ლამაზი ფრანგული სიტყვა ვუაერიზმი და ჩემი მეზობლები

Approved by Mary Poppins

ძველი მექსიკური ანდაზა გამახსენდა: „სიყვარული ბრმაა, მაგრამ შენი მეზობლები არაო“. ვისაც კი მაღალსართულიან კორპუსში უცხოვრია, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მართლაც ბრძნული გამონათქვამია და თან მარტო სიყვარულს კი არა ჩვენი ცხოვრების ყველა წვრილმან თუ მსხვილმან მომენტს ეხება.
ჩემს კორპუსში 208 ბინა, 14 სართული, 6 სადარბაზო, სადაბაზოში ორ-ორი ლიფტი და თითო სართულზე 3 ბინაა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მახვილი თვალი, გამჭრიახი გონება, რკინის ლოგიკა, უტყუარი დედუქცია და სხვების ცხოვრების დეტალების ცოდნა უნდა გქონდეს, რომ ზუსტად გამოიცნო პირველ სართულზე ლიფტში შესული ადამიანი სად გამოვიდა და ვის ესტუმრა. მსგავსი ნიჭით, როგორც წესი შვილებდაზრდილი და საქმეშეთხელებული დიასახლისები არიან დაჯილდოებული. ალბათ, რამდენი კარგი და კეთილი საქმე გაკეთდებოდა ამხელა პოტენციალს რაიმე სასარგებლოს რომ ახმარდნენ. პარადოქსია, მაგრამ ასეთი ადამიანები სამსახურში კარგი პროფესიონალები არასდროს არ არიან. რატომ? მთელი სამუშაო საათები კოლეგების თვალთვალსა და მათ ხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის მცდელობაში გაჰყავთ. ასეა თუ ისე, ჩემს მეზობლად მსგავსი ტალანტის მქონე ადამიანების მთელი თანავარსკვლავედია შეკრებილი.
სულ ახალგადმოსული ვიყავი, როცა შევამჩნიე სახლის კარს როგორც კი მივხურავდი და გარე განათებას გამოვრთავდი, ჩემს პირდაპირ მეზობლის კარზემოთ დაკიდებული ნათურა  მომენტალუად ინთებოდა.  თავიდან სრულიად გულუბრყვილოდ მეგონა, ალბათ რაიმე სიბნელის ინდიკატორი უყენიათ-თქო. მალე  კარის სათვალთვალოს აყუდებული ეს ინდიკატორიც გავიცანი - მეზობლის დედამთილი. არადა, დამიჯერეთ, სამსახურიდან ერთიდაიგივე დროს არასდროს ვბრუნდებოდი. საბრალო ქალს ვინ იცის, რამდენი საათი აქვს გატარებული ჩემს მოლოდინში...  ამბობენ: „ხარი ხართან რომ დააბაო“... და ცოტა ხანში იგივე ოჯახის რძალი მესტუმრა. გავდივარ და ჩემი შვილისთვის გასაღებს დაგიტოვებო. წერილი მიამაგრდე კარებზე, რომ ჩემთანაა-თქო. რად უნდა წერილი, ლიფტის ხმას ხომ გაიგონებო! ჩემი სახლი თბილისური კორპუსების იმ გამონაკლის ნაწილში შედის სადაც კედლებში ხმა არ გადის, ერთადერთი სადარბაზოდან ისმის ხმაური, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, შემოსასვლელში თუ ხარ დაბანაკებული.
ეგ რა არის, გამიმართლა და გვერდით სადარბაზოდან ჩემი კედლის მეზობელი  პენსიაზე გასული უშიშროების თანამშრომელი აღმოჩნდა. რომელიც მეზობლებში ამაყობს, განსაკუთრებით კარგად რომ გაიგო რას ლაპარაკობენ, კედელზე მიდებულ ჭიქას ყური უნდა მიადო და ისე მოუსმინოო. ყველაზე სრულყოფილად ჩემს სამზარეულოს აკონტროლებს, სადაც ყავის დასალევად შემორბენილ დაქალებთან ერთად ხშირად ვზივარ ხოლმე. აღებს ფანჯარას, თავისი სიმაღლის შესაძლებლობების მაქსიმუმით ეკიდება რაფაზე ჩემი აივნის მიმართულებით და ყოვლად უცერემონიოდ და დაუფარავად გვისმენს. კიდევ კარგი, დაბალი და ჩაფსკვნილი კაცია, თორემ წელს ზემოთ ისეთი მონდომებით ეყუდება ფანჯრიდან, ძალიან მეშინია არ გადმოვარდეს და ჩემი მოსმენის მცდელობაში არ დაიღუპოს. ჩემთან სტუმრების ყოველი შეკრების  ან მისი აზრით რაიმე „საეჭვო“ ხმების მერე, მის სადარბაზოში მცხოვრებ ჩემს კლასელს იბარებს და დაკითხვას უწყობს: „გუშინ ტიროდა!“, „ხომ არ გათხოვდა, კაცს ეჩხუბებოდა“... ჩემგან გამავალი მხიარული ხმები კი, რაც დამიჯერეთ, სისტემატიურად ისმის, სულ არ აინტერესებს. შარშან ზამთარში ეს კაცი დაიკარგა. ფანჯარაში აღარ ჩანდა. შევშფოთდი, ლოგინად ხომ არ ჩავარდა-თქო და ამბის გასაგებად მეც იმავე კლასელს ვუხმე. საიდუმლოს ფარდა მალევე აეხადა. ამჯერად მეზობელს მოუვიდა სტუმარი და იმათ ხომ ვერ გააფრთხილებდა ხმამაღლა ნუ საუბრობთო. თურმე, ჩემი სძინებლის მთელი კედელი მისი ბინის მხრიდან წვრილი ბურღით დახვრიტა და ახლა ლაპარაკი კი არა, სუნთქვაც კი ისმის ორივე მიმართულებით. არ დავიზარე და კომპიუტერიც და ტელევიზორიც იმ კედელთან გადავდგი. რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს ღამ-ღამობით ფილმის ბოლო ხმაზე ყურება... ამ მეზობლთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ისტორიას მოვყვები, ოღონდ აქვე ვაღიარებ, რომ მისი „ბრალეულობის“ დამადასტურებელი ფაქტები არ მაქვს. საზიარო კედელზე სამზარეულოში საათი მიკიდია. ბოლო ათი წლის მანძილზე მეოთხე საათი გამოვცვალე და რაღაც ჯადოსნური მიზეზებით ზუსტად 20 წუთით რჩებოდა ყველა უკან. სხვა ოთახებში დადგმულ საათებს მსგავსი არაფერი სჭირთ. ერთხელაც, ტორტს ვაცხობდი და საათი გავასწორე, საათნახევრის განმავლობაში ჩამორჩენას ვერ მოასწრებს და დრო ზუსტად მეცოდინება-მეთქი. და ერთმა ეჭვმა გამკრა, რომელიც იქვე ხმამაღლა გავუზიარე ოჯახის წევრებს. ამ კაცს რაიმე ხომ არ უყენია იქით მხრიდან, როგორ შეიძლება ყველა საათი ზუსტად ერთნაირად ფუჭდებოდეს-თქო. დაზუსტებით მართლაც არაფერი ვიცი, მაგრამ მას მერე ის საათი გამართულად მუშაობს...
ზოგი მოთვალთვალ-მოყურადე თავისი საქმის ისეთი ვირტუოზი ხდება, რომ მართლაც გაოცებული ვრჩები. ჩემი მეგობრის მეზობელი სადარბაზოში თავის სართულზე გამოდიოდა, ლიფტის ხმას აყურადებდა და ზუსტად ითვლიდა რომელ სართულზე გაჩერდა და მერე ხმაზე ცნობდა ვიდი კარი გაიღო. ამაზე ჩემი ნაცნობი გოგონა გამახსენა, რაიონში ცხოვრობს. ფანჯარაში გახედვის გარეშე მხოლოდ ძრავის ხმაურით ხვდებოდა ქუჩაში ვისმა მანქანამ ჩაიარა.
კორპუსის „ყველაზე გამჭრიახი თვალის“ ტიტულს ჩემთან მეოთხე სართულზე მცხოვრები მრავალრიცხოვანი ოჯახი იმსახურებს უპირობოდ. ოჯახის ყველა წევრი, დიდი ბებიით დაწყებული და ნორჩი შვილიშვილებით დამთავრებული სახლის ეზოს და ქუჩის მხარეებს ბასტიონივით ამაგრებენ და ფანჯარასა და აივნებში ერთმანეთს მორიგეობით ცვლიან. საკმარისია ეზოში მანქანამ შემოუხვიოს, მათი ფანჯრიდან ვინმეს თავი აუცილებლად გამოჩნდება. მეტყვით, ალბათ ოჯახის წევრებს ელოდებიანო. მანქანა არ ყავთ. უფრო მეტიც, ოჯახის პენსიონერ უფროსს თვალისჩინი საგრძნობლად რომ დააკლდა, კაცი არ დაიბნა და სათვალთვალო პუნქტი ეზოში გახსნა. სადარბაზოს წინ სკამზე ზის, და ეზოში შემოსული ყოველი მანქანისკენ ისეთი თავქუდმოგლეჯილი გარბის, ლამის ბორბლებში შეუვარდეს.
ახლა დარწმუნდებით, რომ მონდომებული ადამიანის გამომგონებლობა უსაზღვროა. ჩემი ახლობლების მეზობელმა, აქაოდა შემოსასვლელში ბნელაო, სადარბაზოში უხარმაზარი ფანჯარა გაჭრა (იქ ხომ მზე ჩახჩახებდა რა!), სავარძელი მიიდგა და ჩემს ნაცნობებთან სტუმრად მიმავალი ხალხის აღრიცხვასაც გულმოდგინედ შეუდგა. ბეჯითი მოხუცი ქალი ყოველ საღამოს შედიოდა მეზობლებთან და ამოწმებდა, რაიმე ხომ არ შეეშეალა. კითხულობდა ეს ხომ იყო, ის ოთხი საათი რატომ იჯდა, ვიღაცამ ბავშვები სად დატოვა თან რომ არ ახლდნენ, მავანმა ჩანთით რა მოზიდა. ერთ-ერთმა სტუმარმა ქაღალდში შეფუთული სამი კოლოფი "ჩიტისრძე" მიიტანა. მოგვიანებით  თვალმარჯვე მეზობელი ესტუმრათ ყოველდღიურ რევიზიაზე და რა მოგართვესო. 2 კოლოფი ჩიტისრძეო. ქალმა გაიოცა - არა, სამი იყოო.
ჩემს დეკანს სადარბაზოს კარებზე გამოკრული ჰქონდა: „თუ არ დახურავ კარებსა, ქურდი დაგიმსებს თვალებსა“. ქურდისგან კი დავიცავთ თავს, მაგრამ ცნობისმოყვარე მეზობლების გადამეტებული ყურადღებისგან დაკეტილი კარი და დახშული ფანჯრებიც რომ არ გვშველის, რა ვქნათ?

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

5 კომენტარი.:

  1. Branwen

    მეზობლების ცნობისმოყვარეობაზე გამახსენდა. მეც მყავდა ერთი ასეთი მეზობელი (ბებია ყვავი, სახელი როზალინდა) რომელსაც ვერაფერს ვერ გამოაპარებდი: სად მიდიოდი,საიდან მოხვედი, რა მოიტანე, ვინ გესტუმრა და ა.შ. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ყველანი ვაბარებდით ანგარიშს. იმ დროს ციფრული ფოტოაპარატები და მობილურები არ არსებობდა, თორემ აუცილებლად გვექნებოდა მისი სურათი. განსაკუთრებით ზამთარში, როცა ლონდონის ცნობილი სქელი ნისლი ჩამოწვებოდა ხოლმე და გარეთ გასვლა სასიამოვნო არ იყო, მიჯდებოდა ჩვენი ბებო ფანჯარასთან, მრგვლად მოასუფთავებდა დაორთქლილ მინას ზუსტად თვალის ზომაზე და იქიდან აკონტროლებდა მთელ სადარბაზოს, ლიფტთან მისული არ იყავი, კარები უკვე გაღებული ჰქონდა და იწყებოდა დაკითხვა.ი მ დროს ყველას გვაღიზიანებდა მისი ეს საქციელი, ეხლა კი გვენატრება და კიდევ, მის თვალს უცხო ადამიანი არ ეპარებოდა.

    თქვენი ბრანვენი

  1. Mary Poppins

    ახალ ბინაში რომ გადმოვედი, მეორე სართულის მეზობელი მომადგა, მეთექვსმეტეზე, შენგან წყალი ჩამომივიდაო. თან ნახევარი სადარბაზო ახლდა. გადავირიე.შუაში 14 სართული გამოტოვა წყალმა ვითომ და იმსათან გაჟონა. მერე მივხვდი, ბინა დაათვალიერეს.

  1. Madame Durova

    მეც მქონდა მეზობლებთან საინტერესო შემთხვევა. მოგეხსენებათ, 3 ძმა მყავს. ჩემი კარის მეზობელი დაიბარეს, მაგასთან ბევრი კაცები დადიანო. ძმები არიანო. ამდენი ძმა ვერ ეყოლებაო... ერთ წელს ქობულეთში, ჩასვლიდან რამდენიმე დღის მერე დიასახლისმა გამოგვიცხადა, ერთი კვირაა გითვალთვალებთ და ცუდში ვერაფერში დაგიჭირეთ, პატიოსანი გოგოები ყოფილხართო :))))))))))))

  1. fiamifero

    ვაიმე რა საშინელებაა. შევძრწუნდი

  1. Mary Poppins

    თქვენ როგორც ჩანს მეზობლებში გაგიმართლათ :)
    ჩემებმა ახლა ლიფტში ნადირობა დაიწყეს, ხალხს ლიფტში უვარდებიან და დაკითხვას უწყობენ ვისთან მიდიან :)))

Post a Comment