თავისუფლება სულ ისე მოწყურდა...

Approved by Natia Jinjolava


ჩემი ერთი ზოგადად მიღებული გაგებით სამარცხვინო თვისება თუ ჩვევა უნდა გამოვააშკარაო: ქუჩაში სასეირნოდ გამოყვანილ ლამაზ ბავშვს და ძაღლს რომ ვხედავ, მე ძაღლის მოსაფერებლად მიმიწევს გული. არა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვები არ მიყვარს. უბრალოდ, საკუთარის არყოლის პირობებში ჯიშიანი ძაღლები უცნობ ბავშვებზე უფრო ნაზ გრძნობებს იწვევს ჩემში (რათქმაუნდა ეს ნაცნობ ბავშვებს არ ეხება) და სხვისი შვილები დედებთან ერთად მიყვარს – როცა ისინი უვლიან და მე ვეფერები.
მოდით, ობიექტურობისთვის იმასაც დავამატებ, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიყვარულიც არ გადამდის ისეთ მანიაკალურ გრძნობაში, რომ ნებისმიერ ძუნძგლიან მაწანწალას დავუკოცნო დრუნჩი. ძაღლლიც და ბავშვიც მოვლილი მიყვარს მე.
ალბათ ბევრი აღვაშფოთე და სამართლიანადაც, რომ ჩემთვის ამ ორ უსაყვარლეს არსებას – ადამიანის პირმშოსა და ცხოველს ერთმანეთს ვადარებ, მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ ოჯახში ახალი წევრის შემოყვანის, ანუ ბავშვის გაჩენის ან ძაღლის შეძენის გადაწყვეტილების მიღებას, ორივეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება და ამ პროცესს რაღაც საერთო ნამდვილად აქვს. ბავშვიც და ცხოველიც, პატრონის (ზრდასრული ადამიანის) მხრიდან ორივე იმდენად დიდი მოვლა–პატრონობასა და ზრუნვას საჭიროებს, რომ  კარგად გააზრების გარეშე ამ მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად არ ღირს. მოთ უმეტეს, რომ ძაღლისგან განსხვავებით ბავშვს საცხოვრებლად იატაკზე მოზომილი მეტრნახევარი არ ყოფნის და ბეწვის დაყრაზე უფრო დიდ პრობლემებს ქმნის როგორ წესი. ღრმერთმა დამიფაროს, ბავშვის არგაჩენას ვქადაგებდე, პირიქით. უბრალოდ, ამ მოვლენის მნიშვნელოვნებასა და  სირთულეზე ვსაუბრობ და იმას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ცხოველის მოყვანას თუ გადაწყვეტ, მასაც ოჯახის წევრივით უნდა მოექცე.
როგორც ბავშვი, ძაღლიც და ნებისმიერი სხვა სულიერიც – ჩიტი იქნება, თევზი, კატა თუ ზაზუნა, ყველას ერთნაირად უნდა მოვლა, დაბანა–დავარცხნა და გამოკვებაც. და, ყველა ერთნაირად ხელისშემშლელია პირად ცხოვრებაში. გაჩნდება თუ არა ნებისმიერი პირმშო, ბალნიანი იქნება თუ ტანშიშველი, შენს ნებაზე ვეღარ გადიხარ სახლიდან, თავისუფლად ვეღარ არჩევ კურორტს დასასვენებლად, იზღუდები უამრავი გადაწყვეტილების მიღებაში და სტუმრადაც კი ვეღარ მიდიხარ ყველგან, გნებავთ ბავშვით და გნებავთ იორკშირული ტერირეტით ხელდამშვენებული. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ მათი ნაგავი და არა მხოლოდ ნაგავი, თქვენი საწმენდია. თანაც, ძაღლიც და ბავშვიც ნებისმიერ ამინდში და ნებისმიერ განწყობაზე უნდა გაიყვანო სასეირნოდ. თუმცა, ამ საკითხში, ტრადიციულად ბავშვები უფრო იჩაგრებიან ხოლმე. თევზის თუ ბავშვის დამტოვებელიც არ გეგონოთ ადვილი მოსაძებნი.
ამასთან, სადღაც 14–18 წელიწადში ბავშვი გაიზრდება და დამოუკიდებელი გახდება (რაც გარანტირებული სულაც არაა, ზოგი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მშობლის კისერზე სრულიად კომფორტულად გრძნობს თავს და საერთოდ არ აპირებს ჩამოსვლას), თუთიყუში კი საშუალოდ 60–70 წელი ცოცხლობს და არამარტო უსასრულოდ მოვლა, მისი ანდერძში ჩაწერა და საიმედო ხელში  მემკვიდრეობით გადაცემაც ხდება აუცილებელი.
მაგალითად, ჩემი დის ცხოვრებაში ძაღლის გამოჩენასთან ერთად უამრავმა გაუთვალისწინებელმა პრობლემამაც იჩინა თავი, სასტუმროში ცხოველთან ერთად შეშვების ჩათვლით. ყოველი დასასვენებლად წასვლა და სასტუმროს არჩევანი, მათ გემოვნებაზე კი არა, ნომერში ძაღლის ყოლის ნებართვაზე გახდა დამოკიდებული. რამდენიმე წლის წინ ქობულეთში საკმაოდ მოკრძალებული და სრულიად მშვიდობიანი ფრანგული ბულდოგის დანახვაზე ერთმა სომეხმა ქალბატონმა ისეთი ისტერიული კივილი ატეხა: „Хищник! Хищник!“–ო რომ სასწრაფოდ ბარგის ჩალაგება და ბინის გამოცვლა გახდა საჭირო.
ერთი სიტყვით, ბავშვი იქნება თუ შინაური ცხოველი, მათი არსებობა ავტომატურად იწვევს პატრონის დამოუკიდებლობის დაკარგვასა და თავისუფლების შეზღუდვას. რის მერეც მხოლოდ სენტ–ეგზიუპერის ცნობილი პატარა პრინცის პოპულარული სიტყვებიღა გვრჩება ნუგეშად პასუხისმგებლობასა და მიჩვეულ–შეჩვეულების თაობაზე.
ამიტომ, რაღა გასაკვირია, რომ ამერიკელებს წელიწადის სამას სამოცდახუთიდან ერთი, შიანური ცხოველების პატრონთა დამოუკიდებლობის დღედ აქვთ გამოცხადებული. თუმცა, ამერიკელები რა ამერიკელები იქნებოდნენ, ამ იდეაშიც რაღაც ამერიკული რომ არ ჩაექსოვათ და მხოლოდ მათი ლოგიკისთვის დამახასიათებელი განმარტება არ გაეკეთებინათ. თურმე ამ დღეს, ცხოველი უნდა გაუშვა სამსახურში და შენ დარჩე სახლში...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment