იქ სადაც გვერდით ნომერში პრეზიდენტი ან არაბი შეიხი ხვრინავს...

Approved by Natia Jinjolava


დასასვენებელი და გასართობი ადგილების ძებნამ იმდენად ეშხში შემიყვანა, რომ ჯერაც ვერ ვჩერდები და ამჯერად მსოფლიოს ყველაზე ძვირიან სასტუმროებს მივადექი. ბოლოს და ბოლოს, რომელიმე მათგანთან ახლოს შემთხვევით რომ მოვხვდეთ, იქ ღამის გათევის საშუალება თუ გვაქვს, მაგას რა ჯობია, თუ არა და კუდამოძუებული ხომ არ უნდა გამოვბრუნდეთ რეგისტრატურიდან, ჯობია „სათაურზევე“ ვიცნოთ და ახლოს არ გავეკაროთ.

ჟენევაში President Wilson Hotel-ში The Royal Penthouse Suite-ი ანუ ჩვენებურად ლუქსი ერთი ღამე 65 ათასი დოლარი ღირს. მიუხედავად ასტრონომიული ფასისა, ნომრის, რომელსაც სასტუმროს ბოლო სართული მთლიანად უკავია, დაჯავშნა დიდ სირთულეს წარმოადგენს. ლუქსის ოთხივე საძინებელს, რომლის ფანჯრებიც ჟენევის ტბას და მონბლანს გადაყურებს, ექვსი აბაზანა აქვს; კარებები და ფანჯრის მინები კი ტყვიაგაუმტარია. პენთჰაუზს საკუთარი ლიფტი ემსახურება და გაეროს შტაბბინამდე სულ 5 წუთის მანქანის გზაა.


ნიუ-იორკში, Four Seasons Hotel-ის Ty Warner Penthouse-ის ღირებულება 35 ათასი დოლარია, რასაკვირველია, ერთი ღამით. 2007 წელს გახსნილ ნომერში ათასობით სადაფის ნატეხით მოკირწყლულკედლებიანი 9 ოთახია. გარდა ამისა, პენტჰაუზის სტუმრებისთვის (მსოფლიო მასშტაბის პრობლემებზე ფიქრისა და განსჯის ხელშესაწყობად) საგანგებოდაა გაშენებული იაპონური ბაღი ძენის სტილში და მოწყობილია სპა-პროცედურების კაბინეტი. მუზიცირების მოყვარულთათვის, ბიბლიოთეკაში როიალიც კი დგას.


სარდინიაზე, კოსტა სმერალდაში Hotel Cala di Volpe-ს საპრეზიდენტო ლუქსი სულ რაღაც 34 ათასი დაგიჯდებათ. რამდენიმე სართულიან აპარტამენტებში სამი საძინებელი, სამი სააბაზანო, საკუთარი პორტული დარბაზი, საუნა და ღვინის სარდაფიც კი დაგხვდებათ. ნომრის სახურავზე ტერასა და ზღვის წყლის საცურაო აუზია განლაგებული. ნომრის ფასი ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით 10 ათასი დოლარით იზრდება.

კიდევ უფრო იაფია,Westin Excelsior-ის Villa La Cupola Suite რომში, სადაც ერთ ღამეში მხოლოდ 31 ათასი დოლარის გადახდა მოგიწევთ. სასტუმროს მეხუთე და მეექვსე სართულებზე მოწყობილ ძველი რომის სტილში მეტისმეტად გადაპრანჭულ ნომერს პომპეის სტილში გაფორმებულ ჯაკუზისთან ერთად ერთმანეთში გადაჯაჭვული მითიური და თანამედროვე სიუჟეტებით მოხატული ფრესკები და ვიტრაჟებიც ამშვენებს, სადაც გვერდიგვერდ ჩინებულად თანაარსებობენ ატლასი და ტელევიზია, ჰიპნოზი და ნევროზი, ჰერმესი და მარკეტინგი...

ტოკიოში Ritz-Carlton-ის საპრეზიდენტო ლუქსი, რომელიც ერთი ღამე 25 ათასი დოლარი ღირს, ქალაქის ყველაზე მაღალი შენობის ბოლო სართულზე მდებარეობს და ღირსეულ მასპინძლობას უწევს სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებსა თუ ცნობილ ბიზნესმენებს. ნომრიდან ფუძიამასა და მთელი ტოკიო ხედი იშლება.

ბაჰამის კუნძულებზე The Atlantis-ის The Bridge Suite 22 ათასი დოლარი - 10 ოთახიანი ნომერი სასტუმროს ორი უზარმაზარი კოშკის შემაერთებელ ხიდს წარმოადგენს. 23 სართულის სიმაღლეზე გადაჭიმულ აპარტამენტს მარმარილოს იატაკი და 22 კარატიანი ოქროს ჭაღი აქვს. ადრე თურმე „მაიკლ ჯეკონის ლუქსსაც“ ეძახდნენ, ცხონებულს იქ ყვარებია ხოლმე გაჩერება.

პარიზის Park Hyatt Vebdôme-ს The Imperial Suite მხოლოდ 20 ათასი დოლარი ღირს და ამ ნომრის ძირითადი კონცეფცია რელაქსაციასა და სპა-ში მდგომარეობს. სააბაზანოში საგანგებო „შინაური“ მორევის იმიტაციის მქონე აბაზანა, საუნა და მასაჟის მაგიდაც დგას. მის სტუმრებს კი პროცედურებს შორის გართობა თანამედროვე ტექნიკის მიღწევებით აღჭურვილ კაბინეტსა და სასტუმრო ოთახში შეუძლიათ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძვირიანი სასტუმროების სიის ბოლოში მოხვდა დუბაის Burj Al Arab-ის  Royal Suite, რომლის საფასურიც ერთ ღამეში 19 ათას 600 დოლარი გახლავთ. 1990-იან წლებში აშენებული გიგანტური აფრის ფორმის მქონე სატუმრო უკვე დუბაის სიმბოლოდ იქცა. სასტუმროს ოცდამეხუთე სართულზე მდებარე ლუქსს საკუთარი ლიფტი, მარმარილოს იატაკი, ლეოპარდის ტყავის სტილის ხალიჩები და ბალდახინიანი მბრუნავი(!) საწოლი აქვს.

კვლავაც ჟენევაში, Le Richemond-ის Armleder Royal suite ერთი ღამე 18 ათას 900 დოლარი ღირს და მისი ყოფილი მეპატრონეების, ერთ-ერთი შვეიცარიული ოჯახის გვარს ატარებს. ნომერში სამი საძინებელი და დიდი ტერასაა, რომლიდანაც ჟენევის ტბის შესანიშნავი ხედი იშლება. მიუხედავად უზარმაზარი, ღია ტერასისა, მინები ამ ნომერსაც ტყვიაგაუმტარი აქვს.

თქვენი არ ვიცი და მე რომ ფეხი არ შემედგმება იმ სასტუმროების თუ ნომრების ჩამონათვალს მოსკოვის The Ritz-Carlton-ის The Rits-Carlton Suite ასრულებს ღამეში 16 ათას 500 დოლარით, სადაც ინტერიერი რუსეთის იმპერიის სტილშია გაფორმებული. ნომრის ფანჯრებიდან კი კრემლი და წითელი მოედანი მოჩანს.

ამ ნომრებში თითო ღამი მუქთად გათევის სურვილით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment