დამიბრუნეთ ევრო-სპორტი!

Approved by Natia Jinjolava


მივტირი, დავტირი და დავქვითინებ, საზოგადოებრივი არხის მიერ უკვე მერამდენედ დარღვეულ ჩემს უფლებას, ფეხბურთის ჩემპიონატებს თუ ოლიმპიურ თამაშებს ვუყურო იმ არხზე, რომელზეც მინდა, და რომლის ჩემს კუთვნილ ტელევიზორში ტრანსლირებისათვის საკაბელო თუ ინტერნეტ ტელევიზიას ჩემი ოფლითა და შრომით ნაშოვნ ფულს ვუხდი.
მარტომ იმიტომ რომ საზოგადოებრივმა არხმა მათი ჩვენების უფლება იყიდა, მე რა დავაშავე? რატომ უნდა ვუსმინო არამარტო ზოგადი განათლების არმქონე, არამედ ცუდად მოქართულე კომენტატორების ბჟუტურს ადამიანმა, რომელიც უკვე ვიხდი საფასურს ევროსპორტისა და სხვა სპორტული არხების ყურებაში? საზოგადოებრივი ტელევიზია რა უფლებით მითიშავს (ანუ აიძულებს კერძო ტელევიზიებს გამორთოს) დიდი სპორტული ღონისძებების დროს სპორტულ არხებს და რატომ მისპობს თავისუფალი არჩევანის უფლებას? სხვა ტელეკომპანიებისთვის „მოპარული“ გადაცემების ჩვენების აკრძალვა შეიძლება სრულიად კანონიერია, მაგრამ ასევე კანონთან მიმართებაში ირღვევა ჩემი ანუ მომხმარებლის უფლებებიც. მაშინ, მოდით ისეთი პედანტურები და კანონმორჩილები გავხდეთ, რომ რასაც ჩვენი კერძო თუ სახელმწიფო ტელევიზიები იპარავენ და ჩვენების უფლების ყიდვის გარეშე აჩვენებენ ყველაფერი ავკრძალოთ და ვნახავთ მარტო ვენესუელური სერიალების და საინფორმაციო გამოშვებების (რომლებიც სიუჟეტის განვითარებით ზემოხსენებულ სერიალებს ეჯიბრებიან) ამარა რომ დავრჩებით.
პირველი შოკი ბოლო ევროპის ჩემპიონატზე განვიცადე და ვინანე, მატჩებს პასტა და ფურცელ მომარჯვებული რომ არ ვუყურებდი და კომენტატორის სიბრძნეებს არ ვიწერდი. თუმცა, ისეთ მრავალსიულელიან და ხანგრძლივ ტირადებს აცხობდნენ, სტენოგრაფისტის გარდა ვერავინ მოასწრებდა მათ დაფიქსირებასა და აზრისთვის ყურის მიდევნებას.
ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ კი საბოლოოდ დამიკარგა იბერიის ოდესმე გაბრწყინების იმედი.
სულ რამდენიმე ფრაზას შემოგთავაზებთ და არ გეგონოთ რომ რომელიმე კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი, თავიდან ბოლომდე დასრულებული ციტატებია:
„მალტა. ერთი შეხედვით საკმაოდ ისეთი, კარგი სახელმწიფო, განვითარებული. მაგრამ ხუთად-ხუთი სპორტსმენი. მარტო ტერიტორიაზე ყურადღება ნუ გავამახვილებთ“... რომელი მსოფლიო სპორტის სამშობლო მალტაა და რა გასაკვირი ეს იყო? მაგრამ მას მერე რაც 54 კენიელი სპორტსმენი ეცოტავა...
„გამბია, გაბონი და საქართველო. მე მინდა წინსაწარ დავაანონსო ჩვენი დელეგაციის გამოსვლა“
„პალესტინა, ბუნებრივია, ბალახის ჰოკეის ხარჯზეა ხალხმრავალი“... რატომაა ბუნებრივი?
„დროშა ვისაც მოაქვს, საერთო ჯამში მოცურავეა“...
„ცერემონია დასასრულს უახლოვდება, ორმოცზე ცოტა მეტი დელეგაციაა გამოსასვლელი“...
„მე აღარ მითქვამს მედროშეები, მაგრამ რაიმე ისეთი საინტერესო სპორტსმენები არ გამოსულან, გეტყვით როცა იქნება“... უკაცრავად, მაგრამ კაცი ოლიმპიადაში მონაწილეობს, მეტი მიღწევა რა უნდა ქონდეს სპორტმენს?
„საერთო ჯამში ამ ჩრდილოურ ქვეყანას 36 სპორტსმენი წარმოადგენს, ზამთრის ოლიმპიურ თამშებზე შეიძლება მეტი იყოს, მაგრამ ზაფხულის ოლიმპიადაზეც გამოდიან“... ეს ლაპლანდიელები ან ჩუქჩები არ გეგონოთ, ისლანდიაზე მსჯელობს ასე.
„საერთო ჯამში კენდი ტეილორი მოკრივეა...“
„იტალიელი სპორტსმენები ძალიან წარმატებული სპორტმენები არიან, ბუნებრივია, სპორტის სხვადასხვა სახეობაში“... ზუსტად ზაფხულის ოლიმპიადაზე იტალიელები მაინცდამაინც არ ბრწყინავენ, მით უმეტეს, რომ ფეხბურთის და კალათბურთის გუნდებით არ არაიან წარმოდგენილი.
„ძალიან ძნელია ეს ადამიანი წარმოიდგინო ტაიკვანდოს კიმონოში, ტაიკვანდოს ფორმაში, მაგრამ მაინც“...
ვიმეორებ, ეს დასრულებული ფრაზებია და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი.
„ძალიან ძნელია წარმოიდგინო კენია და ასეთი ადამიანი, მაგრამ კენიის სახელით გამოდის...“ ეს თეთრკანიანზეა საუბარი.
„განაკუთრებულ წარმატებას შეიძლება ვერ მიაღწიონ, მაგრამ მედლების რაოდენობით... მცირე მედლები მათ არ აქვთ, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში“... მე სულ მეგონა რომ წარმატების დატური სწორედ მედალი იყო?!
„ახლა ეს იაპონიის დროშა გასაგებია...“ კომენტარი სხვა დელეგაციის გავლის დროს კადრში გამოჩენილ იაპონიის დროშაზე. რა არის გასაგები? ალბათ გაეხარდა დროშა რომ იცნო „შპარგალკის“ გარეშე.
„მექსიკელების ჩაცმულობა ძალიან საინტერესოა. სხვადახვა სახეობა აქვთ აღებული, რითაა გამოწვეული ძნელი სათქმელია“...
მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია კიდევ ერთ განცხადებასთან შედარებით: თურმე ოლიმპიადისთვის დიდი ზარი ჩამოუსხამთ საგანგებოდ და იცით ვის? ბიგ ბენის ზარი რომ ჩამოასხეს იმ ადამიანებს... დიახ, დიახ, ფირმას კი არა, ადამიანებს.
მართალია, ბრიტანეთი დრუიდების, მერლინის და ჰარი პოტერის ქვეყანაა, მაგრამ მთლად ასეთი „საწაული“ მემგონი მათაც კი არ ეხელეწიფებათ.
მე რამდენადაც ვიცი (მაგრამ ვინ ვარ მე საზოგადოებრივი არხის კომენტატორებთან შედარებით), 1844 წელს ინგლისის პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა კომისია ქვეყნის ყველაზე ზუსტი საათიანი კოშკის მშენებლობასთან დაკავშირებით. საათის პროექტი 1851 წელს ედმუნდ ბეკეტ დენისონმა შეიმუშავა. მანვე ითავა საათისთვი ზარის პროექტის მომზადებაც. მაგრამ იმ დროისათვის ქვეყნის ყველაზე დიდი ზარის (პეტრე დიდის) „დაჯაბნის“ სურვილით შეპყრობილმა, ზარის ფორმა და ჩამოსასხმელი ნადნობის ფორმულა შეცვალა და შედეგად, დენისონის მოთხოვნების მიხედვით ფირმა Jon Warner&Son-ის ჩამოსხმული ზარი პირველივე ტესტირებაზე გაიბზარა.
მაშინ, ამ დროისათვის უკვე სერ ედმნუდ ბეკეტად წოდებულმა, გლიმტორპის პირველმა ბარონმა კომპანია Whitechapel-ს მიმართა. კომპანიას ცნობილი მეფოლადე ჯორჯ მირსი ხელმძღვანელობდა (სახელბზე და გვარებზე ყურადღება იმიტომ ვამახვილებ, რომ თანამედროვე ოლიმპიური ზარიც მათი ნახელავი ყოფილა და მერე რა რომ დიდი ხნის  გარდაცვლილები არიან, ღვაწლი რატომ დავუკარგოთ). 1858 წლის 10 აპრილს ჩამოსხმული ზარი საგულდაგულო შემოწმების და არაერთხელ გამოცდის შემდეგ თექვსმეტი საზეიმოდ მორთული ცხენით პარლამენტის შენობასთან გადაიტანეს. 1859 წლის 31 მაისს ვესტმინსტერის სააბატოს კოშკიდან ამ ზარმა პირველად დარეკა.
ლეგენდის თანახმად, იმ დღეს ლონდონის პარლამენტში ზარის სახელწოდებასთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობდა. დიდ ბენად (Big Ben) წოდებულმა ლორდმა ბენჯამინ ჰოლმა იმდენი და იმდენხანს ილაპარაკა, რომ ზარს მისი მეტსახელი სამუდამოდ შერჩა. ასე იყო თუ ისე (ყოველ შემთხვევაში, ზარის სახელწოდების ყველაზე სარწმუნო ვერსიად სწორედ ამას მიიჩნევენ), ზარი კიდევ ოთხ პატარა ზართან ერთად (რომლებიც ყოველ 15 წუთში ერთხელ რეკავენ) იმავე სახელწოდების კოშკზე ჩამოკიდეს და რამდენადაც ვიცი აღარ შეუცვლიათ. საუკუნენახევრის წინ აწყობილი საათი ჩვენი კომენტატორებისგან განსხვავებით, დღესაც ზუსტად და ინგლისური პუნქტუალურობით მუშაობს...
დააკვირდით დღეს რა მძიმე, გაუმართავი და დაღვარჭკნილი ქართულით ვწერ? ეს სულ ამ კომენტატორის ბრალია ახლა რომ ვუსმენ! აშკარად მისი გავლენაა!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. ბიგ-ბენი (ქვეყნის სხვა ზარებთან ერთად) 27 ივლისს მართლაც რეკავდა სამი წუთი განმავლობაში ოლიმპიური თამაშების პატივსაცემად...

0 კომენტარი.:

Post a Comment