ჩილი კონ კარნე - Chili con carne

Approved by Mary Poppins

წიწაკაზე ამდენი საუბრის მერე აბა, ცხარე მექსიკური კერძი როგორ არ უნდა შემომეთავაზებინა. მიუხედავად მექსიკური წარმოშობისა ეს კერძი 70-80-იან წლებში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა ევროპაში და მისი მომზადების უთვალავი ვარიანტი არსებობს. კერძის მთავარი
ინგედიენტებია: საქონლის ხორცის ფარში, მოხარშული ლობიო და ცხარე წიწაკა.
ამჯერად ჩემს მიერ ადაპტირებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ:

ინგრედიენტები: 500 გ საქონლის ფარში ან წვრილად დაჭრილი ხორცი, 2-3 თავი ხახვი, 3-4 კბილი ნიორი, 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი ცხარე წიწაკა, 400 გ წინასწარ მოხარშული ან კონსერვირებული ლობიო, ერთი ქილა კონსერვირებული სიმინდი, 3-4 პამიდორი, 2 სკ ტომატ-პასტა, ზეთი, მარილი, პილპილი და ხმელი წითელი წიწაკა ბლომად, ცოცხალი ქინძი გემოვნებით. ეგზოტიკის მოყვარულებს შეგიძლიათ დაუმატოთ 1 სკ კაკაო.

ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და მოვთუშოთ. დავამატოთ, ტომატი, პილპილი და დაფქული წიწაკა, დავაყაროთ ფარში და კარგად მოვხრაკოთ. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი კანგაცლილი პამიდორი. წვენს რომ ჩაიშრობს ცოტათი, ჩავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ბულგარული  წიწაკა, წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა, ლობიო და გაზზე ვთუშოთ დაახლოებით 20-25 წუთი (ძალიან ნუ გამოაშრობთ, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაამატოთ ბულიონი ან ანადუღარი წყალი). სულ ბოლოს დავუმატოთ სიმინდი, გავაჩეროთ კიდევ 5-7 წუთი. ცეცხლიდან გადმოდგმულს შევურიოთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment