ნაძვის ხე-ქაფქეიქები

Approved by Natia Jinjolava


ამ საახალწლო დესერტისთვის დაგჭირდებათ: ნებისმიერი სახეობის ქაფქეიქები და ტორტის მოსართავი კრემი, მწვანე ფერის საღებავი კრემისთვის და ტორტის მოსართავი ბრჭყვიალა და ვარსკვლავის ფორმის კამფეტები - ასეთ რეცეპტებს მე თვითონ ვერ ვიტან. ყველაფრის რეცეპტი თუ მოვიძიე, მორთვასაც მოვახერხებ როგორმე. ამიტომ ქვევით ქაფქეიქის ცომის რამდენიმე ვარიანტს და კრემის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ. თუმცა, შეგიძილიათ მე მომბაძოთ და „7 Day“-ს ან ნებისმიერი სხვა ფირმის მზა კექსები იყოდოთ და რომელიმე სხვა ნამცხვარზე მორჩენილი კრემით მორთოთ.

შოკოლადის ქაფქეიქები
(გამოდის 12 ცალი)
ინგრედიენტები: 150 გრ კარაქი, 150 გრ შაქარი, 100 მლ რძე, 5 ს/კ კაკაო, 2 კვერცხი, 1 ჩ/კ სოდა ძმრით, 200-250 გრ ფქვილი
ქვაბში ჩავასხათ რძე, ჩავყაროთ შაქარი, კაკაო და კარაქი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვდაგთ და შევაგრილოთ. გაცივებულ მასაში ჩავამატოთ კვერცხი და მოვურიოთ. ჩავამატოთ ფქვილი, სოდა/ძმრით და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. უნდა გამოვიდეს სქელი კრემის სისქის ფომი. ჩავასხათ ცხიმწასმულ ტარტალეტკის ალუმინის ან ქაღალდის ფორმებში (ფორმა 2/3-ზე გავავსოთ) და 180 °C-მდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით შევდგათ.
მოვრთოთ ნებისმიერი კრემით.

ვანილის ქაფქეიქები
(6 ცალი)
ინგრედიენტები: 100 გრ ფქვილი, 100 გრ შაქარი, 50 გრ კარაქი, 1 კვერცხი, 50 მლ ნაღები, 1 მწიკვი მარილი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 0,5 ჩ/კ სოდა ძმრით
დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან კრემის კონსისტენციის სანამ არ გახდება, დავუმატოთ კვერცხი და ცოტა ხანი კიდევ ვთქვიფოთ. ჩავურიოთ ფქვილი, მარილი, ვანილიანი შაქარი და სოდა ძმრით. ჩავასხათ ნაღები (შეგიძლიათ შეცვალოთ არაჟნით) და კარგად მოვურიოთ. გამზადებული კრემი ჩავასხათ ცხიმწასმულ ტარტალეტკის ფორმებში (2/3-ზე ავავსოთ). გამოვაცხოთ 20 წუთი 175°C-მდე გახურებულ ღუმელში. რომ გაცივდება მოვრთოთ კრემით.

მოხარშული კრემი: 0,5 ლ რძე დავდგათ გაზზე და გავაცხელოთ. სანამ რძე ცხელდება 4 კვერცხის გული (ან 2 მთლიანი კვერცხი), 100 გრ შაქარი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი და 50 გრ ფქვილი ავთქვიფოთ რაც შეიძლება კარგად. რძე რომ გაცხელდება (ნუ ავადუღებთ), წვრილი ნაკადით ჩავურიოთ კვერცხიან მასაში. კვერცხიანი და რძიანი კრემი დავაბრუნოთ რძის ქვაბში და ისევ ცეცხლზე შემოვდგათ. შეუწყვეტლივ ვურიოთ სანამ კრემი არ შესქელდება. მაგრამ ნუ ავადუღებთ, თორემ კვერცხი მოიხარშება და შეიკვრება. კრემი გავაციოთ. 200 გრ დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე და თითო-თითო სუფრის კოვზობით ჩავათქვიფოთ გაგრილებული მოხარშული კრემი. კრემი რომ არ აიჭრას, მოხარშული კრემიც და კარაქიც ერთნაირი ანუ ოთახის ტმპერატურის უნდა იყოს. კრემმა ქაფქეიფების მორთვისას ფორმა უკეთესად რომ შეინარჩუნოს წინასწარ რამდენიმე საათით მაცივარში ჩავაციოთ.

ახლა ნაძვის ხე-ქაფქეიქებს დავუბრუნდეთ: გამზადებული კრემი მწვანე საღებავით შევაფერადოთ, ვარსკვლავიანი თავის მქონე საკონდიტრო ტომსიკაში ჩავასხათ და სურათზე როგორცაა ნაჩვენები ზუსტად ისე მოვრთოთ ქაფქეიქები. ჩვენი კრემის ნაძვის ხე უფრო ბუთქუნა რომ გამოვიდეს, ხის საფუძვლად კრემით ჯერ დიდი ზომის წვეტიანი ვარდი ან  სპირალურად დახვეული პირამიდა დასვით (შოკოლადის ქაფქეიქებს რომ აზის სურათზე დაახლოებით ისეთი, ოღონდ უფრო პატარა) და იგი მორთეთ მერე ვარსკვლავის ფორმის ტოტებით.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment