გროგი

Approved by Natia Jinjolava



ყველაზე მარტივი გროგის რეცეპტი ასეთია: ცხელი მაგარი ჩაი და ნებისმიერი მაგარალკოჰოლიანი სასმელი 4:1-ზე პროპორციით, ადვილი დასამზადებელიცაა და ძალიან მალეც ათბობს გაყინულ სხეულს და ასევე მარტივადაც ათრობს. ამიტომ გროგს, როგორც წესი, ერთ ჭიქაზე მეტს არ სვამენ.

გროგის ყველაზე გავრცელებული რეცეპტია:
„კაპიტნების“ გროგი
1 ჭ მაგარ ჩაიზე 1 ჩ/კ კონიაკი და 1ჩ/კ რომი. ასეთი გროგი გაგათბობთ, მაგრამ არ დაგათრობთ.

კლასიკური გროგი
100 მლ წყალი, 10 მლ იამაიკური მუქი რომი, ნახევარი ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ თაფლი.
წყალი გავაცხელოთ, მაგრამ ნუ ავადუღებთ, გავხსნათ თაფლი, დავუმატოთ ლიმონის წვენი და წვრილ ნაკადად ჩავასხათ რომი.

არსებობს მისი ბევრად უფრო რთული, დახვეწილი და პრეტენზიული რეცეპტებიც:
გროგი „ელიზა“ (ასე რატომ ქვია კაცმა არ იცის)
დაახლოებით 8-10 პორციაზე საჭიროა 100 მლ კონიაკი, 250 მლ რომი, 1 ლ უკვე მზა გლინტვეინი (გლინტვეინის რეცეპტები: http://chocolatecake-men.blogspot.com/2010/12/blog-post_05.html და http://chocolatecake-men.blogspot.com/2011/12/blog-post_4746.html),100 გრ ფინიკები, 1 ლიმონის და 1 ფორთოხლის წვენი, 100 გრ ნესვი, ½ ჭ კაკლეული (ნიგოზი, თხილი, ნუში, ბუსტუღი), 100 გრ ქიშმიში 150 გრ ქლიავის ჩირი, 1 კგ-იანი შაქარის ნატეხი, 0,5 ლ ჩაი, 150 გრ ფორთოხლის კანის ცუკატი და 100 გრ საზამთროს კანის ცუკატი... შავი ქლიავის ჩირი დავტენოთ კაკლებით. 
ფინიკებს გავაცალოთ კურკა და ქიშმიშთან, დანარჩენ ცუკატებთან და დატენილ ქლიავთან ერთად ჩავყაროთ ქვაბში. ქვაბს თავზე ცხაური დავახუროთ და ცხაურზე შაქრის ნატეხი დავდოთ. შაქარს რომი და კონიაკი დავასხათ და ცეცხლი წავუკიდოთ. რომს და კონიაკს მთლიანად ნუ დაასხამთ, შაქრის ნატეხი დიდია და წვის პროცესში ალკოჰოლი თანდათანობით დაუმატეთ რომ არ ჩაქრეს. ცეცხლწაკიდებული შაქარი დნობას დაიწყებს და ჩირზე დაეწვეთება. ბოლომდე რომ დადნება, დავასხათ  ცხელი ჩაი, გლინტვეინი და წვენები. კარგად მოვურიოთ და ცხლადვე მივირთვათ.
გემრიელად მიირთვით!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment