მაყვლის ტორტი და ჟოლოს ტორტი

Approved by Natia Jinjolava

ზაფხულის სიცხეში, სხვისი არ ვიცი და ჭამის სურვილი პირადად მე, დილიდან მინიმუმამდე დამდის, მაგრამ საღამოს და შესაბამისად, სიგრილის დადგომასთან ერთად, ცხოვრების და ჭამის ხალისი ერთად მიბრუნდება და ვიწყებ საკუთარი სამზარეულოს ინსპექციას - ასეთ დროს კი არაფერი სჯობს საკუთარი მაცივრის თაროზე კენკრის მსუბუქი ნამცხვრის აღმოჩენას. რომლის უკვე ნახსენებ თაროზე მოხვედრაზეც თავად უნდა იზრუნოთ. ამისთვის კი რამდენიმე ხერხი არსებობს. საუკეთესო ვარიანტია - ვინმე თუ გამოგიცხობთ (მოგეხსენებათ, ზაფხულია და ცხელა), კარგია - წახვიდეთ და იყიდოთ და მისაღებია - წინა ღამეს, სიგრილეში გამოაცხოთ...

მაყვლის ტორტი
24 სმ დიამეტრის გასახსნელი ფორმისათვის: 90 გრ ფქვილი, 3 კვერცხი, 240 გრ შაქარი, 5 ს/კ მაყვლის ჯემი, 0,5 ჩ/კ სოდა, 6 ს/კ მაყვლის არაყი, 500 გრ მაყვალი, 450 გრ იოგურტი, 300 გრ არაჟანი, 6 ფირფიტა ჟელატინი, 250 გრ ცხიმიანი ნაღები, ნუშის ფანტელები და ცოტაოდენი მაყვალი მოსართავად
გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ტორტის ფორმას წავუსვათ ცხიმი და ჩავაფინოთ დაცხიმული პერგამენტის ქაღალდი. კვერცხები და 90 გრ შაქარი ავთვქიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ ფქვილი და სოდა. ჩავასხათ ფორმაში და ვაცხოთ 35 წუთის განმავლობაში. გავაგრილოთ. ავაცალოთ ქაღალდი, ჰორიზონტალურად გავჭრათ შუაზე და დავნამოთ არყით. წავუსვათ შემთბარი ჯემი და ერთი ფენა შემოვდგათ მეორეზე. ჩავდოთ იმავე ფორმაში, რომელშიც გამოვაცხვეთ (გასახსნელი ფორმა თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფორმა გამოიყენოთ. მაგრამ, მერე უკვე კრემიანი ტორტის ამოღება რომ არ გაგიჭირდეთ, წინასწარ ჩააფინეთ ცელოფანი და ამოიღეთ ცელოფნის დახმარებით). მაყვალს მოვაყაროთ 2 ს/კ შაქარი. იოგურტი, არაჟანი და დარჩენილი შაქარი ერთმანეთში გადავურიოთ. ჟელატინი დავალბოთ ცოტაოდენ წყალში, გავწუროთ და გავადნოთ დაბალ ცეცხლზე. ჟელატინი გადავურიოთ არაჟნის კრემში და დავდგათ ცივ ადგილას ნახევარი საათით. ნაღები ავთქვიფოთ და მაყვალთან ერთად დავუმატოთ გაცივებულ კრემს. კრემი ჩავასხათ ბისკვიტიან ფორმაში. შევდგათ მაცივარში მინიმუმ ოთხი საათით, სასურველია მთელი ღამით. ჭამის წინ ნამცხვარი ფორმიდან ამოვიღოთ, გვერდებზე ნუშის მოხალული ფანტელები მოვაყაროთ, ზევიდან კი მაყვლებით მოვრთოთ. 

ჟოლოს ტორტი
24 სმ დიამეტრის გასახსნელი ტორტის ფორმისათვის: 175 გრ ფქვილი, 2 ს/კ შაქარი, 100 გრ ცივი კარაქი, 1 ს/კ შერი, 300 გრ ნაღები ყველი (მასკარპონე ან ფილადელფია), 150 გრ არაჟანი, 4 ფირფიტა ჟელატინი, 1/2 ლიმონის წვენი და ცედრა, 75 გრ შაქრის პუდრა, 350 გრ ჟოლო, შაქრის პუდრა ზევიდან მოსაფრქვევად, 25 გრ დაფქული ბუსტუღი (ფსტის კაკალი)
ფქვილის, შაქრის, შერისა და კარაქისგან სწრაფად (კარაქი რომ არ გათბეს) მოვზილოთ ფხვიერი ცომი. ფორმა დავცხიმოთ და ჩავატკეპნოთ ცომი. ცომი რამდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე და შევდგათ ბისკვიტი 20 წუთით, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება. ამოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ. ყველი, არაჟანი, შაქრის პუდრა, ლიმონის წვენი და ცედრა ერთმანეთში გადავურიოთ. ჟელატინი ჩავალბოთ, გადავწუროთ და გავადნოთ დაბალ ცეცხლზე. გადავურიოთ კრემში. ბიკვიტი ჩავაბრუნოთ ფორმაში და ზემოდან დავასხათ კრემი. შევდგათ მაცივარი მინიმუმ 2 საათით. ამივიღოთ ფორმიდან, გვერდებზე მოვაყაროთ დაფქული ბუსტუღი, ზემოდან დავალაგოთ ჟოლო და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი



0 კომენტარი.:

Post a Comment