ხვნა-თესვის ახალი სეზონი

Approved by Mary Poppins

ნანატრი დასვენების დღეების დადგომასთან ერთად, ჩემი სახლის მასშტაბითა და ფარგლებში, დღეს,  2011 წლის  სახნავ-სათესი სეზონი გახსნილად გამოვაცხადე. დღის წესრიგში მოხსენიებულია: ოთახის ყვავილების რევიზია. როგორც ნებისმიერი შემოწმების დროს, აქაც ბევრი რამ სრულიად შემთხვევით  და არა მხოლოდ სასიამოვნო შეიძლება აღმოაჩინოთ. დააკვირდით, ჯერ მცენარის „გარეგნობას“ - ზომაზე მეტი გაყვითლებული ფოთოლი, მომჭკნარი ღერო, უჩვეულო ნაფიფქი. ყოველივე მათგანი შესაძლოა არა მხოლოდ მოურწყველობის ბრალი იყოს.  ზამთარში მეორე უკიდურესობა - ზედმეტი „ყურადღება“ მორწყვის სახით - უარესია. ჩვენი რეგიონში, ზამთარში გახარებულ ოთახის ყვავილთა უმრავლესობას ურჩევნია შედარებით გრილი  12-20 გრადუსამდე ტემპერატურა, ტენიანობა -საშუალო. ნიადაგს შიგადაშიგ ზამთარშიც თუ აუფუმფულებთ,  მცენარე „მადლობას“ შემოგითვლით. რაც შეეხება „კვებას“ - წელიწადის ამ პერიოდში ოთახის ყვავილები ძირითადად დიეტაზე არიან. თუ რა თქმა უნდა, ყვავილობას არ აპირებენ. მაშინ, მათ რაციონში კალიუმის შემცველი სასუქი ესაჭიროებათ. არ დაგავიწყდეთ, გადაყვავილებული კოკრების მოშორება და სასუქის ინსტრუქციით დაშვებულ დოზებით გამოყენება, ამ შემთხვევაში ხელგაშლილობა ავნებს. ზამთარში სინათლლის სიმცირის გამო დეკორატიულ ფოთლებიან წარმომადგენელებს ხშირად „სიფერმკრთალე“ ემუქრებათ. მსგავსი რამ თუ შეამჩნიეთ, რა თქმა უნდა, უფრო ნეთელ ადგილას დადგით, მაგრამ არა სამხრეთ ანდა აღმოსავლეთ მხარეს გამავალ ფანჯრის რაფაზე. დასუსტებულმა და გაუფერულებულმა ფოთლებმა მზისგან შესაძლოა „დამწვრობაც“ კი მიიღონ. მინაზე აფარებული თუნდაც თეთრი ქაღალდის ფურცელი აგაცილებთ ამ უსიამოვნებას.
სეზონურ შეუძლოდ ყოფნას კიდევ რამე „თავისით“ ეშველება, მაგრამ არის ორი რამ, რასაც მხოლოდ კარდინალური ზომები თუ უშველის, ესენია - მცენარეთა დაავადებები და მავნებლები. ორივე „უბედურების“ საწინააღმდეგო საშუალებების შოვნა შესაძლებელია, უბრალოდ ხშირად გამყიდველმა თვითონაც კი არ იცის რას ყიდის, ამიტომ მომხმარებელმა თავად უნდა გაიკაფოს გზა. ამისათვის უნდა ვიცოდეთ, თუ მავნებლები შეეყარა ყვავილს, მაშინ ვკითხულობთ და ვეძებთ  ინსექტიციდის პრეპარატს, თუ  აღმოვაჩინეთ ნაფიფქს ან სხვა სახის სოკოვან დაავადებას, მაშინ ფუნგიციდის საშუალებებს მივადგებით, ხოლო სხვადასხვაგვარი ლაქა უმეტეს წილად ბაქტერიციდული პრეპარატების გამოყენებას საჭიროებს.
დეტალური დათვალიერების შემდეგ და არაფერი საეჭვოს არპოვნის შემთხვევაში, გადვინაცვლოთ მომავალ პლანტაციებზე.
ვისაც ზაფხულში საკუთარი  აყვავებული აივნის ყურება სურს,  ერთხელ ყვავილის თესლიდან გაზრდა სცადეთ. არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. აიღეთ რამე პლასტმასის ყუთი, საკმაოდ ფართე და  სიმაღლეში არანაკლებ 5 სმ, რამდენიმე ადგილას გაუხვრიტეთ ძირი, ამოავსეთ მიწით, გაანაწილეთ ამორჩეული ყვავილის თესლი თანაბრად მთელ ზედაპირზე, თესლის სიწვრილის შემთხვევაში არიეთ თესლი ნახევარ პეშვ სილასთან ერთად და ზემოდან მიწა აღარ დააყაროთ. დანარჩენ შემთხვევაში 1-1.5 სმ მიწა სავსებით საკმარისია. თუ განსაკუთრებული მითითება არ ახლავს ყვავილების პარკზე მოყოლებულ ისტრუქციას, შეგიძლიათ დათესილს თამამად ხელით დააწვეთ, ჰაერს გამოტუმბავთ და ასე თესლი უფრო მალე გაღვივდება. კარგად მორწყვა არ დაგავიწყდეთ, ოღონდ ფრთხილად, წყლის ჭავლით თესლი სიღრმეში არ წალეკოთ.
სულ ეს არის, ყუთს რამე გამჭირვალე გადააფერეთ, (მე მაგალითად, მთელ ყუთს პარკში ვდებ და რამდენიმე დღის შემდეგ დღში ერთხელ თავს გადავუხდი ზედმეტი ტენიანობის თავიდან მოსაცილებლად). სადღაც ერთ კვირაში პულვერიზატორიდან მორწყვას ვიწყებ, ასე, 2 კვირის თავზე კი შუალედური შედეგი ასე გამოიყურება. ასეთი წესით  გაზრდილს  ორი ნამდვილი ფოთოლის ამოღების სტადიაში უფრო დიდ ჭურჭელში გადარგვა მოუწევს, ეს პერიოდი კი თებერვალ-მარტში დარგულებისთვის მინიმუმ მარტის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი.
თებერვალ-მარტში თესლიდან შეგიძლიათ გაზარდოთ ერთწლიანი ყვავილები, რომელიც ხანგრლივი ვეგეტაციის პერიოდს საჭიროებენ: ტაგეტსი (ზაფრანაც ამ ოჯახიდანაა), პეტუნია, ლობელია, ლავანდა, (დეიდა პოლიმ მოგზაურობიდან საჩუქრად  ჩამომიტანა), კალენდულა და თითქმის ყველა ერთწლიანი, რომელიც საქართველოში ამ დროს იშოვება. ყიდვისას, ვარგისიანობის მცირედი გარანტიისთვის მაინც, ვადას დახედეთ, დაუდევარმა გამყიდვლებმა წინა წლების კოლექციების მასტოდონტები არ შემოგასაღონ.

კეთილი სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

5 კომენტარი.:

  1. Mary Poppins

    ლავანდის ყვავილობა არ გამომაპარო, ლიქიორჩიკი გავაკეთოთ!

  1. goga

    კაბინეტისთვის რომელ ყვავილს მირჩევდით? პატარა მინდა ხშირფოთებიანი...

  1. Ms Andrew

    ყვავილი ფანჯარასთან უნდა დადგათ თუ სინათლე შეზღუდულად მიეწოდება? მხოლოდ დეკორატიულ-ფოთლოვანი უნდა იყოს თუ მოყვავილეც?

  1. Ms Andrew

    ოღონდ ლავანდამ გაიხაროს და გაიზარდოს,ლიქიორიც იქნება და ბევრი სხვა რამ.

  1. goga

    მხოლოდ დეკორატიულ-ფოთლოვანი.....

Post a Comment