საახალწლო ნაძვის ხე

Approved by Natia Jinjolava



ჩემი ოცნების ნაძვის ხეს ძალიან დიდხანს ვეძებდი. არა, თავიდან მინდოდა რომ ევროპული ტრადიციის თანახმად, საკუთარი ნაძვის ხე ქოთანში გამეზარდა. საიდან არ მოვიტანე ნერგები - წყნეთიდან, წაღვერის ტყიდან, სხვადასხვა საშენიდან თუ თბილისელი ყვავილების გამყიდვლებისაგან - არც ერთმა არ იხარა. ხან ფიჭვი მიხმებოდა ქოთანში, ხან ნაძვი და ხანაც სოჭი. არა ერთი უშედეგო ექსპერიმენტის შემდეგ, ფარხმალი დავყარე და ჩემი ყურადღება და მახვილი მზერა ხელოვნურ ნაძვის ხეებს მივაპყრე. მინდოდა, თან მაღალი, თან მსუქანი და ტოტები მიწამდე რომ დასთრევს. თბილისური მაღაზიების შემოვლის შემდეგ დილემის წინაშე აღმოვჩნდი - ფორმებისა და ზომების დიდი არჩევანი კი იყო, მაგრამ სულ ორი ტიპის მასალიგან დამზადებულ ხეებს მთავაზობდნენ - უფრო მუქებს, რომელიც მოკლე და ხშირი წიწვებით ნაძვს წააგავდა და ღია სალათისფრებს, რომელსაც ფიჭვისნაირი გრძელი და ფუმფულა წიწვები ქონდა. მე ფიჭვისნაირი მინდოდა, ოღონდ მუქი. ჩემი ოცნება ალბათ აუხდენლად დარჩებოდა, ვიღაცას რომ არ მოეფიქრებინა და ბიოლოგების გულის დასახეთქად და ჩემდა გასახარად ერთ ხეზე რომ არ გამოება ნაძვისა და ფიჭვის ტოტების უცნაური სიმბიოზი. ასე აღმოჩნდა ჩემს სახლში ბუნებაში არარსებული ჯიშის პლასტმასის მუტანტი...
ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია კი, როგორც ვარაუდობენ, ევროპაში ძველი კელტებისგან შემოვიდა. დრუიდები ნაყოფიერების სულების გულის მოსაგებად დეკემბრის ბოლოს ხეებზე ათასგვარ ძღვენს კიდებდნენ ხილისა და კაკლის სახით. მეორე ვერსიით, საშობაო ნაძვის ხის სამშობლოდ ელზასი ითვლება, სადაც თითქოსდა ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში რთავდნენ ხეებს. ცოტა მოგვიანებით, შუასაუკუნეებში ევროპის მოსახლეობა საშობაოდ სახლებს მარადმწვანე ხეების ტოტებით იმდენად ინტენსიურად რთავდა, რომ ქალაქებთან ახლოს მდებარე ტყეებისათვის ზიანის მიყენებისათვის საგანგებო სასჯელიც კი შემოიღეს და მსგავს დეკორაციებზე ოფიციალური აკრძალვებიც დააწესეს. 
„საშობაო ხის“ პირველი ხსენება მე-17 საუკუნის დასაწყისის გერმანულ ხელნაწერშია შემონახული, და სულ რაღაც ნახევარ საუკუნეში ნაძვის ხე გერმანული შობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ჯერ კიდევ 1708 წელს წერდა თავის ქალიშვილს ორლეანელი ჰერცოგინია, რომ გერმანიაში შობაზე ხეებს სანთლებით ამშვენებენ და ბავშვებისთვის საშობაო საჩუქრებსაც ამზადებენ. ეს ლამაზი ტრადიცია გერმანიიდან მალე ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოედო - მაგალითად ინგლისში პირველი ნაძვის ხე 1867 წელს აღმართეს უინძორების სასახლეში დედოფალი ვიქტორიას ბრძანებით. მაშინდელი ნაძვის ხე ყველა კანონიკური წესის დაცვით ირთვებოდა: თავზე ხუთქიმიანი „ბეთლეემის  ვარსკვლავი“ ამშვენებდა. ტოტებზე ჩამოკიდებული ვაშლები აკრძალულ ხილს ასახიერებდნენ, სანთლები ქრისტეს ვნებებს, თაფლაკვერები და ვაფლი კი ზიარების ცერემონიის უმარილო კვერის სიმბოლიკა გახლდა.
