შოკოლადის „ფონდიუ“

Approved by Natia Jinjolava

შვეიცარიელი მწყემსების მიერ მოგონილი ამ მშვენიერი კერძის სახელწოდება „ფონდიუ“ ფრანგული სიტყვა fonder-დნობიდან წამოვიდა და არც მეტი, არც ნაკლები, შვიდი საუკუნის არსებობას ითვლის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მის ავტორობას ფნარგები, გერმანელები, იტალიელები და თვით მონღოლებიც კი იბრალებენ. პრინციპში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, პირველად ვინ და სად დაამზადა, ფაქტი ერთია, რომ ჭეშმარიტი, ორიგინალი ფონდიუ  ძალიან გემრიელია და საუკეთესო ხარისხის შვეიცარიული ყველისაგან მზადდება. მხოლოდ  1964 წელს მოუვიდა თავში ვინმე ეგლის შოკოლადის ფონდიუს დამზადეა.
კლასიკური შოკოლადის ფონდიუ ასეთია: სპეციალური ჭურჭელი ფონდიუსთვის, 400 გ შავი შოკოლადი, 200 მლ ნაღები, ცოტა წყალი და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ხილი (მსხალი, ვაშვლი, ატამი, გარგარი, ყურძენი, მარწყვი და სხვ.).
დაამტვრიეთ შოკოლადი და ცოტა წყლის დამატებით დაბალ ცეცხლზე გაადნეთ რაიმე ჭურჭელში ან პირდაპირ ფონდიუს ქვაბში. ჩაამატეთ ნაღები და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ძალიან სქელი თუ გამოვიდა, დაუმატეთ რძე ან წყალი და მიიყვანეთ თხელი არაჟნის კონსისტენციამდე. გადაიტანეთ ფონდიუს ქვაბში, ცეცხლის ალი ძალიან დაბალ დონეზე დააყენეთ, მოიმარჯვეთ სპეციალური ჩანგლები და გემრიელად მიირთვით.
ძირითად რეცეპტს შეგიძლიათ დაუმატოთ კონიაკი, რომი, ფორთოხლის ლიქიორი, ყავა, დარიჩინი, არახისი, ნიგოზი, ნაღების ნაცვლად რძე, შავი შოკოლადის ნაცვლად რძიანი ან თეთრი შოკოლადი... მაგალითად: თეთრიი შოკოლადი გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში და ჩაუმატეთ უკვე გამზადებულ მასას, მსუბუქად გადაურიეთ და მარმარილოს ეფექტს მიიღებთ.
გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ რეცეპტს:
„თოვლის ფიფქი“
300 გ თეთრი შოკოლადი, 500 გ ნაღები, 50 გ ნაღების ან პიტნის ლიქიორი, 30-40 გ თეთრი რომი, 150 გ კეშუს კაკალი, ½ ს/კ თეთრი ღვინო, 2 ს/კ შაქრის პუდრა, 2 ს/კ შაქარი, მიხაკი და დარიჩინი, მსხალი, ბანანი, კექსი.
ღვინოში ჩაყარეთ შაქარი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ მიხაკ-დარიჩინი. სიროპში ჩაალაგეთ მსხლის ნაჭრები და ხარშეთ ნახევრადგამჭვირვალე მდგომარეობამდე. მსახლი ამოიღეთ სიროპიდან და სწრაფად გააგრილეთ. ფონდიუს ქვაბში ჩაასხით ნაღების 2/3, დაუმატეთ თეთრი შოკოლადი, ლიქიორი და რომი. მორევა-მორევაში გაადნეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი კაკალი. დარჩენილი ნაღები ათქვიფეთ შაქრს პუდრასთან ერთდ. ფონდიუსთან ერთად გამოიტანეთ, ბლინები ათქვეფილი ნაღებით, ღვინოში მოხარშული მსხალი, დაჭრილი ბანანი და კექსი.
შოკოლადის ფონდიუ ალუბლით
200 გ რძიანი შოკოლადი, 150 მლ ნაღები, 1 ს/კ თაფლი, 600 გ ყუნწიანი ალუბალი. პიტნის ფოთლები.
ნაღები მიიყვანეთ დუღილამდე, დაუმატეთ პიტნის ფოთლები. გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 5 წუთი. ფოთლები ამოიღეთ, ნაღები გადაასხით ფონდიუს ქვაბში, დაუმატეთ შოკოლადი და თაფლი. გააცხელეთ და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამზადებულ სოუსში ამოაწეთ ალუბალი და მიირთვით. ფრთხილად, კურკა არ გადაყლაპოთ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა

0 კომენტარი.:

Post a Comment