შოკოლადის ბრაუნი

Approved by Mary Poppins



მიუხედავად იმის, რომ ამერიკელები არ მიყვარს (კაცმა არ იცის რატომ. არ მიყვარს და მორჩა), უნდა ვაღიარო, რომ რაღაც-რაღაცეები ძალიან კარგი აქვთ. მაგალითად: გასართობი კინოინდუსტრია, დიდი კანიონი, ნაიკის ბოტასები და ეფლი. ყველა სიკეთესთან ერთად, გარკვეული მიღწევები კულინარიაშიც აქვთ და მათ რიცხვში შედის ჩემი უსაყვარლესი შოკოლადის ბრაუნიც.
ზოგს კრემიანი ნამცხვარი უყვარს, ზოგსაც კექსივით მშრალი. ბრაუნი რაღაც შუალედურია - უკრემო კექსი, ოღონდ კრაწუნა ზედაპირით და სველი ცომიანი გულით. კლასიკური ბრაუნი დაზეპილი და სველი უნდა იყოს, მაგრამ რაც მეტხანს გააჩერებთ ღუმელში უფრო მეტად შრება და ცხვება. ამიტომ მისი კონსისტენცია მთლიანად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. განსაკუთრებულად გემრილელია ბრაუნის ნიგვზიანი ვერსიები. მოკლედ, დღეს ამ შესანიშნავი და მარტივი ნამცხვრის ორ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

შოკოლადის ბრაუნი გორდონ რამზისაგან
ინგრედიენტები: 180 გრ 70%-იანი მწარე შოკოლადი (დატეხილი), 280 გრ კუბიკებად დაჭრილი კარაქი, 3 დიდი ან 4 საშუალო ზომის კვერცხი (მსუბუქად ათქვეფილი), 280 გრ შაქარი, 2 ჩხირი ვანილისგან გამოფხეკილი ვანილის თესლი, 125 გრ ფქვილი, 50 გრ კაკაო, 85 გრ რძიანი შოკოლადი (დატეხილი), 85 გრ თეთრი შოკოლადი (დატეხილი), კარაქი თუნუქის ფირფიტის დასაცხიმად, თუნუქის საცხობი ფირფიტა (სასურველია ტეფლონიანი თუ არა და პერგამენტის ქაღალდი დაუფინეთ)
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. შოკოლადი და კარაქი დიდი ზომის ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოვათავსოთ და ჩავდგათ მდუღარე წყლიან ქვაბში, შოკოლადი წყლის აბაზანაზე ნელ-ნელა რომ გადნეს. შოკოლადი რომ გადნება, ჯამი ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ. კვერცხები, შაქარი და ვანილი ვთქვიფოთ, სანამ თხელ კრემისმაგვარი კონსისტენციის მასას არ მივიღებთ. კვერცი და შაქარი ნელ-ნელა ჩავურიოთ გამდნარ და გაგრილებულ შოკოლადს. შემდეგ ჩავაყაროთ კაკაო და ფქვილი გადავურიოთ ძალიან ფრთხილად. ბოლოს დავუმატოთ რძიანი და თეთრი შოკოლადის ნატეხებიც. საცხობ ფირფიტას წავუსვათ კარაქი და დავაფინოთ პერგამენტი. დავასხათ ცომი და მოვასწოროთ ფირფიტის მთელ ზედაპირზე. გამოვაცხოთ 15-30 წუთი სანამ თავზე ხრაშუნა ქერქს არ გაიკეთებს (გული კი სველი და რბილი უნდა დარჩეს). გაგრილებული ნამცხვარი დავჭრათ კუბიკებად და მივირთვათ ოთახის ტემპერატურის.

შოკოლადის ბრაუნი ნიგვზით
ინგრედიენტები: 200 გრ კარაქი, 150 გრ შავი შოკოლადი (დაქუცმაცებული), 4 დიდი კვერცხი, 2 ჭ შაქარი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, ½ ჩ/კ მარილი, ½ ჭ ფქვილი, ½ ჭ უხეშად დაჭრილი ნიგოზი
გავახუროთ ღუმელი 170°C-მდე. წავუვათ კარაქი საცხობ ფირფიტას და დავაფინოთ პერგამენტი. საშუალო ზომის ქვაბში დაბალ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი და შოკოლადი, ვურიოთ სანამ შოკოლადი არ გადნება და ერთგვაროვან მასად არ ქიცევა. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ. დიდ ჯამში ავთქვიფოთ კვერცხები და შაქრი, კარგად რომ აითქვიფება, ჩავუმატოთ შოკოლადის კრემს, დავუმატოთ მარილი და ვანილი. ბოლოს ჩავურიოთ ფქვილიც. დიდხანს თქვეფა არ უნდა, უბრალოდ გადაურიეთ. სულ ბოლოს ჩავაყაროთ ნიგოზიც. ბრაუნის ცომის მეტისმეტი თქვეფისაგან სტუქტურას იცვლის და მერე ნამცხვარი დაზეპილი აღარ გამოდის. ცომი გამზადებულ საცხობ ფირფიტაზე დავასხათ. დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. კარგად რომ გაცივდება დავჭრათ კუბიკებად და მივირთვათ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

8 კომენტარი.:

  1. Anonymous

    დიდი მადლობა მშვენიერი რეცეპტისათვის.ერთხელ გამოვაცხვე ბრაუნი,მაგრამ ახლა მეორე ვარიანტსაც მოვსინჯავ. კარგია რომ დაწვრილებით გვაწვდით იმფორმაციას ცხობის პროცესის შესახებაც. ასე რომ მადლობა

  1. Mary Poppins

    არაფრის:) მადლობა თქვენ კეთილი კომენტარისთვის.

  1. ნინო

    მადლობა დიდი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე სოდა სჭრდება თ არა, თქვენ არ გიწერიათ ზოგ რეცეპტში კი წერია.

  1. Mary Poppins

    ოცამდე სხვადასხვანაირ ბრაუნს ვაკეთებ და სოდა არცერთს არ უნდა, ამ ნამცხვრის თავისებურება ზუსტად იმაშია, რომ არ უნდა ამოვიდეს. ზევიდან ხრაშუნა, შიგნით კი დაზეპილი და ჩაცომებული, სველი სტრუქტურა უნდა ქონდეს. ამიტომ მისი ბევრი თქვეფაც არ შეიძლება, მერე ჩვეულებრივი ნამცხვარი გამოდის :) ალბათ არის სოდიანი რეცეპტებიც, მაგრამ ბრაუნის მთელი მუღამი მის ამოუსვლელობაშია :)

  1. Anonymous

    კვერცხის გულები უნდა ავთქვიფოთ თუ მთლიანად?

  1. Mary Poppins

    კვერცხი და შაქარი ითქვიფება ერთად. ეს ნამცხვარი არ ამოდის, ამიტომ გულებს და ცილებს ცალ-ცლკე თქვეფა არ უნდა.მზა ბრაუნი გარედან ხრაშუნა, შიგნით კი სველი და ჩაცომებულია.

  1. nikoloz gogoladze

    საინტერესოა, ამ რეცეპტს ვეძებდი.. უახლოეს მომავალში გამოვცდი..


    mary poppins შეგიძლია საკონტაქტო მისამართი მომცე ან facebook , skype, email...

  1. Mary Poppins

    ფეისბუქზე პირდაპირ Merry Poppins-ით მიპოვით ან აქვე, მარცხენა ქვემო კუთხეში ნახავთ მერი პოპინსის ფეისბუქის აქაუნთის ლოგოს, დაუწკაპუნეთ და პირდაპირ ჩემს აქაუნთზე მოხვდებით.

Post a Comment