Bagna càuda - რომის პაპის უსაყვარლესი საჭმელი

Approved by Mary Poppins


თურმე ახალარჩეული რომის პაპი, რომელიც თავისი მოკრძალებული ცხოვრების წესითა და ასკეტური ბუნებით გამოირჩევა, პაპად არჩევამდე საკუთარ საკვებს თავად იმზადებდა, განსაკუთრებულად კი პიემონტური (იტალია) კერძი Bagna càuda (bagna caôda) უყვარდა. Bagna càuda ანჩოუსის (ჩვენებურად ხამსა), ნივრის, კარაქისა და ზეითუნის ზეთისაგან დამზადებული ცხელი საწებელია, რომელშიც მოხარშულ ან ღუმელში გამომცხვარ ბოსტნეულს აწობენ და მერე გემრიელად მიირთმევენ. ტრადიციულად, პიემონტში Bagna càuda-ს ერთი დიდი ჯამით მაგიდის ცენტრში დგამენ, მეორე ლანგრით სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, არტიშოკი, წიწაკა, ხახვი, ბოლქვიანი ნიახურის ღერები, კამის ბოლქვი გამოაქვთ და სუფრის ყველა მონაწილე თავისი სურვილის მიხედვით არჩეულ ბოსტნეულს ავლებს საერთო ჯამში. თუმცა, ამ ბოლო დროს, საწებლის ცალ-ცალკე, პორციულ პაწაწინა კერამიკულ ჯამებში ჩასხმა და სტუმრებისთვის სათითაოდ მირთმევაც დაიწყეს. 

Bagna càuda
4 პორცია
ბოსტნეულის ასორტი (პარკი ბარდა, პარკი ლობიო, ყვავილოვანი კომბოსტო, ნორჩი ყაბაყი, სატაცური, ნორჩი ჭარხალი), 24 კბილი ნიორი თავისავე აპკში, 50 გრ კარაქი, 340 გრ ანჩოუსის ფილე, 150 გრ extra virgin ზეიუნის ზეთი

დიდი ქვაბით წამოვადუღოთ მარილიანი წყალი და 1 წუთის განმავლობაში დავფუფქოთ ბარდა და ლობიო. ამოვიღოთ ქაფქირით და გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცდაფენილ ლანგარზე დასაწრეტად. ყვავილოვანი კომბოსტო დავშალოთ ყვავილედებად და ვფუფქოთ 2 წუთის განმავლობაში, ისიც ამოვიღოთ და დავდოთ დასაწრეტად. ყაბაყი და სატაცური ვფუფქოთ 3 წუთი და ისინიც ამოვიღოთ. ჭარხალი ვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში, მერე ამოვიღოთ, შევაგრილოთ, გავთალოთ და გავჭრათ შუაზე. ახლა საშუალო ქვაბით წამოვადუღოთ მარილიანი წყალი და ნივრის კბილები საშუალო ცეცხლზე 20-25 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. გადავწუროთ, გავაგრილოთ და გავფცქვნათ. მოხარშული ნიორი ფართო ჯამში მოვათავსოთ და დავსრისოთ ჩანგლით (ვაქციოთ პიურედ). სქელძირიან ტაფაზე გავადნოთ კარაქი საშუალო ცეცხლზე, დავუმატოთ ანჩოუსი და ვხრაკოთ 1 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ნიორიც და ჩავათქვიფოთ ზეითუნის ზეთიც. დავუწიოთ ცეცხლი და ვათუხთუხოთ 5 წუთის განმავლობაში. შიგადაშიგ ვურიოთ. ამ დროს სოუსი შეიძლება აიჭრას, რაც ნორმალური პროცესია. დავუმატოთ მარილი და პილპილი. სანამ თბილია, ამოვავლოთ მოხარშული ბოტნეული და მივირთვათ.

საუკეთესო ურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment