რამდენი ბედობა გვაქვს საქართველოში?

Approved by Mary Poppins


რომ დავფიქრდეთ, რამდენი ბედობა ან მეკვლეობა გვაქვს საქართველოში? - ბარბარობა, ახალი წელი, 2 იანვარი, ძველით ახალი წელი, 15 იანვარი, ნათლისღება... მეტი ამ წუთას არ მახსენდება, მაგრამ ალბათ კიდევ იქნება რამე. თანაც, მათი უმეტესობა დეკემბერ-იანვარზე მოდის. მაგალითად, ერთი ჩემი მეზობლისგან საკმაოდ ხშირად მესმენია, რომ „დღეს ვერაფრით წავა სტუმრად, იმიტომ რომ ბედობაა და არ უნდა მეფეხური იყოს“. ან, როგორი გავლენა აქვს ერთი ბედობის მოვლენებს მეორეზე? ვთქვათ, პირველში საკმაოდ კარგი მეკვლე დამებედა, 2 ინვარს კი ნაქეიფარი ახლობლების ფრიად არასასიამოვნო ჩხუბს შევესწარი. წარმატებული წელი მექნება გარშემომყოფების თავპირის მტვრევის ფონზე თუ 15-ში უნდა შევეცადო მომხდარის გამოსწორებას მორიგი ფეხბედნიერი მეკვლის მარჯვენა ქვედა კიდურით?  უფრო მეტიც, ბარბარობის მეკვლის მოტანილი მარტო პირველ იანვრამდეა ძალაში თუ მისი შედეგები მომავალ 18 დეკემბრამდე გრძელდება? და, რა ხდება მაშინ როცა ერთი ბედობის მოვლენები სრულიად საპირისპიროდ განსხვავდება მეორე და ასევე კანონიერი ბედობის ამბებისგან?
ერთი სიტყვით, წელიწადის ცხელ პერიოდში გვიჭირს, თორემ ზამთარში, იცოცხლე, საკუთარის თუ სხვისი გაფუჭებულის გამოსწორების შანსი არაერთხელ გვეძლევა. მით უმეტეს, რომ საკმაოდ კარგი ფსიქოთერაპიაა საკუთარი უგერგილობა მავანის ფეხს, თვალს ან ენას დააბრალო. თუმცა, პირველი ორის რა მოგახენოთ, თორემ სხვისი ენა, ან თქვენს საქმეში ჩაყოფილი უცხო ცხვირი ყოველგვარი ბედისწერისა და ზებუნებრივი ძალის გარეშე, სრულიად სამართლიანად შეიძლება იყოს ეჭვმიტანილიც და ბრალდებულიც თქვენს „უბედურებაში“.
რომ არ მოგატყუოთ, ვინმეს ფეხი არც ცუდად და არც კარგად არასდროს დამიცდია, მაგრამ სრულიად გასაოცარი კანონზომიერება აღმოვაჩინე ჩვენი მის ენდრიუს ნაჩუქარ ნივთებთან დაკავშირებით. საკმარისია ჩემს გულისხმიერ მეგობართან დავიწუწუნო რომ რაღაც არ მაქვს ან მჭირდება, რომ მაშინვე მჩუქნის და მერე ქართული კინოფილმიდან მანანას რადიოლასი არ იყოს, ყველა იგივეს ეზიდება. თანაც, ისეთ ნივთებზეა საუბარი, რომლის ჩუქებაც ჩვეულებრივ სიტუაციაში, როგორც წესი, არავის მოსდის თავში და ზოგადად არ განიხილება სასაჩუქრე ვარიანტად. ერთ დაბადების დღეზე ოთახის ჩუსტები მაჩუქა და იმ წელს ერთმანეთის მიყოლებით შემომივიდა ოჯახში ნაფეშქაშარი შლოპანცები, ფაჩუჩები და ნაქსოვი ჩუსტები. ახლა საახალწლოდ, როგორც კი გაიგო, რომ იატაკის საწმენდი ჯოხი მეზარალა, ეგრევე მომართვა და გინდ დაიჯერეთ გინდ არა, უკვე სამი სხვადასხვა კონფიგურაციის ჯოხია ჩემს სათავსოში აყუდებული (რააკვირველია, ნაჩუქარი). აღარ ვლაპარაკობ იაფფასიანი თურქული ყავის ჭიქების ნაკრებზე, რომელიც სამსახურისთვის დამჭირდა. გულუხვმა მეგობარმა სასწრაფოდ მომირბენინა და ზუსტად ორ კვირაში ექვსი ანალოგიური კომპლექტის ბედნიერი მფლობელი გავხდი.  ადრე ოგიყევით კიდეც, ერთ ახალ წელს მიემკვლა და თან საკუთარი ხელით შექმნილი კომბოსტოს მწნილი და ფორთოხლის ლიქიორი მომართვა. მეორე ახალ წელს აღმოვაჩინე, რომ მთელი წელი სხვადასხვა ჯიშისა და ჯურის მწნილებსა და ლიქიორებს ვაკეთებდი...
სწორედ მის ენდრიუმ წაიკითხა სადღაც ხუთიოდე წლის წინ, რომ თურმე ნათლისღების დამდეგ ღამეს უნდა იღო 7 ერთნაირი ფურცელი. ექვსზე დაწერო თითო სურვილი, მეშვიდე კი  ცარიელი დატოვო. მერე ეს ფურცლები კარგად უნდა აურიოთ ერთმანეთში,  ცარიელი გვერდით ზევით, ლეიბის ქვეშ დაალაგო (რო არ იცოდე სად რომელია) და გემრიელად დაიძინო. ნათლისღების დილას, ხელი ლეიბქვეშ უნდა შეაცუროთ და ერთი გამოაძროთ. რომელი სურვილიც შეგხვდებათ, ის აგიხდებათ. ცარიელი ფურცელი, კი როგორც ხვდებით იმას ნიშნავს, რომ ექვისდან არცერთ თქვენს სურვილს არ უწერია რეალიზაცია. 
აქვე გამოგიტყდებით, რომ სულ ვაპირებ და სულ მავიწყდება. ამდენი წლის მანძილზე ერთადერთხელ მოვიყვანე განზრახვა სისრულეში და ... ამიხდა. ასე რომ, წავედი ახლა და სანამ მახსოვს, ჩამოვაწიკწიკე და შევალეიბქვეშე მიმდინარე წლის ფარული განზრახვები.

საუკეთესო სურილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment