Paella ანუ პაელია

Approved by Mary Poppins



პაელიას ესპანეთის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ამზადებენ. ისევე, როგორც ნებისმიერ კერძს ნებისმიერი დიასახლისი. მე ძირითად რეცეპტს შემოგთავაზებთ, დანარჩენი კი, რას დაუმატებთ ან რას მოაკლებთ თქვენთვის და თქვენი ფანტაზიის ან გემოვნებისთვის მომინდვია. პაელიის მთავარი პრინციპი ასეთია: კეთდება ბრინჯით, ქათმით, ზღვის პროდუქტებით  და რათქმაუნდა ზაფრანათი. ზაფრანას გარეშე პაელია რაც არ უნდა გემრიელი გამოვიდეს, მაინც უბრალო ხორციანი ფლავი იქნება და არა პაელია.
ინგრედიენტები: მრგვალი ბრინჯი -250-300 გ, 1 ქათამი (შეიძლება ფილე და ბარკლებიც), 250 გ გასუფთავებული კრევეტები, ესპანური ძეხვი „ჩორიზო“ (შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი შებოლილი და ცხიმიანი ძეხვით), წითელი ბუგარული წიწაკა - 2ც, მწვანე ბარდა - 150 გ, ხახვი -1 ც, ნიორი - 4-5 კბილი, ზაფრანა - 2 მწიკვი, პაპრიკა- ½ ჩ/კ, ზეითუნის ზეთი, ბულიონი (ბულიონისთვის: ხახვი- 1 ც, სტაფილო - 2 ც, დაფნის ფოთოლი - 1-2 ც), მარილი, წიწაკა ან პილპილი გემოვნებით.
პაელიასთვის ბულიონი დაგვჭირდება, რომლისთვისაც ქვაბში ჩავასხათ ცივი წყალი, ჩავალაგოთ ქათმის ნახევარი, ხახვი, სტაფილო და დაფნის ფოთოლი და ვხარშოთ მომზადებამდე. მზა ბულიონს დავუმატოთ ზაფრანა.
ჩორიზო
ქათმის მეორე ნახევარ დავჭრათ ულუფებად, წავსუვათ ბლომად მარილი და კარგად დავბრაწოთ ზეითუნის ზეთიან ტაფაზე. მზა ქათამი გადმოვიღოთ ცალკე თეფშზე. იგივე ტაფაზე დავბრაწოთ კუბიკებად დაჭრილი ჩორიზო, ბულგარული წიწაკა, ხახვი და ნიორი. ვხრაკოთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ კრევეტები და დავტოვოთ 3-4 წუთით. ტაფაზე უკანვე ჩავაბრუნოთ უკვე დაბრაწული ქათმის ნაჭრები. ჩავაყაროთ პაპრიკა, მარილი და პილპილი. საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ ზეთი და დავაყაროთ მშრალი ბრინჯი და ტაფაზე არსებულ მასასათან ერთად ცოტახანი მოვხალოთ (რომ არ მიიწვას, შეუჩერებლად ვურიოთ). დავამატოთ მწვანე ბარდა და დავასხათ ზაფრანიანი ბულიონი, ისე რომ სითხზე ბრინჯზე 1-2 სმ-ით მაღლა იყოს. მივიყვანოთ ადუღებამდე, დავუწიოთ ცეცხლი და ვხარშოთ გამზადებამდე. მორევა აღარ უნდა.
პაელიაში ხშირად უმატებენ ღორის შებოლილ ნეკნებს ჩორიზოს ნაცვლად, თევზის ფილეს, მიდიებს, გახეხილ სტაფილოს, ზოგან პამიდორსაც. მოკლედ, მთავარი პრინციპები იცით და დანარჩენი თქვენი ნებაა. ჰო, ნატურალური ბულიონის კუბიკებით შეცვლაც შეიძება. გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment