თავმომწონე აზიელი: შაქარ-ლუქუმი

Approved by Mary Poppins

აღმოსავლური ტკბილეულის სიჭრელე
ემი კულინარიული მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. ვზივარ და ვფიქრობ, რამდენიმე ქვეყანამოვლილს,  სახლში რა მომაქვს? უამრავი შთაბეჭდილება, ახალი იდეები, ნანახის მონატრება და, რაღა თქმა უნდა, საინტერესო რეცეპტები. ძალიან მინდოდა,  ეს სიახლეები თქვენთვის გამეზარებინა და ერთად „შეგვეჭყიტა“ იმ ქვეყნების „სამზარეულოებში“, სადაც ზამთრის ნაწილი სასიამოვნოდ და გემრიელად „გადავაგორე“. იმედია, რომ ჩემი „გასტრონომიული ექსპერიმენტებით“ თავი არ შეგაწყინეთ...
„ტურნეს“ თურქეთში ვამთავრებ. თვითმფრინავის მოლოდინში ადგილობრივი ნუგბარი გამახსენდა და სახელდახელო სტატიის „გამოცხობის“ იდეაც გამიჩნდა.
თვალები დახუჭეთ და აღმოსავლური ტკბილეული წარმოიდგინეთ. ჰალვა, ნუგა, ქადა, რახათ-ლუქუმი, ფახლავა, შარბათები... მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მე მხოლოდ ერთ აღმოსავლურ ნამცხვარს შეგირჩევთ. ისიც „ლუქუმების“ ოჯახიდანაა და ბევრჯერ „გადავუჩენივარ“, მოულოდნელად თავსდასხმულ სტუმრებთან სირცხვილის ჭამისგანაც და სტუმრად ხელცარიელი მისვლისგანაც. თანაც ჩემნაირი მსუნაგებისთვის ზედგამოჭრილია. გთხოვთ, იცნობდეთ: ეს რახათ-ლუქუმია!

0,5ლ ერბო (ოღონდ ცხოველური წარმოშობის, ანუ გადამდნარი კარაქი), 2 ჭიქა შაქარი, 3 ჭიქა ფქვილი, 1 კვერცხის გული და ვანილი ერთმანეთს გადავურიოთ და ცომი მოვზილოთ. მერე პატარ-პატარა გუნდები გავაკეთოთ (გუნდები, ბურთულები, რომბები, მოკლედ, რაც უფრო გეხალისებათ ან გიადვილდებათ) და მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში, სადაც ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა ცხვებოდეს 40-50 წუთის განმავლობაში. მეტი სიტკბოსთვის გამომცხვარ და გაგრილებულ გუნდებს შაქრის პუდრი მოვაყაროთ და ჩაისთან ერთად მივირთვათ.
სულ ესაა. ხედავთ, რეცეპტი იმდენად მარტივია, რომ სამ წინადადებაში ჩაეტია. აბა, თქვენ იცით, მე კი გავიქეცი, თვითმფრინავს უნდა დავეწიო!


კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment