შავი საღებავით ახალ წარბებს იხატავდნენ (რამდენი ფუჭი შრომაა - საკუთარი წარბები ნეტავ ვის რას უშლიდა?).
თეთრი სახის ფერი ჩინეთშიც ფასობდა. ხელოვნურად დაგრძელებულ წარბებთან და თხელ აღნაგობასთან ერთად, ჩინელ ქალებს სხვებისგან ერთი თავისებური „სილამაზის ეტალონი“ გამოარჩევდათ - ე.წ. „ლოტოსის ფეხები“ (4-5 წლის გოგონებს ტერფებს მჭიდროდ უკრავდნენ და ამით ზრდის პროცესს აჩერებდნენ. ფეხშიშველი გამოჩენა სირცხვილად და თავის მოჭრად ითვლებოდა, ამიტომ ქალები შემოჭერილ თასმებს სიცოცხლის ბოლომდე ატარებდნენ. თუმცა ამას უფრო გასაგები და სევდიანი ახსნაც აქვს - ამგვარად „გაკოჭილი“ ფეხი დროთა განმავლობაში იმდენად დეფორმირდებოდა, რომ თასმებშეხსნილ ქალს სიარული კი არა, დამხმარეების გარეშე დგომაც აღარ შეეძლო).
გაპარსული წარბები და შუბლი აღორძინების ეპოქის ქალების „საფირმო ნიშანია“. ელისაბედის ხანაში ინგლისელი ქალები თმას ტუტით იღიავებდნენ (რასაც, ცხადია, ნაადრევი სიმელოტე მოჰყვებოდა. თუმცა ინგლისი ალბათ ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც სიქაჩლე მოდად აქციეს), ხოლო წითურ და ჟღალ ფერს ტყვიის, გოგირდის, კირისა და წყლის ნაზავით აღწევდნენ. მოგვიანებით, როცა დედოფალ ვიქტორიას დროს კოსმეტიკის მოხმარება სამარცხვინოდ და მხოლოდ მეძავეების განმასხვავებელ ნიშნად ჩაითვლება, საბრალო ქალები ტუჩების გასაწითლებლად ჩხვლეტა-კბენას, ხოლო ლოყების შესაღაჟღაჟებლად თვითგასილაქებას შეეჩვევიან...
მე-18 საუკუნის ლამაზმანები კორსეტით წელს 40სმ-მდე იწვრილებდნენ, ტყვიანარევი საცხებით სახეს ითეთრებდნენ, პიგმენტულ ლაქებს კი ვერცხლისწყლით იშორებდნენ (ლაქებს შეიძლება იშორებდნენ, აი, სანაცვლოდ რას იძენდნენ...). ამ დროს მოდაში შემოვიდა „მრავალსართულიანი“, ცხიმშეზელილი პარიკები, სადაც უხვად ბუდობდნენ წილები, ტილები და რწყილები (იუველირებმა დრო იხელთეს და ახალი აქსესუარიც გამოიგონეს: პარიკში ჩასარჭობი „ტილსაჭერები“). ამავე ეპოქის ბანოვანები წარბების ადგილას თაგვის ტყავის ზოლებს იკრავდნენ, ლოყებქვეშ სახის “დასამრგვალებლად“ საცობებს ილაგებდნენ.
სილამაზეზე, მის აღქმაზე, მიღწევის საშუალებებსა და გაღებულ მსხვერპლზე ლაპარაკი უსასრულოდ შეიძლება. მოდით, თვალი გაკვრით აფრიკულ იდეალებსაც შევავლოთ. თუ ევროპა-აზიაში მოდაში ხან ყავარივით გამხდარი და ხანაც ჩათქვირებული ქალები იყვნენ, აფრიკელების უმრავლესობა უპირატესობას სწორედ ფერხორციან ქალებს ანიჭებს: ზოგიერთ ტომში გოგონებს ბავშვობიდან საგანგებოდ ასუქებენ - ითვლება, რომ მუცელზე თორმეტ ნაოჭზე ნაკლები თუ ექნა, შინაბერად დარჩება. გვინეაში მაღალი და ჩვენი წარმოდგენით კოხტა ბიუსტი სიმახინჯის ეტალონია - აქ თავს დაჩამიჩებული და ჯიბესავით ჩამოკიდებული მკერდებით იწონებენ. გაბონში, ჩინეთისგან განსხვავებით, ქალს რაც უფრო დიდი ტერფი აქვს, მიწაზე უფრო მყარად დგას და შესაბამისად, უფრო ლამაზია.
კონგოში არა მხოლოდ წარბებს, წამწამებსაც ერჩიან და დაუნანებლად იშორებენ. აფრიკის ბევრ ქვეყანაში, ცენტრალური აზიის მცხოვრებლების მსგავსად, ბეტელს ღეჭავენ და კბილებს სამუდამოდ იშავებენ, მადაგასკარზე კბილებს სულაც იქლიბავენ და ყურის ნახვრეტიც რაც უფრო დიდია, მით უფრო ლამაზი და შესაშურია (საყურის კი არა, ცალ ყურზე მთელი საგვარეულოს სამკაულების ჩამოკიდება შეიძლება, ადგილი ყველას ეყოფა!). აი, კუნძული მანგოს მცხოვრები თავმომწონე ქალებისთვის საყურეს მხოლოდ სამკაულის ფუნქცია არ აკისრია: მარცხენა ბიბილოში გაჩრილი დანა საოჯახო მეურნეობაშიც საჭირო ნივთია და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მოყვარესაც თვალს დაუყენებ და მტერსაც დააფრთხობ. სხეულის მოხატვა-მოსვირინგებაზე და დღეისათვის მთელს მსოფლიოში გავრცელებულ პირსინგზე აღარაფერს ვიტყვი, ერთს დავამატებ - აფრიკელებს სჯერათ, ტუჩში რაც უფრო დიდი ძვლის ნატეხია გარჭობილი, ოჯახში მით უფრო მეტი ბარაქა იქნება. მართალია - ერთი მჭამელი პირი ნამდვილად მოაკლდებათ (თუ არ გჯერათ, თავად სცადეთ, ბაგეები თუნდაც ერთი ციცქნა სატუჩე სამკაულით დაიმშვენეთ და სანამ შეეჩვევით, სისქე-წონაშიც დაიკლებთ, ტანწერწეტაც გახდებით და ფერმკრთალიც).
მძიმეა თავმომწონე ქალის ბედი, ძალიან მძიმე! და რაოდენ დიდია ამ საწყალი სუსტი არსების მიერ სილამაზისა და მომხიბვლელობისთვის გაღებული მსხვერპლი - უსიამოვნო პროცედურით გამოწვეული უმნიშვნელო დისკომფორტიდან ფიზიკურ ტკივილამდე და საკუთარი ჯანმრთელობის უმოწყალოდ განადგურებამდე...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment