პური + პომიდორი = პანცანელა

Approved by Natia Jinjolava

დესერტებზე და ტკბილეულზე იმდენი ვილაპარაკე, ყურები გაგიჭედეთ, ჰოდა, მივხვდი, დროა, ამჯერად რამე განსხვავებული შეგთავაზოთ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენს „ტოსკანურ ციკლს“ პანცანელათი დავამთავრებ. ეს ტრადიციული იტალიური კერძია, რომელიც, ბანალურად რომ ვთქვათ, პურის ბაზაზე დამზადებულ სალათს წარმოადგენს. პურის სალათი უძახეთ და, მე პირველად რომ გავსინჯე, კერძში ამ მთავარი ინგრედიენტის არსებობას საერთოდ ვერ მივხვდი, ასე რომ...
შემადგენლობა: 300გ წინა დღეს დაჭრილი (ანუ ცოტა გამომშრალი) თეთრი პური, 300გ პომიდორი, 1 წითელი და 1 ყვითელი ბულგარული წიწაკა (შეგიძლიათ მწვანე ბულგარულიც წიწაკაც შეურიოთ, კერძი კიდევ უფრო ფერადი და ლამაზი გახდება), 1 თავი ხახვი, 1 კონა ოხრახუში, რეჰანი (უკაცრავად, პანცანელას გამომგონებლებს პატივი ვცეთ და ჩვენებულ რეჰანს „ბაზილიკო“ დავუძახოთ), 3 კბილი ნიორი, 6-8სკ ბალზამიკო (თქვენი სამზარეულოს კარადაში ასეთი თუ არ აღმოგაჩნდათ, ძმრით ჩაანაცვლეთ), 2სკ კაპერსები, 8სკ ზეითუნის ზეთი, 1 დაფნის ფოთოლი, შავი პილპილი და მარილი (გემოვნებით), წყალი.
6სკ ბალზამიკო და დაფნის ფოთოლი 125მლ წყალში ავადუღოთ, გავაგრილოთ და ამ ნახარშში პური დაახლოებით ნახევარი საათით ჩავალბოთ.
პომიდორს მდუღარე წყალი გადავავლოთ და კანი გავაცალოთ. მერე მეოთხედებად დავჭრათ და რბილობი ამოვაცალოთ (ისიც წვრილად დავჭრათ). თესლისგან გაწმენდილი ბულგარული წიწაკა კუბიკებად დავჭრათ, ხახვი - რგოლებად. ნახევარი კონა ოხრახუში წვრილად დავკეპოთ.
ამასობაში პურის გადაწურვის დროც მოვიდა. გადავწუროთ, პატარა ნაჭრებად დავჭრათ და უკვე მომზადებულ ბოსტნეულს და კაპერსებს შევურიოთ.
ნიორი დავჭყლიტოთ და ზეითუნის ზეთი, დარჩენილი და ასევე წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 2სკ ბალზამიკო, მარილი და პილპილი დავამატოთ. მიღებული „სოუსი“ პურს დავასხათ, კარგად გადავურიოთ და გასაცივებლად ერთი საათით მაცივარში მოვათავსოთ. მზა სალათი რეჰანის ფოთლებით მოვრთოთ (ყურადღება: იტალიელები რეჰანის დაჭრას  ერიდებიან და მის ფოთოლ-ფოთოლ დაგლეჯას ამჯობინებენ. ითვლება, რომ ასე რეჰანი გემოს არ კარგავს).
სუფრასთან გთხოვთ - Tutti a tavola!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment