შოკოლადის პეტიფუ

Approved by Mary Poppins


ცალკე თემაა შოკოლადის პეტიფუ – ერთლუკმიანი შოკოლადის შედევრი. ცალკე თემაა იმიტომ, რომ ჯერ ეს ერთი ძალიან გემრიელია და მეორეც – შოკოლადისაა. გამოიყურება ეფექტურად და ჩვეულებრივ, თეთრკანიან თანამოძმეზე ბევრად მარტივი მოსართავ–მოსაკაზმია. ელეგანტური და მიმზიდველი „გარეგნობისთვის“ შოკოლადის სარკალას სიპრიალე და სურნელიც კმარა.

ესპრესოს ბრაუნის პეტიფუ (პტიფურები) კარაქის კრემით
100 გრ კარაქი კუბიკებად დაჭრილი, 85 გრ შავი შოკოლადი დატეხილი, 300 გრ შაქარი, 3 მსხვილი კვერცხი, 1 ს/კ ხსნადი ყავა, 1½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, ¼ ჩ/კ მარილი, 150 გრ ფქვილი
კრემისთვის: 100 გრ დარბილებული კარაქი, 1 ს/კ ნაღები, 4 ს/კ ყავის ლიქიორი (Kahlua), 1 ს/კ ხსნადი ყავა, 3 ჭ შაქრის პუდრა, დაფქული დარიჩინი ზემოდან მოსაყრელად

გავახუროთ ღუმელი 170°C–მდე. 22 სმ – 33სმ–ზე მართკუთხედ საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ალუმიონის ფოლგის ფენა, ისე ფორმის გვერდებზე 2 სმ–ით მაღლა გადმოდიოდეს. წავუსვათ ცხიმი. ფართო და სქელძირიანი ქვაბით დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ კარაქი და შოკოლადი, სანამ შოკოლადი არ გადნება. მერე გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავათქვიფოთ შაქარი და მერე კვერცხები სათითაოდ. დავუმატოთ ხსნადი ყავა, ვანილი და მარილი. ხის კოვზით გადავურიოთ გაცრილი ფქვილიც. ცომი დავასხათ ფორმაში ჩაფენილ ფოლგაზე. ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში (გამომცხვარი ბრაუნი შიგნით სველი და დაზეპილი უნდა იყოს, ამიტომ დიდხანს ნუ გააჩერებთ და ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ეს ერთადერთი ნამცხვარია, რომელიც ზედმეტ მორევასა და თქვეფას ვერ იტანს – სტრუქტურა უფუჭდება).

გამომცხვარი ბრაუნი გავაგრილოთ ფორმაშივე, მერე კიდეებზე ბასრი დანა მოვატაროთ და ფოლგის დახმარებით ფრთხილად ამოვიღოღთ ფორმიდან. გაგრილებული ნამცხვარი ბასრი დანით ან სპეციალური საჭრელით დავჭრათ თითო ლუკმის ზომის წრეებად ან კვადრატებად.
კრემისთვის: კარაქი ვთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე, მერე ჩავათქვიფოთ ნაღები. ჭიქაში ერთმანეთში გადავურიოთ ლიქიორი და ხსნადი ყავა და ყავა კარგად რომ გაიხსნება წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ კარაქში (კარაქის კრემში გათქვეფილი კარაქი და კრემში ჩასასხმელი ნებისმიერი სითხე ზუსტად ერთი ტემპერატურის თუ არ არის – კრემი აიჭრება. ამიტომ სანამ კრემის გაკეთებას დაიწყებთ, კარაქიც და ლიქიორი და ყავაც 2–3 საათით ადრე დადეთ მაგიდაზე – ერთნაირი ოთახის ტემპერატურის რომ გახდეს). დავუწიოთ მიქსერის სიჩქარე და შაქრის პუდრა ჩავათქვიფოთ თუითო–თითო ჭიქად. მზა კრემი ჩავასხათ საკონდიტრო ტომსიკაში და ბრაუნის ნაჭრებს პატარა და წვეტიანი გუმბათები დავასვათ. ზემოდან სულ ცოტა დაფქული დარიჩინი მოვაფრქვიოთ და მივირთვათ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment