წარსულის აჩრდილები

Approved by Mary Poppins

ზუსტად აღარ მახსოვს, მგონი, მარსელ პრუსტი წერდა: მოგონებები რომ ფერმკრთალდება, ახსოვთ, ის რაც უნდოდათ რომ მომხდარიყო და არა ის, რაც სინამდვილეში მოხდაო. წარსულის დავიწყებაში ზოგი მართლაც შესაშურ ნიჭს ამჟღავნებს, რაც თავისთავად კარგია. ასეთი ხალხი მშვიდად ცხოვრობს, თვითონაც ისვენებს და სხვასაც არ აწუხებს.  ზოგს კი ღმერთმა ამხელა ტალანტი არ მოამადლა და აი, აქ იწყება პრობლემები.
ადამიანებთან ერთადერთი კრიტერიუმით ვურთიერთობ - საინტერესო პიროვნება უნდა იყოს. სულ არ მენაღვლება, რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, მამამისი სად მუშაობს, რამდენ ოთახიან ბინაში ცხოვრობს ან აქვს თუ არა აგარაკი. ასე იყო ადრეც და ასეა დღესაც. და ალბათ ამას  ვერასდროს მოვიშლი. ჯერ კიდევ სკოლაში ძალიან ვბრაზობდი ჩვენს ქართულის მასწავლებელზე, რომელიც სულ მეჩხუბებოდა: შენზე რამეთი დაბლა მდგომ ადამიანს თუ შია, პური მოუტეხე, მაგრამ წინ ნურასდროს გაატარებო. სტუდენტობისას, ოთარ ჭილაძეზეც გამეცინა, ვერ არის ეს კაცი-მეთქი: ადამიანს გაჭირვებაში თუ დაეხმარები, ფეხზე რომ დადგება, შენზე საძულველი არავინ ეყოლება, იმიტომ რომ მისი სირცხვილის და დამცირების მოწმე ხარო. წლები გავიდა და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთი ოდინდელი ბავშვობის თუ სტუდენტობის მეგობარი, უმიზეზოდ მიღრენს, თავს მარიდებს და ცდილობს, შეურაცხყოფა მომაყენოს. თავიდან დავკომპლექსდი, მეგონა რაიმე დავაშავე-მეთქი და ობიექტურ მიზეზებს დავუწყე ძებნა. მალე ვიპოვე კიდეც: თურმე ჩემდა უნებურად მათი წარსული მცოდნია.
სულ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. მამაჩემს ჩვენი მოძმე ერის წარმომადგენელი დიპლომის ხელმძღვანელი ყავდა, არაჩვეულებრივი ადამიანი.  ოჯახებით დავახლოვდით. იმდენად კარგი კაცი იყო, არასდროს არავის მოსვლია თავში, ეთქვა „უჰ, ეგ არაქართველიო“. წლების მერე, ამ კაცის უკვე გვარგაქართულებული შვილიშვილი მამამ სამსახურში თავისთან მოიყვანა, უპატრონა  და ისე მოხდა, რომ  მამაჩემის პენსიაზე გასვლის შემდეგ,  მისი უშუალო უფროსის დახმარებით, მამაჩემის თანამდებობაც დაიკავა. ჩემდა საუბედუროდ, მეც იქვე ვმუშაობდი.  აბამ თუ გამოიცნობთ, სამსახურში ვის გადაეკიდა სამკვდრო-სასიცოცხლოდ? რა თქმა უნდა, მე! ვინ არ უყვარს ყველაზე მეტად? მამაჩემი და თავისი უფროსი. რატომ? ჩვენთან ხომ ვერ განაცხადებს ამაყად, ყველაფერს ჩემი ნიჭით მივაღწიეო... ერთხელ მოხსენების დაწერა დამავალა. მივუტანე,  ჩხაპნა, ხაზა, ახლიდან რაღაც აბდაუბდა დაწერა, ორი კვირა წერას მასწავლიდა, როგორც კი შეეძლო, მამცირებდა, მაჩვენებდა, რომ დებილი ვარ და ვერ ვაზროვნებ და ბოლოს, მძიმეჩაუმატებელი ჩემივე  დაწერილი პირველი ვარიანტი დამიბრუნა „დროა ისწავლო და ასე უნდა წეროოო!“ ჩემო კარგო, გარდა იმისა, რომ სამსახურში „ბლატით“ მიგიღეს, ბაბუა არაქართველი გყავდა (ღმერთი-რჯული, შენგან განსხვავენით, მე ეგ ნაკლად არ მიმაჩნია), არც ისეთი ნიჭიერი ხარ, როგორც იბრალებ (ყოველ შემთხვევაში, ქართულად წერა ნამდვილად არ გეხერხება), შენი კიდევ ერთი საიდუმლო ვიცი... უცხოეთში რომ სადიპლომო დაგიწერა, ის ადამიანიც აღარ მუშაობს, ხომ, შენთან ერთად?
საკუთარი წარსულით უკმაყოფილო ადამიანების ცოტა სხვა კატეგორიაც არსებობს. ახალ ბიოგრაფიას იგონებენ, მერე იჯერებენ და ცდილობენ, სხვებიც დააჯერონ. თან საკუთარ თავგადასავალს ბოლომდე ვერ ელევიან (ეტყობა, ძალიან ტკბილი მოგონებებია) და სხვას აბრალებენ. სტუდენტობისას, ერთ გაზეთში დღეისათვის ერთ ცნობილ ჟურნალისტთან ერთად ვმუშაობდი. გოგო გია ბარამიძეს ეტრფოდა შორიდან, და როგორც ხვდებით, დღეს ამ ფაქტის ძალიან რცხვენია. არადა, მეც როგორც ერთგული მეგობარი, ჩვენს ფოტოგრაფს ცხოვრებას ვუმწარებდი - ბარამიძის სურათებს ვპარავდი (ვაყაჩაღებდი, ხვეწნა-მუდარით ვართმევდი) და უიმედოდ შეყვარებულს ვჩუქნიდი. ავად რომ იყო, გასამხნევებლად გიაზე კომიქსებიც კი დავუხატე და გავუგზავნე... ათიოდე წლის შემდეგ, სტუმრად ვართ და ეს გოგო უამრავი ხალხის წინ მომიბრუნდა და ხმამაღლა მითხრა: „გახსოვს, გია ბარამიძეზე ყურებამდე რომ იყავი შეყვარებული და მის სურათებს  იპარავდიო!“  ასეთ ადამიანს რა უნდა უპასუხო, ან რა აზრი აქვს?
ერთმა მანამდე სამაგალითოდ ერთგულმა ქმარმა ცოლ-შვილი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა. ოჯახის დედა სირცხვილისგან ლოგინად ჩავარდა. მასაც, სახლსაც და უპატრონოდ მიყრილ ორ შვილსაც მეზობელი ქალი უვლიდა: ბინას ულაგებდა, სადილებს უმზადებდა, ურეცხავდა, ბავშვები სკოლაში დაყავდა. ნახევარი წლის შემდეგ ქმარი საყვარელმა გამოაბუნძულა და ისიც (აბა, პატიოსანი კაცი სად უნდა წასულიყო?) ოჯახს დაუბრუნდა. ცოლმა მეზობელი სახლიდან გააგდო და საჯაროდ გამოლანძღა, ჩემს ქმარს ყველაფერი შენ მოუგონე, ჩემი ოჯახის მტერი ხარ, ჩემთვის არასდროს უღალატიაო(!).
ასეთი საქციელი ძირითადად ქალებს ახასიათებს, მაგრამ თურმე კაცებისთვისაც არ ყოფილა მთლად უცხო ხილი. ამჟამად სასწავლებლად წასულმა ჩვენმა ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა, რომელიც თავის დროზე ჩემი ძალიან, ძალიან ახლობელი იყო, ერთხელ თავი ამარიდა და სახტად დამტოვა. დამიჯერეთ, სათხოვნელად არასდროს არაფერზე არ მივსულვარ. და მაშინ მკითხა ჩემმა მეორე მეგობარმა, ეგ ის არ არის, ძალიან რომ უჭირდა და თავისი თვალწასული სვიტრები დასაკემსად შენთან დაჰქონდაო?
კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. ალბათ იმასაც ფიქრობთ, ეს რა ბოღმიანი და ბოროტი ადამიანი ყოფილაო. მაგრამ ჩემი ბრალი არაა, არ მომასვენეს, შემაწუხეს და მეც ხმა ავიმაღლე. რაც მეტი ვითმინე, მეტად დამაჭირეს წიხლი. მადლისთვის არ ვიხსენებ, ჩუმად ვარ და ხმას არ ვიღებ. რაც მეტად შემიჩიჩხინებენ, მეტი გამახსენდება. სხვისი არ ვიცი და მე ჩემი პრობლემებიც მეყოფა.  ნაცნობებმა, რაც არ უნდა დიდ წარმატებას მიაღწიონ, მხოლოდ მიხარია (თუნდაც სრულიად ეგოისტური მომენტის გამო, რომ მივადგები და რამეზე შევაწუხებ) - ისინი ჩემთვის იმ სასიამოვნო ადამიანებად რჩებიან, ვისთანაც ოდესღაც საინტერესო დრო მიტარებია და ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. არც მაშინ და არც ახლა არ მაწუხებს მათი ბებიების ნამდვილი გვარი, მამის ზვიადისტობა ან სანდრო ბრეგაძეს რომ ეტრფოდა ვინმე სტუდენტობისას. მათი წარმატების არ მშურს, საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებით ვარ დაკავებული და ახლობლის ახალი ბინის თუ რემონტის დანახვაზე, სულ არ მახსენდება ძველ სამზარეულოში სადაური მეტლახი ჰქონდათ დაგებული.
ამ წერილსაც არ დავწერდი, ერთი ამბავი რომ არა. ყბადაღებულ „ფეისბუქზე“ ერთი საკმაოდ სასიამოვნო და კარგი ახალგაზრდა ქალბატონი „ლამა-ალპაკა“ ბუდობს და  ვერ ისვენებს. თავის დროზე შორიახლო ლამაზი წყვილი შენიშნა და თავიდან აბსოლუტურად კეთილი განზრახვით მათი დაკავშირება და ე.წ. გაბედნიერება განიზრახა. კაცმა არ იცის, მეტისმეტად ენერგიული ინიციატივა გამოიჩინა, აზარტში ზედმეტად შევიდა თუ საკუთარი ცხოვრების მოუწესრიგებლობის გამო, ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ  ამდენ ფაციფუცში და „გოდოს“ (მოდით, ამ ბიჭს ასე დავუძახოთ) უსასრულო მოლოდინში ყმაწვილი მარტო მეგობრისთვის აღარ ემეტებოდა და პირადი ქვენა ინტერესები გაუჩნდა. ყველაფერი საიდუმლოდ დარჩებოდა და ვერავინ შეამჩნევდა, სინდისს რომ არ შეეწუხებინა (ხომ გითხარით, კარგი გოგოა-მეთქი) და საკუთარ თავთან თავისი საქციელის გასამართლებლად სრულიად უდანაშაულო გოგოს (ჩემი მეგობრის) მისამართით „ფეისბუქის“ კედელზე უმიზეზო კბენა და შიგადაშიგ საწყენი თავდასხმები არ დაეწყო. მისი ქცევა იმდენად შესამჩნევი და შემაწუხებელი გახდა, რომ საერთო ნაცნობ-მეგობრები შევშფოთდით და იძულებული გავხდით, მისი უჩვეულო საქციელი გაგვეანალიზებინა და „ფეისბუქის“ პოსტებში დამარხულ ძაღლის თავსაც მივაგენით. მანამდე თუ ალპაკა ჩემი მეგობრის არცერთ პოსტს უწყინარი კომენტარის გარეშე არ ტოვებდა, ახლა მხოლოდ იმ პოსტებს ალაიქებდა, რომლის მიმართაც გოდო იჩენდა ინტერესს. ცოტა ხანში გაირკვა, რომ ვითომდა მეგობრის ხათრით „დაფრენდებულ“ გოდოსთან პირადი მიმოწერაც ჰქონია... თავს ვეღარ იკავებდა და ბიჭის ყველა პოსტს, სურათს, კომენტარს და „სმაილიკს“ ალაიქებდა, ერთი სიტყვით, მის მიმართ აშკარა სიმპათიას ვეღარ მალავდა. თუმცა უშედეგოდ. საკუთარი აქტიურობით გოდოს გარდა სხვებიც დააფრთხო, ახლობლები კი გვარიანად აგვაფორიაქა: კარგი ადამიანია და რამე ხომ არ უჭირსო. უჭირდა, იმიტომ რომ სხვა ობიექტური მიზეზების გარდა, დაქალისთვის შერჩეულ კაცზე ღიად ნადირობის უფლებას კარგი აღზრდა არ აძლევდა და საკუთარი მარცხის და არცთუ კაიქალობის გასამართლებლად, ჩემი მეგობრის „თავისზე  უარესად“ გამოყვანას უადგილო და აგრესიული პოსტებით ცდილობდა. ამ ისტორიის მთელი მუღამი იმაშია, რომ ჩემს მეგობარი და „გოდო“ შორიახლო ნაცნობობის იქით არ წასულან, „ლამა-ალპაკა“ კი ბიჭს დაუმეგობრდა, კარგად გაიცნო და დღეისათვის ინტერესიც დაკარგა. წესით უნდა ჩაჩუმებულიყო, მაგრამ დაქეჯნილი სინდისი მოსვენებას აღარ აძლევს და სულ უფრო და უფრო მეტ შეცდომა-უწესობას ჩადის. ესეთები გვინახავს და გადაგვიტანია?! ამასაც გავუძლებთ და გადავიტანთ. მაგრამ მე გული სხვა რამეზე მწყდება. სრულიად უმიზეზოდ, წუთიერი აცეტების გამო კარგი მეგობრობა გაფუჭდა.
ჩვენს გარდა ჩვენი ხარვეზები არავის აწუხებს. რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ და ცოტას  ვილაპარაკებთ, ნაკლებად მიგვითითებენ ჩვენივე შეცდომებზე. ადამიანის ბუნებაა, როცა ხვდება, რომ მთლად ისეთი კეთილი, ლამაზი, ჭკვიანი ან უნაკლო არ არის, როგორც თვითონ უნდა (სჯერა), რომ იყოს. გაუთავებელ მტკიცებას იწყებს: მე ისეთი დიდსულოვანი ვარ, ხელგაშლილი, პრინციპული, ისეთი მწვანე თვალები მაქვს, გრძელი ფეხები, ნატიფი თითები... თავი გაბითურებულად და მოტყუებულად რომ არ იგრძნო, იძულებული ხდები, მანამდე რომ არ (ან ვერ) ამჩნევდი, იმ დეფექტზე ხაზგასმულად მიუთითო და შენიშნო, რომ მწვანე თვალები სინამდვილეში ჭროღაა, ფეხები სხვას უფრო გრძელი აქვს, მავანი უფრო კეთილია და თვითონ რომ ჰგონია, ისეთი უანგაროც  ვერაა...
მე ისევ ჩემს პრინციპს ვიცავ: მთავარია ადამიანობა და გარეგნობას, სახლებს, თანამდებობას, წარმომავლობას ეშველება. კიდევ ერთი - ოდესღაც ახალგაზრდობაში რომ ვჩატაობდი, ერთი კანონზომიერება შევამჩნიე. სახელის შემდეგი კითხვა თუ „რა უბნელი ხარ“ იყო, მკითხველი საერთოდ არათბილისელი თუ არა, საუკეთესო შემთხვევაში ვარკეთილის ან გლდანულას ბინადარი იყო. აი, ვაკელები, ვერელები და საბურთალოელები კი იგივე კითხვას ნაცნობობის მეორე ან მესამე დღეს სვამდნენ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მადამ დუროვა

3 კომენტარი.:

  1. Aunt Polly

    წარსულის "გალეგენდება" ჩვეული მოვლენაა. აი, ყველაზე მარტივი და ბანალური მაგალითი: ასაკს რომ იკლებენ ხოლმე. არა, რა ჩემი საქმეა (შეერგოთ!), მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ბევრი ჩემი თანატოლი (ზოგჯერ რამდენიმე წლით უფროსიც) მოულოდნელად ჩემზე გაცილებით პატარა და ნორჩი გამხდარა...

  1. Mary Poppins

    მე ძალიან ახლო მეგობართან სტუმრად ვეღარ დავდივარ. თავის მართლა უწყინარ წარსულს კიდევ უფრო ალამაზებს და ქმარს ყველაფერს ისე თავდაყირა უყვება, შიშისგან პირს ვერ ვაღებ, რამე არ წამოვაყრანტალო. ერთხელ საერთო ნაცნობს ვჭორავდით და "მაგანაც რა გატრაკაო" (უკაცრავად, ციტირებას ვახდენ) თქვა ჩემმა მეგობარმა. ამ დროს ქმარი შემოვიდა და "ვინ გაატრაკაო". ცოლმა ხელი ჩემსკენ გამოიშვირა: "ეგეთ სიტყვებს ხომ იცი რომ მე არ ვხმარობ, ამან თქვაო".

  1. Blue Caterpillar

    Zalian zusti statiaa. asaks rom ikleben es kidev yvelaze uwyinaria xolme (1-2 wliT asakis daklebas vin Civis: ager Cems erT kursels universitetSi swavla lamis 12 wlis asakSi dauwyia Turme; meore nacnobma imdenad daiklo asaki, rom gamovida rom Svili 15 wlis asakSi gaaCina. )

Post a Comment