კარტოფილის ღვეზელი დაფნით

Approved by Mary Poppins

დაფნის ხსენებაზე ერთი შესანიშნავი ღვეზელი გამახსენდა, რომელსაც ჩემი მეგობრის დედა (გასაოცარი კულინარი) ძალიან ხშირად გვიცხობდა სტუდენტები რომ ვიყავით. ძალიან ნაზი და არომატული ღვეზელია, გამოაცხვეთ - ნამდვილად არ ინანებთ!

ინგრედიენტები: 1 კგ კარტოფილი, 2 საშუალო თავი ხახვი, პილპილი, მარილი, დაფქული დაფნის ფოთოლი, 2 კვერცხი, 100 გ კარაქი, 1,5 ჭ რძე, 0,5 ს/კ საფუარი, 2 ს/კ შაქარი, ფქვილი (რადენსაც შეიზელს)
ცომისათვის: ნახევარი ს/კ საფუარი ჩავყაროთქვაბში, დავუმატოთ 2 ს/კ შაქარი, მარილი, 2 კვერცხი, 1,5 ჭ თბილი რძე, 100 გრ გამდნარი და გაციებული კარაქი, და ფქვილი იმდენი რომ გამოვიდეს საშუალო სიმაგრის ცომი (ისე, ხელზე რომ არ მოგვეწებოს). ცომი დაახლოებით ერთი საათი გავაჩეროთ და ამოსვლა დავაცადოთ.
კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ თხელ, დაახლოებით, 0,5 სმ სისქის რგოლებად. ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მარილი და კარტოფილის რგოლები მდუღარე წყალში ვხარშოთ სულ 1-2 წუღთის განმავლობაში. ამოვიღოთ და გავაშროთ. უკვე ამოსული ცომი გავყოთ 2 ნაწილად, ოღონდ ერთი ნაწილი მეორეზე ცოტა დიდი რომ იყოს. უფრო დიდი ნაწილი გავაბრტყელოთ  ფქვილმოყრილ „ჟაროვნაზე“. ცომზე დავალაგოთ კარტოფილის რგოლების ერთი ფენა, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი და დაფქული დაფნის ფოთოლი (ბლომად), ზემოდან დავალაგოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ზემოდან ისევ კარტოფილის ფენით გადავფაროთ. ფავაბრტყელოთ ცომის მეორე ნაწილი და გადავაფაროთ ზემოდან კარტოფილს და გვერდებიც შემოვუკეცოთ. ზევიდან გადავსვათ ათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ ზედაპირის გაოქროსფრებამდე.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment