შენი, ჩემი და საერთო სარგებლობის

Approved by Natia Jinjolava


ერთხელ, მორიგ სამსახურში, ისეთ კოლექტივში მოვხვდი, სადაც სრული კომუნიზმი და ჰარმონია სუფევდა და სიტყვები „შენი“ და „ჩემი“ არ არსებობდა. საერთო იყო ავეჯიც, საჭმელი და საკანცელარიო ნივთებიც კი. მოკლედ რომ ვთქვა, ყველას თავისი მაგიდა და სკამი კი ქონდა (ზოგს ყავის ჭიქაც), მაგრამ სხვისი უჯრის ცნება და პირადი კომპიუტერი რა იყო, ყველას მეგობრულად ქონდა დავიწყებული. მიუხედავად იმისა, რომ „სხვისი“ ჩემთვის ყოველთვის წმინდათწმინდა და ხელშეუდხებელი სფერო იყო და პირად ტერიტორიასაც ყოველთვის გაალმასებული ვიცავდი, უნდა გამოვტყდე, რომ ასეთ მდგომარეობაში მაინცდამაინც ცუდად არ მიგვრძნია თავი. გარკვეული უხერხული მომენტები კი იყო და ჩემი „ცუდი“ ჩვევაც ვერ დავივიწყე – სხვისი ნივთებით ჯიუტად არ ვსარგებლობდი და საერთო მოხმარების კომპიუტერებიც საკუთარი ლეპტოპით ჩავანაცვლე, მაგრამ საერთო ჯამში მაინც საკმაოდ კომფორტული სიტუაცია იყო. გარემოს მალე მივესადაგე და ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი ნივთების სხვისი ხელყოფისგან დაცვა მარტივად მოვახერხე, თან ისე რომ არავინ შეწუხებულა. მაგრამ ერთია სამსახური, სადაც ყველაფერი ისედაც საჯაროა და მეორე სახლი – შენი ციხე–სიმაგრე.
არ ვიცი ვისთან როგორ, მაგრამ ჩვენთან სახლში, ერთმანეთის პირად სივრცეს ყოველთვის პატივს ვცემდით: არავინ იქექებოდა სხვის კარადაში, არავინ იჭყიტებოდა მაგიდაზე გადაშლილად დატოვებულ სხვის ბლოკნოტში. ერთადერთი ბაბუა კითხულობდა ხოლმე გასართობად ჩემს სკოლისდროინდელ „მეგობრობის დღიურებს“ და ისიც ბოლო ჩანაწერთან ხელს აწერდა და თარიღს ასვამდა „შემოწმებულიაო“. სახლში არასდროს არ მქონია იმის შიში, რომ რამის დამალვა მომიწევდა და რომელიმე ოჯახის წევრი ნახავდა იმას, რისი ჩვენებაც  არ მინდოდა – უბრალოდ, უჯრაში ჩავდებდი და მორჩა. დღემდე ვჩხუბობთ მე და ჩემი და როცა მის სახლში კარადიდან რამის მოტანას მთხოვს და მე არ ვიცი სად დევს. მიუხედავად იმისა, რომ მასთან წლების ნამძილზე ვცხოვრობდი, სამზარეულოს და ჩემთვის გამოყოფილი „ტერიტორიების“ გარდა არასდროს მომსვლია თავში სადმე შემეხედა. ერთხელ, ნათესავი ჩამოგვივიდა რაიონიდან და ჩვენთან რამდენიმე ხანი ცხოვრობდა. გარეთ რომ ჩემი ტანსაცმლით გადიოდა მაგაზე არაფერს ვიტყვი, რამე რომ მეკარგებოდა, ვეკითხებოდი და ზუსტად იცოდა სად მქონდა შენახული. სანამ სახლში ვიყავით, ჩვეულებრივად იქცეოდა. ეტყობა ჩვენი სახლიდან გასვლის მერე იწყებდა ოთახების შემოვლას. ჩვენნაირ ხალხმრავალ ოჯახში ან როდის ასწრებდა ან როგორ იმახსოვრებდა სად რა გვედო?! ერთხელ არ შემცდარა და წინა დღეს დაუგეგმავად გადაადგილებული და შემთხვევით სადღაც მიგდებული ნივთების ადგილსამყოფელიც კი ზედმიწევნით იცოდა.
ორიოდე წლის წინ ჩემს მეგობარს ბინა გაუტეხეს და არასდროს დამავიწყდება რა თქვა: ნივთების დაკარგვას არ ვდარდობ, უცხო ადამიანების ასე მარტივად შემოღწევის შემდეგ, იმათი ხელის მონაკიდი ყველაფერი მეზიზღება და საკუთარ სახლში დაუცველობის გრძნობა მაქვსო.
სრულიად წარმოუდგენლად მეჩვენება სხვისი „სკაიპის“ ან „ფეიბუქის“ ჩატის მიმოწერის წაკითხვა. რასაკვირველია, რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას თუ არ აქვს ადგილი და ისიც ჯგუფურად. ერთხელ ერთმა ჩემმა ახლობელმა ძალიან გაიოცა როცა გაიგო, რომ ჩემი მეგობრის ტელეფონში არ ვიქექებოდი და მის პირად შეტყობინებებს არ ვკითხულობდი. ჯერ ეს ერთი, არ მაინტერესებს და თან სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიშლის ნერვებს უცხო ხალხის ჩემს ტელეფონში ქექვის სურვილი. ტელეფონი, ისევე როგორც პერსონალური კომპიუტერი ძალიან პირადი და ინტიმური ნივთია. ეგებ მე და ჩემს ქმარს სექსი გვაქვს გადაღებული, ტელეფონში ვინახავ და როცა საყვარელი მეუღლე მენატრება ყურებით ვტკბები. ან საყვარლის ესემესებს ვინახავ სამახსოვროდ... სწორედ ამიტომ ვერ ნახავთ ვერაფერ პირადს ვერც ჩემს ტელეფონში და ვერც სიალურ ქსელში. ტელეფონში სიმღერებსაც კი არ ვწერ, მერე ნაცნობ–მეგობრების ბავშვებმა მთელი დღე რომ არ აწრუპუნონ ტექსტით: „მიეცი გაერთოს“.
დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ თუ გინდა რამე არ გავრცელდეს, საერთოდ ნუ იტყვი, ნუ დაწერ და მით უმეტეს კომპიუტერში ნუ შეინახავ. იშვიათი გამონაკლისის გარდა (როცა ზუსტად იმასთან მიაქვთ ენა, ვისაც არ უნდა მოიუტანონ), არასდროს ვბრაზდები ადამიანებზე, რომლებმაც ჩემი საიდულო არ შეინახეს. ყველას ყავს ვიღაც ერთი ვისაც მაინც მოუყვება, მერე იმ ერთსაც ყავს თავისი ერთი და ა.შ. ამაზე სულ ერთი ძველი ანდაზა მახსენდება ხოლმე: „ნუ ფიქრობ. თუ გაიფიქრე, ნუ დაწერ. თუ დაწერე ნუ მოყვები. თუ მოყევი, მერე პასუხიც აგეო“.
სხვის ნივთებში და ცხოვრებაში ქექვა კი, მათი ხვედრია ვისაც თავისი საფიქრალი არაფერი აქვს. როცა საკუთარი ცხოვრებით და საქმით ხარ დაკავებული, სხვისთვის უბრალოდ არ გცალია. თავად დააკვირდით, თავის თავზე შეყვარებული ხალხი სხვებზე არ ჭორაობს – მხოლოდ საკუთარი ამბების მოყოლით არიან დაკავებული და შენ რაც არ უნდა შეჩივლო, მეორე დღეს არაფერი ახსოვთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment