ჩვენში შემოპარული აზიური სუნელები

Approved by Natia Jinjolava

ამ დღეებში ჩვენს ბლოგზე სხვადასხვა სუნელზე იმდენი ინფორმაცია დამხვდა, მეც მოვინდომე მომეყოლა მადის აღმძვრელ რომელიმე წარმომადგენელზე, რომელთა უმრავლესობაც უმეტესწილად სასარგებლოა კიდევაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ლამაზია.
ვარსკვლავა ანისულა
აი, თუნდაც ბადიანი ვარსკვლავა (Illicium)  მაგიდაზე უბრალოდ დადებულიც კი ყურადღებას იქცევს. მართალია, საქართველოში ნაკლებად გამოიყენება, თუმცა ნამდვილი გლინტვეინის მომზადებისთვის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. მას განუმეორებელი, ადვილად საცნობი, ანისულის მოტკბო სურნელის მქონე ძლიერი გემო აქვს,  ამიტომ მისი გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ, 1,5 -2 ლ სითხეზე ბადიანის ერთი კბილანი ან 1/3 ჩაის კოვზი ფხვნილი სავსებით საკმარისია. ბადიანი ვარსკვლავა უხდება ღორის ხორცისგან მომზადებულ კერძებს, ერთ ულუფაზე მზადებისას 1/3კბილანიდან - ერთ კბილანამდე შეგიძლიათ დაუმატოთ.
ამ სუნელით კიტრსაც კი ამჟავებენ, ის სხვადასხვა მარინადის ხშირი სტუმარია, ტკბილ კერძებში უმეტესად პუდინგებში, ტკბილ ფაფებში, ალუბლიან დესერტებში გვხვდება.
ბადიანი შემდეგ სანელებლებთან „მეგობრობს“: ნიორთან, ჯანჯაფილთან, მიხაკ-დარიჩინთან, სხვადასხვა წიწაკასთან. დესერტებში - ვანილთან, დარიჩინთან, ძირტკბილასთან.
ილი (Elettaria cardamomum L.)
ილი
ილი ინდური 3-4 მეტრიანი ბალახოვანი  მცენარეა. საუკუნეების წინ, ხალხს პირნათლად სჯეროდა, რომ ამ მცენარის საშუალებით ყველა დაავადება განკურნებადია. ილი საინტერესოდ იზრდება, ვაშლივით სეზონზე კი არ კრეფენ, არამედ მთელი წლის განმავლობაში სიმწიფის და მიხედვით წყვეტენ. რადგანაც ეს სუნელი ინდურია, რაღა თქმა უნდა, რომ კულინარიაში ილის გამოყენების  ყველაზე  მეტ ვარიანტს სწორედ ინდოეთსა და მის სამეზობლოში შევხვდებით. არაბებში ყავას ილით მოგართმევენ, რაც დიდი პატივის ნიშანია. ჩვენთვის ილი, ჯანჯაფილი, მიხაკ-დარიჩინი, ვანილი, ჯავზის კაკალი (მუსკატი) სახელით თუ არა, გემოთი აუცილებლად აღდგომის კულიჩთან (პასკასთან) ასოცირდება. დასავლეთის ქვეყნებში ილს ძეხვეულში, მარინადებში და სოუსებშიც ამატებენ. იყენებენ მხოლოდ ილის თესლს. თანაც ცდილობენ, რომ მხოლოდ გამოყენების წინ დაფქვან, თორემ სუნის სიმძაფრე იკარგება და მხოლოდ მისი პიკანტური სიმწარე რჩება. ამიტომ, აირჩიეთ ილი დაუფქვავ მდგომარეობაში.
ვანილი (Vanilla)
ვანილი
თუ არ გჯერათ, რომ ორქიდეა კიდევ  შეიძლება გემრიელი იყოს, შეხედეთ ვანილს. არა, ნუ აქცევთ ყურადღებას იმას, რომ ის, რასაც ხედავთ ლობიოს გამხმარ და რატომღაც ზეთიან პარკუჭსუფრო წააგავს. ვანილი ლამაზი სანახავია ყვავილობისას, ტყუილად კი არ დაურქმევიათ „ვანილისფერი“. სამაგიეროდ ამ ორქიდეის დამუშავების ტექნოლოგიურად საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესის შედეგი - უღიმღამო პარკუჭი არნახული სურნელითა და ასეთივე არნახული ფასით გამოირჩევა. (ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სუნელია მსოფლიოში).  საბოლოო შედეგის მისაღწევად საჭიროა: ბოლომდე დაუმწიფებელი პარკუჭები 20 წამით მოათავსონ ცხელ წყალში 85 c. შემდეგ ერთი კვირა 60 გრადუსზე ფერმენტაციისთვის გააჩერონ, რამოდენიმე ხანში კი მას  ჩრდილში გააშრონ  რამდენიმე თვის განმავლობაში.
თუ საკათარი კულინარიული შესაძლებლობების გჯერათ და ამისთვის განსაკუთრებული დესერტის რეცეპტი მოძებნეთ შესაბამისი პროდუქტების თანხლებით და  ნამდვილი ვანილიც კი არ დაგენანათ, მაშინ აიღეთ ვანილის პარკუჭი და მომარჯვებული ბასრი დანის წვერით ერთი ბოლოდან მეორემდე გაჭერით სიგრძეზე. დანის ბლაგვი მხარით შეაგროვეთ ყველა შავი თესლი ვანილის შიდა ნაწილში. შეგიძლიათ დაუმატოთ დესერტს. გახსოვდეთ, რომ კრემებში მუსებსა და სუფლეებში ვანილი სჯობს ბოლოს ჩადოთ, როცა მასა უკვე ცოტა მაინც შეცივებულა.
დარჩენილ პარკუჭსაც საპატიო მისია დააკისრეთ. ჩადეთ ის ჰერმეტულად დახურულ ქილაში შაქრის ფხვნილთან ერთად, 1-2 კვირაში ვანილის შაქარი მზად გექნებათ.
ჯანჯაფილი (Zingiber officinale)
ჯანჯაფილი
ჩინურ-ინდური წარმოშობისაა. ითარგმნება, როგორც უნივერსალური წამალი. გამოიყენება გამხმარ-დაფხვნილი, ცოცხლად დახეხილი, დაშაქრული, დამარინადებული, დასპირტული და ვინ იცის კიდევ რამდენნაირი. ჯაჯნაფილს  (არა ადგილობრივი წარმოების) ტრადიციულ თაფლაკვერასა  და იგივე სააღდგომო „კულიჩში“ ადვილად ამოიცნობთ. სუნელთა შორის მას ყველაზე დიდი დოზით იყენებენ, როგორც ტკბილში, ისე მწარეში და მჟავეში. ცოცხალი ფესვი მაცივარში ერთ კვირამდე ინახება, გამხმარი - 4 თვემდე. გამხმარ ჯანჯაფილს უფრო გამოკვეთილი გემო აქვს, 1ჩაის კოვზი - ცოცხლად დახეხილ 1 სუფრის კოვზს უდრის. სიმძაფრით კი ყველას ჩამორჩება ფხვნილი, რომელიც ორიგინალის გემოს და სურნელის მხოლოდ „მოკლე შინაარსს“  გადმოსცემს.
სუნელების სხვადასხვა ყაიდაზე გამოყენაბა  დედამიწის გარშემო მოგზაურობას ჰგავს. მაგალითად, ინდოეთში რომ აღმოჩნდეთ, საკმარისია ნაცნობი ... თუნდაც ხმელი ქინძის თესლი გავარვარებულ ტაფაზე ოდნავ მოხალოთ, არაბეთის ნახევარკუნძულზე სამოგზაუროდ თურქული ყავის მომზადებისას ილის რამდენიმე დაჩეჩქვილი თესლი ჩააგდეთ ჯეზვეში, ეფექტი გარანტირებულია.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

0 კომენტარი.:

Post a Comment