და რაც მთავარია, მაშნდელი ნაძვის ხე ჭერიდან თავდაყირა ეკიდა. რაც დღევანდელმა დიზაინერებმა დიდი სიამოვნებით აიტაცეს და ჯერ ჭერზე ჩამოსაკიდი მოდელები გამოუშვეს. მერე კი, აქაოდა ძნელი დასაკიდებელიაო, 2012 წლის მოდელებს იატაკზე დასადგამი ფეხი კენწეროს მხრიდან მიუერთეს (ითვლება, რომ ყირამალა ნაძვის ხე პატარა ბინაში უფრო ნაკლებს ადგილს იკავებს). დიზაინერთა, და არა მხოლოდ მათი, ფანტაზია ხის გადაყირავებით არ შემოფარგლულა, ნაძვის ხეს ზოგი წიგნებით აწყობს და ზოგიც ლუდის ბოთლებით. მაგალითად აბუ-დაბიში, სასტუმრო „Emirates Palace“-ის ვესტიბიულში აღმართული 13 მეტრიანი ნაძვის ხე მთლიანად ძვირფასი სამკაულებით (საათებით, კოლიეებით, სამაჯურებით) იყო მორთული. ახალი წლის ჩავლის შემდეგ 11,4 მილიონის ძვირფასეულობა იუველირს დაუბრუნეს. 
2007 წელს იაპონიის ერთ-ერთ უნივერმაღში გასაყიდად ატლასის ვარდებისგან აწყობილი 40 სანტიმეტრიანი ნაძვის ხე გამოფინეს. პარიზის ყვავილების სალონში აწყობილ ამ შედევრის თითოეულ ბუტონს საკმაოდ დიდი ზომის თითო ბრილიანტი ამშვენებდა და რაღა გასაკვირია, 1,8 მილიონი დოლარი რომ ღორდა. მყიდველთა მისაზიდად, ნაძვის ხეს ბონუსი მოყვებოდა - ვარდისფერი პლუშს  სათამაშო დათვი. 2008 წლის ყველაზე ძვირიანი ნაძვის ხე უკვე თავად იაპონლებმა დააპროექტეს. 24 კილოგრამი ბაჯაღლო ოქროსა და 240 ძვირფასი ქვისგან, რამდენიმე მეტრი მარგალიტის მძივებითა და ბრილიანტის გირლიანდებით მორთული ხე ჩამოასხეს. საიუველირო სახლი „Ginza Tanaka”-ს შედევრი 1,6 მილიონ დოლარად გაიყიდა. იგივე ფირმა ყოველ წელს 6 კილოგრამი ოქროსგან დამზადებულ კალენდარსაც უშვებს შეზღუდული რაოდენობით და მერე 250 ათას დოლარად ყიდის.
კვლავაც 2007 წელს სინგაპურულმა საიუველირო კომპანია „Soo Kee Jewellery“-იმ ნაძვის ხეს 913 კარატის 21798 ბრილიანტი დაახარჯა. გარდა ბრილიანტებისა 6 მეტრიან ხეს 465 ნათურა ანათებდა, უკაცრავად აჩახჩახებდა. ეს პროექტი 1,55 მილიონი დოლარი დაჯდა. ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ხე კი „სვაროვსკის“ დიზაინერებს ეკუთვნით. ბერლინის ცენტრში აღმარულ ნაძვის ხეს 40 ათასი კრისტალი ამშვებენდა. ქალაქის მთავრობას ხე რა დაუჯდა არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანელებმა იგივეს გამეორებაზე სასტიკი უარი განაცხადეს. 
პარიზში უკვე ათ წელიწადზე მეტია, ყოველწლიურად იმართება ცნობილი მოდების სახლების მიერ წარმოდგენილი ნაძვის ხეების გამოფენა გაყიდვა, სადაც „კრისტიან დიორის“ ირმის ფიტულითა და კრისტიან ლაკრუას ბოთლების პირამიდით შეგიძლიათ დატკბეთ.







სონია რიკიელი
















იზაბელ მარანი














კრისტიან დიორი















ჟან-პოლ გოტიე















კრისტიან ლაკრუა















კაშარელი















პოლ სმიტი















ელი სააბი
















ფრანსის კურკიჯანი










საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment