როგორ გააძევა საშობაო სუფრიდან ოკეანისგადაღმელმა ინდაურმა აბორიგენი ბატი

Approved by Mary Poppins



სანამ კოლუმბი ამერიკაში ჩააღწევდა და მერე კიდევ დიდხანს (ანუ სანამ ევროპელები ინდაურის გემოს გავიგებდით), დასავლეთ ევროპაში შობას შემწვარი ბატით ხვდებოდნენ. საქართველოში ბატს პრაქტიკულად არ ვჭამთ და ისიც ვიცი რატომ. არა, ინდაური ბატზე გემრიელი არაა, პირიქით. უბრალოდ მისი მოვლა, დაჭერა, გაპუტვა და მომზადებაა უფრო ძნელი. ევროპაში კი ცოტა სხვა მიზეზია. ქართველებისგან განსხვავებით, ეს ყველაფერი იქაურ ფერმერებს არ ეზარებათ და ამიტომ ბატს დღესაც აქტიურად მიირთმევენ, უბრალოდ ინდაური ბატზე ბევრად უფრო ნეიტრალური გემოსია და რაც მთავარია, დიეტურია. ბატი ჩვენთან მხოლოდ „გუდვილში“ იყიდება და ისიც საფრანგეთიდან ჩამოტანილი. ყოველ შემთხვევაში, ვისაც მრავაფეროვნება ჩემსავით გიყვარს, ეგებ მოინდომოთ და გააკეთოთ. საცივის რეცეპტს ყველგან გაიგებთ (ბოლოს და ბოლოს მეზობელს ან მეგობრის დედას კითხავთ) და მე რაიმე ახალს და იშვიათს შემოგთავაზებთ. 

ბატი წაბლით
ინგრედიენტები: 400 გრ წაბლი, 3 კგ-იანი  ბატი, 2 დიდი მჟავე ვაშლი, ბატის ღვიძლი და გული, 1 პატარა პური, 1 ს/კ კარაქი, 1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ მარილი, 1 მწიკვი თეთრი პილპილი, ხმელი მაიორანი და აბზინდა, 2 ჩ/კ მარილი, ½ ჭ ლუდი, ½ ჭ მშრალი წითელი ღვინო
წაბლი დანით ფრთხილად გავფცქვნათ, ჩავყაროთ მარილიან მდუღარე წყალში და თავდახურულ ქვაბში 30 წუთი ვხარშოთ. მოხარშული წაბლი გავაცივოთ. ვაშლებს გული ამოვაჭრათ, ჯერ ოთხად გავჭრათ და მერე პატარა კუბიკებად დავაქუცმაცოთ. წვრილად დავჭრათ ბატის გულ-ღვიძლიც. თეთრი პური ცივ წყალში დავალბოთ. კარაქში დავბრაწოთ გულ-ღვიძლი. პური გავწუროთ. თითოეული წაბლი გავჭრათ 8-8 ნაწილად. გაწურული პური, ვაშლი, წაბლი, გულ-ღვიძლი და კვერცხი გული ერთმანეთში ავურიოთ. ამ ფარშს მოვაყაროთ 1 ჩ/კ მარილი, მაიორანი და აბზინდა და დავტენოთ მარილმოყრილი ბატი, შევუკრათ ფეხები და 200°C-მდე გახურებლ ღუმელში ცხაურზე ზურგით ზევით დავაწვინოთ და ქვევიდან საცხობი თუნუწის ფირფიტა შევუდგათ (ბატიდან ჩამოწვეთებული ცხიმი რომ დაგროვდეს). ბატს შესაწვავად დაახლოებით 3-3,5 სთ დასჭირდება. 1,5 სთ-ის ს
შემდეგ ბატი გვერდზე დავაწვინოთ და ქვეშ შედგმულ ფირფიტაზე ცოტა წყალი დავასხათ. 30 წუთში მეორე გვერდზე გადავაბრუნოთ. 2 საათის შემდეგ კი ზურგზე დავაწვინოთ. და რამდენიმე ადგილას დანის წვერით ჩავჩხვლიტოთ (ზედმეტი ცხიმი რომ გამოვიდეს). ბოლო 30 წუთი რომ დარჩება, ბატს ლუდი გადავასხათ. ბატი რომ გამზადდება გამორთულ ღუმელში კიდევ 20 წუთი გავაჩეროთ.
ამასობაში სოუსი მოვამზადოთ: ბატისგან გამონადენი ცხიმი ცოტა ცხელი წყლით გავაზაოთ, დავუმატოთ წითელი ღვინო, მარილი, პილპილი, პატარა ქვაბით დავდგათ გაზზე და ვადუღოთ სანამ ჩვენთვის სასურველ კონსისტენციამდე არ შესქელდება.

ბატი ვაშლით და ხახვით
ინგრედიენტები: 1 ცალი 2-2,5კგ-იანი ბატი, 250 გრ ვაშლი, 8 ნაჭერი პური, 250 გრ ხახვი, 30 გრ კარაქი, 1 კონა ოხრახუში, 2 კვერცხი, 125 მლ რძე, ¼ ჩ/კ ხმელი მაიორანი, ½ ჩ/კ ხმელი აბზინდა, მარილი და პილპილი, 500 მლ წითელი ღვინო, 1-3 ს/კ ვაშლის პიურე, 2-3 ს/კ ფქვილი
ვაშლი და პური დავჭრათ კუბიკებად. ხახვი დავჭრათ წვრილად და 2 წუთი კარაქში მოვთუშოთ. ხახვი ტაფიდან თეფშზე გადავდოთ და ტაფაზე დარჩენილ კარაქში პურის კუბიკები დავბრაწოთ. ოხრახუში დავჭრათ და პურს დავუმატოთ. კვერცხი და რძე ავთქვიფოთ და ტაფაზე პურს და ოხრახუშს დავასხათ. გავაჩეროთ 10 წუთი. ომლეტს ვაშლი და ხახვი გადავურიოთ. შევკმაზოთ მაიორანით, აბზინდით, მარილითა დაპილპილით. გარეცხილ, გასუფთავებულ და გამშრალებულ ბატს მოვაყაროთ მარილი და დავტენოთ ვაშლიანი ომლეტით. ბატი მაღალბორტიან ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოვათავსოთ. ჩავუსხათ 250 მლ ცხელი წყალი და 60 წუთი 180°C-ზე ვბრაწოთ. გადავაბრუნოთ და კიდევ 2 საათი გავაჩეროთ ღუმელში თან ღვინოც დავასხათ. გამზადებული ბატი ლანგარზე გადმოვიღოთ. მისი შენაწვავი სითხე კი პატარა ქვაბში გადავწუროთ, დავუმატოთ ვაშლის პიურე და ფქვილი და დაბალ ცეცხლზე ცოტათი შევასქელოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment