საჭმელი ნაძვის ხე

Approved by Natia Jinjolava




ოდესღაც საშობაო ნაძვის ხეს მთლიანად საჭმელი „სათამაშოებით“ რთავდნენ. ჩვენებურ ჩიჩილაკზეც ზუსტად იგივეს აკეთებდნენ - ბავშობაში ბებია-ბაბუსათან საახალწლო არდედეგებზე სტუმრობისას, კარგად მახსოს ჩვენი მეზობელი უზარმაზარ ჩიჩილაკს მანდარინებით, სუროს ფოთლებით, რაღაც წითელი ფერის კენკრის ტოტებითა და ჩურჩხელებით როგორ ამშვენებდა. მეგრელები ჯანჯუხას მუქი მელნისფერი ადესის წვენისგან ამზადებენ და უნდა გენახათ რა ლამზი იყო ჩიჩილაკის სპილოსძვლიფერ ტალღებში გაბნეული კვასკვასა სტაფილოსფერი მანდარინის ბურთები და მელნისფერი ჩურჩხელის ლოლუები, სხვათა შორის ჩინეთში ახალ წელს ნაძვისხის ნაცვლად დახუნძლულ მანდარინის ხეებს დგამენ - რაც უფრო მეტი მანდარინია ბუჩქზე, მით უფრო ბედნიერი და ბარაქიანი წელი ექნება მის იღბლიან მფლობელს.
მსგავის ექსპერიმენტის ჩატარების სურვილი დიდი ხანია მაწუხებდა და წელს, როგორც იქნა განვახორციელე - ჩემი სათადარიგო ნაძვის ხე (ძირითადი კვლავაც ტრადიციული მინის სათააშოებით იწონებს თავს) ჩვენი ვარდისფერი პანტერას მიერ საგანგებოდ ამ საქმისთვის ამოვლებული სამთხილიანი ჩურჩხელებითა და ჩემი საფირმო რეცეპტით დამზადებული პეჩენიებით მოვრთე.
ზოგადად, ნებისმიერ მეტ-ნაკლებად გემრიელ პეჩენიას მინიმუმ 2 კვერცხი, 200 გრ კარაქი, 150 გრ ნუში/თხილი/ნიგოზი მაინც უნდა. ამიტომ მისი, და მით უმეტეს, რამდენიმენაირის დამზადება იაფი სიამოვნება სულ არ არის, ორი პორცია პეჩენიის პროდუქტებით ნებისმიერი ძვირფასი და „სერიოზული“ ნამცხვარი გამოგივათ. ამიტომ, მარტო ნაძვის ხის მოსართავად თავის გაგიჟება არ ღირს. საბედნიეროდ, ჩემს ბლოკნოტებში ერთი საინტერესო რეცეპტი მეგულებოდა და მოვიძიე. თუმცა, გულახდილად გეტყვით, რომ ოდესმე თუ ამოვქექავდი და თანაც ბლოგში გამოვაქვეყნებდი, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე ნამნდვილად აღარ მეგონა. ახლავე აგიხსნით რატომ. 90-იან წლებში, პირველად რომ გამოგვირთეს გაზი, დენი, გათბობა, ცხელი წყალი და აღარაფერი იშოვებოდა ეს რეცეპტი იმ პერიოდის პირმშოა. ვინმე სახლში თითო ქილა მურაბას თუ აღმოაჩენდა, სასწრაფოდ ვიკრიბებოდით და საზეიმო ჩაის სმას ვაწყობდით. ჩვენ კი, მამას გასაოცარი მონდომების წყალობით სახლში სულ გვქონდა თითო ტომარა შაქარი, ფქვილი და დიდი ყუთით კარაქი. ამიტომ ერთადერთი რაც შეგვეძლო მეტი არაფერი რომ არ უნდოდა, ისეთი ნამცხვარი უნდა მოგვეფიქრებინა და როემლიღაც კულინარიულ წიგნში მივაგენით კიდეც. 
სწორედ ასე გაჩნდა პეჩენია „უ“ - ანუ „უარაფრო“. საკმაოდ გემერიელია და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფრის დამატება შეიძლება, ანუ ერთი პორციისგან შეგიძლიათ ნაწილი კაკაოთი ანუ შოკოლადის გააკეთოთ, ნაწილს დაფქული თხილი ან ნიგოზი შეურიოთ, ნაწილს დარიჩინი, ნაწილს ფორთოხლის ან ლიმონის გახეხილი ცედრა, ნაწილს ხსნადი ყავა და ყველა სხვადასხვანაირი გამოგივათ. თან რაც ყველაზე მთავარია, პეჩენია აბსოლიტურად თეთრად ცხვება და ამიტომ მისი ცომის ტორტის საღებავებით შეღებვა და წითელი გულების, ყვითელი ვარსკვლავების, ცისფერი ყვავილების გამოცხობა შეგიძიათ. მოკლედ, ყველაფერი თქვენ ხელში. კიდევ ერთი, ძალიან ნუ გააბრტყელებთ და დიდხანს ნუ აცხობთ, თორემ პეჩენია ძალიან გამაგრდება. მაგრამ თავზე შოკოლადს ან მოხარშული ბეზეს სარკალას თუ გადაუსმევთ, ისევ დარბილდება (ან სულაც ქვაბში შეინახეთ).

პეჩენია „უ“
ინგრედიენტები: 2 ჭ ფქვილი, ¾ ჭ შაქარი, 1/3 ჭ წყალი, ¼ ჩ/კ სოდა, 2 გრ ვანილი, 50 გრ მარგარინი, 1 მწიკვი მარილი

შაქარი და წყალი მივიყვანოთ ადუღებამდე, შაქარი რომ გადნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავაგდოთ მარგარინის ნაჭერი და მოვურიოთ მარგარინი რომ გადნეს. მარგარნიანი სიროპი ოთახის ტემპერატურის რომ გახება კოვზით გადავურიოთ ერთმანეთში არეული ფქვილი, მარილი, სოდა და ვანილი. უნდა მოიზილოს რბილი ცომი, რომელიც ჯამის კიდეებს შორდება და ხელზე არ გვეკრობა. საჭიროების შემთხვევაში ცოტა ფქვილი დავუმატოთ.
ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ ცომი 0,5 სმ-ის სისქეზე და ფიგურული საჭრელებით ამოვჭრათ (ნაძვის ხის სათამაშოებად გამოყენებას თუ აპირებთ, ნახვრეტიანი ფორმები შეარჩიეთ ან ზეთში ამოვლებული მაკარონები ან ასანთის რერები ჩაარჭვეთ, რმელსაც გამოცხობის მერე ამოაძრობთ და დარჩენილ ნახვრეტში ლენტს გაუყრით). დავალაგოთ ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე და გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ დაახლოებით 12-15 წუთი. გამომცხვარი პეჩენია, ძალიან რბილი (გაციებისას მაგრდება) და სრულიად თეთრია, რომ მზადდება მანამდე გადატკეცილი ზედაპირი ოდნავ უნაოჭდება. უმი არ გეგონოთ, თამამად გამოიღეთ ღუმელიდან, თორემ თუ დაბრაწავთ, ძალიან გამაგრდება და ვეღარ შეჭამთ.

ნაძვისხის დეკორაციების დამზადება სხვა ნამცხვრების ცხობისას მორჩენილი კვერცხის ცილისგანაც შეიძლება.
ნაძვის ხის ხრაშუნა სათამაშოები ბეზესგან
(გამოდის 30 ცალი)
ინგრედიენტები: 150 გრ შაქრის პუდრა, 3 კვეცხის ცილა, ნებისმიერი ფერის საღებავები (რასაკვირველია კულინარიული), ფერად-ფერადი შაქარი და კამფეტები ბეზეზე მოსაყრელად

ორ ცალ თუნუქის საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ღუმელი გავაცხელოთ 100°C-მდე. კვერცხის ცილები ავთქვიფოთ კარგად და მყარი, თეთრი ბეზე რომ გახდება ჩავათქვივოთ შაქრის პუდრა. ათქვეფილი ბეზე რამდენიმე ნაწილად გავყოთ და სხვადასხვა ფრად შევღებოთ. შეღებილი ბეზე საკონდიტრო ტომისკაში გადავიტანოთ და საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტზე რგოლები, რვიანები, ოვალები და სხვადასხვა ფიგურები დავსვათ (რომლებსაც ჩამოსაკიდებელი ლენტის გასაყრელი ნახვრეტი ექნებათ). თავზე ფერადი დეკორატიული კამფეტები მოვაყაროთ და ღუმელში შევდგათ 2-3 საათით, თან თუმელის კარი ოდნავ გამოღებული დავტოვოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

0 კომენტარი.:

Post a Comment