მარციპანის ტორტი

Approved by Mary Poppins


ბისკვიტი: 10 კვერცხი, 12 ს/კ შაქარი, 10 ს/კ ფქვილი, 1 ს/კ მდუღარე წყალი, 4-5 წვეთი ნუშის ესენცია;
კრემი: 4 კვერცხის გული (ან 2 მთლიანი კვერცხი), 100 გრ შაქარი, 500 მლ რძე, 40 გრ ფქვილი, 4-5 წვეთი ნუშის ესენცია, 1 პაკეტი ჟელატინი;
მოსართავად: 500 გრ მარციპანი, შაქრის პუდრა მარციპანის გასაბრტყელებლად, 10 ცალი კარამელში ამოვლებული ნიგვზის ლებანი, 12-14 cali ნუშის ნამცხვარი „ამარეტიენი“;
დასანამად: 100 გრ შაქარი, 100 მლ წყალი, 50 მლ ლიქიორი „ამარეტო“ (ან კონიაკი).

დავიწყოთ ბისწკვიტით: გავახუროთ ღუმელი. დაცხიმულ ტორტის ფორმაში ფსკერზე ჩავაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი. კვერცხის ცილები და გულები დავაცალკევოთ. ცილებს დავუმატოთ მარილი დანის წვერზე და ვთქვიფოთ მყარი ბეზეს მიღებამდე. ბეზე კარგად რომ აითქვიფება, თითო-თითო კოვზად ჩავათქვიფოთ 10 ს/კ შაქარი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის გულები, ნუშის ესენცია და 2 ს/კ შაქარი, თქვეფისას დავუმატოთ 1,5 ს/კ მდუღარე წყალი (მდუღარეს კვერცხში პირდაპირ თუ ჩაასხამთ და აგრევე არ მოურევთ, კვერცხი მოიხარშება!). გულები კარგად რომ აითქვიფება, წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ცილებში, მერე თითო-თითოდ მიქსერის ყველაზე დაბალ სიჩქარეზე ან ხის კოვზით ჩავაყაროთ ფქვილი და სოდა. კარგად და ფრთხილად ამოვურიოთ, მზა ცომი ჩავასხათ ტორტის ფორმაში და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთი. მზა ბისკვიტი, ფორმიდან ამოვიღოთ და გავაცივოთ.
ტორტის დასანამად წყლისა და შაქრისაგან მოვადუღოთ სქელი სიროპი და რომ გაცივდება დავუმატოთ ლიქიორი ან კონიაკი.
საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ რძე და დავდგათ გაზზე ასადუღებლად. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის გულები, შაქარი და ფქვილი. რძე დუღილამდე რომ მივა, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ძალიან წვრილი ნაკადით ჩავურიოთ ფქვილისა და კვერცხის მასაში. მიღებული კრემი დავაბრუნოთ რძის ქვაბში, დავუმატოთ ნუშის ესენცია და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. განუწყვეტლივ ვურიოთ და კრემი რომ შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ნურავითარ შემთხვევაში ნუ აადუღებთ, თორემ კვერცხი შეიკვრება, კრემი დაკურკუტდება და თან საშინელი კვერცხის ხული აუვა. იმისდა მიხედვით, როგორ ჟელატინს იყიდით (პაკეტზე წაიკითხეთ მისი მომზადების ინსტრუქცია), თუ საჭიროა წყალში დაალბეთ და შეგრილებულ კრემში ჩაურიეთ, ან პირდაპირ ცხელში გახსენით. მოკლედ, თქვენს ხელთ არსებული ჟელატინის მომზადების ინსტრუქციის თანახმად იმოქმედეთ, დაგჭირდებათ 1 ლ მასის შესასქელებლად საჭირო ოდენობის ჟელატინი.
კრემში ჟელატინს რომ გადავურევთ, ავიღოთ ბისკვიტი და ჰორიზონტალურად გავჭრათ შუაზე. ერთი ფენა ჩავდოთ იმავე ფორმაში რომელშიც ბიკვიტი გამოვაცხვეთ, კარგად დავნამოთ და ზემოდან დავასხათ კრემი მთლიანად. ბისკვიტის მეორე ფენა ქვედა მხრიდან დავნამოთ და კრემს ზემოდან დავაფაროთ. ძალიან ნაზად დავაწვეთ. ტორტიანი ფორმა შევფუთოთ ცელოფნით და მაცივარში შევდგათ მინიმუმ 3 საათით. კრემი სუფლედ რომ იქცევა, დანა ფრთხილად მოვატაროთ ტორტის კიდეზე (კრემი ფორმას თუ მიეწება, რომ მოვაცილოთ და ფრთხილად ამოვაბრუნოთ თეფშზე. ტორტი ამოვატრიალოთ და ზევიდანაც დავნამოთ.
დაფაზე ან მაგიდაზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა და მარციპანი 3 მმ-ის სისქეზე გავაბრყელოთ. ხელზე და საბრტყელებელზე რომ არ მიგვეწებოს, შაქრის პუდრა მოაყარეთ ხოლმე. მარციპანი თუ მეტისმეტად მაგარია, შეგიძიათ შეაზილოთ ცოტაოდენი პუდრა ან კარაქიც კი, მაგრამ არ გირჩევთ, ისე უფრო გემრიელია. გაბრტყელებული მარციპანი ტორტს გადააკარით და ზედმეტები მოაჭერით.
ტაფაზე დაყარეთ 50 გრ შაქარი და რომ გადნება და კარამელი შეყავისფრდება, კარამელში მთელ-მთელი ნიგვზის ლებნები ჩაყარეთ და ამოგანგლეთ. დაკარამელებული ნიგვზებით და ამარეტინებით მორთეთ ტორტი. ზევიდან ტაფაზე დარჩენილი კარამელიც მოაწუწეთ და გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვები მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment