ბლინების ტორტი ბანანით

Approved by Mary Poppins


ბლინების ტორტი ბანანით
(http://smittenkitchen.com)
გამოდის 23 სმ დიამეტრის 11 ან 12 ბლინი
ბანანის ბლინებისთვის: 4 ს/კ კარაქი, 1 დიდი ზომის მწიფე ბანანი, 1 ჭ რძე, 175 გრ ფქვილი, 4 მსხვილი კვერცხი, 2 ს/კ ლერწმის შაქარი, ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 2/4 ჩ/კ მარილი, ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი, ¼ ჩ/კ ახალგახეხილი ჯავზის კაკალი (მუსკატი), მწიკვი დაფქული მიხაკი
კრემისთვის: 225 გრ ნაღების ყველი (მასკარპონე ან ფილადელფია), 1 ½ ჭ მაწონი ან არაჟანი, 1/3 ჭ შაქრის პუდრა, ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
სარკალასთვის: ½ ჭ ცხიმიანი ასათქვეფი ნაღები, ¼ ჭ ლერწმის შაქარი, 1 ს/კ კარაქი ოთახის ტემპერატურის, ½ ჭ დაჭრილი და მოხალული ნიგოზი, ¼ ჩ/კ ან გემოვნებით ზღვის მარილი

ბანანისგან ჩანგლით ან ბლენდერით გავაკეთოთ ერთგვაროვანი პიურე. დავუმატოთ კარაქი და კიდევ ერთხელ გავთქვიფოთ. დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტებიც (საკმაოდ თხელი ცომი უნდა გამოვიდეს). ცომს ცელოფანი გადავაფაროთ და მინიმუმ ერთი საათით მაცივარში შევდგათ. უმჯობესია მაცივარში მთელი ღამით თუ დავტოვებთ. ჩაციებული ცომი უნდა შესქელდეს. სანამ ცხობას დავიწყებთ, ცომს კარგად მოვურიოთ. 23 სმ დიამეტრის ტაფა კარგად გავაცხელოთ ცეცხლზე, დავასხათ ცოტაოდენი ზეთი და დავიწყოთ ცხობა: დავასხათ ერთი ჩამჩა ცომი, გავანაწილოთ ტაფის მთელ ზედაპირზე და ვაცხოთ დაახლოებით 1–2 წუთი. გადავაბრუნოთ და დავბრაწოთ მეორე მხრიდან. გადმოვიღოთ. ტაფას ზეთი დავაწუწოთ და დავასხათ ცომის მეორე პორცია და ასე ვაცხოთ სანამ ცომი არ გაგვითავდება. მზა ბლინები ოთახის ტემპერატურამდე გავაგრილოთ.  
კრემისათვის გავტქვიფოთ ნაღების ყველი დარბილებამდე, მერე ჩავათქვიფოთ მაწონი ან არაჟანი. დავუმატოთ შაქრის პუდრა და ვთქვიფოთ კიდევ ერთი წუთის განმავლობაში. ბლინებს სათითაოდ წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავალაგოთ. ბოლო ბლინს კრემს ნუ წავუსმევთ, კრემიანი ბლინების „კოშკს“ უბრალოდ ზემოდან დავაფაროთ და ლამაზ ლანგარზე მოვათავსოთ. ტორტი შევდგათ მაცივარში და სარკალა მოვამზადოთ: საშუალო ცეცხლზე შემომდგარ სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ ნაღები, ლერწმის შაქარი და კარაქი. წამოვადუღოთ, ჩავუწიოთ ცეცხლი და ვხარშოთ სიროპი 10 წუთის განმავლობაში. შიგადაშიგ ვურიოთ. კარამელი რომ შესქელდება და გემრიელი სუნი აუვა, მზადაა. დავუმატოთ ვანილი, მარილი და ნიგოზი და ცხელივე გადავასხათ ბლინის ტორტს ზემოდან.  სარკალა ბლინის ზედაპირზე კოვზით თანაბრად გავანაწილოთ. შეგიძლიათ ჩააცივოთ, შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ. პირადად მე, ჩაცივებული მირჩევნია.
                               
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment