უსარგებლო საჩუქრები და მათი გასხვისების წესები

Approved by Mary Poppins


ძალიან მიყვარს საჩუქრის მიღებაც და გაჩუქებაც. არნახულ სიამოვნებას მანიჭებს ახლობლებისთვის საჩუქრის შერჩევის პროცესი, რასაკვირველია, საქმე ორიოდე გამონაკლის დაქალს თუ არ ეხება, რომლებსაც რაც არ უნდა აჩუქო და სულ რომ ტყავიდან გამოძვრე „ის“ მაინც არ ღამოჩნდება. მყავს ისეთებიც, რომელთათვისაც რას აჩუქებ იმდენად სულერთი და უმნიშვნელოა, რომ მეც ყოველგვარ ხალისს ვკარგავ. მაგრამ ცალკე თემაა, ზრდილობის გამო ან სულაც ძალიან მონდომებით, მაგრამ აბსოლუტურად სხვისი გემოვნებით ნაჩუქარი ნივთი, რომელიც მჩუქებლისადმი უსაზღვრო მადლიერების მიუხედავად სად ჯანდაბაში წაიღო არ იცი.
ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, სრულიად გულწრფელად მეგონა რომ ნაჩუქრის გაჩუქებაზე უფრო დიდი დანაშაული და უნამუსობა არაფერი იყო: ადამიანი შეწუხდა, იზრუნა, მოგიტანა, შენ კი სხვას გადაულოცე. მაგრამ, მერე დრომ თუ გამოცდილებამ მიჩვენა, რომ სახლის შენთვის უსარგებლო ნივთების საწყობად ქცევას, ხომ არ ჯობია იმას მისცე, ვისაც შენზე მეტად ჭირდება ან მართლა მოწონს? ნებისმიერი ნივთი რადგან იყიდება ე.ი. მისი მურველები და მყიდველებიც არსებობენ და შენ თუ არ მოგეწონა, ან ვერაფერში იყენებ, სულ არ ნიშნავს რომ სხვებიც იგივეს ფიქრობენ.
მაგალითად სუნამო ავიღოთ, ჩემს სამსახურში თანამშრომლები ყოველ დაბადების დღეზე მჩუქნიდნენ ძალიან ძვირიან და ძალიან მოდურ სუნამოს, რომლის არომატიც სულ არ იყო ჩემი, აი, ჩემი და კი გიჟდებოდა. რა ჯობდა, ამომეორთქლებინა თუ დისთვის დამეთმო?
ან, ახალ ბინაში რომ გადავედი, ზუსტად 12 ცალი აკმაოდ სიმპატიური თუქული ყავის 6 ჭიქიანი კომპლექტი მივიღე საჩუქრად (საკუთარი 4 მქონდა). ყველა ძალიან მომწონს,  მაგრამ განა რამდენი მჭირდება? უმეტესობა ყუთიდანაც არ ამომილაგებია ისე ვუკარი სათავსოში თავი. იგივე ბედი ეწია ეგრეთ წოდებულ ჩაის სერვიზებსა და აურაცხელ თეფშებს.
ყველამ იცის, რომ ყური გახვრეტილი არ მაქვს და წლიდან წლამდე მჩუქნიან საყურეებს - თან ძალიან კარგებს. რისთვის დავასაწყობო? ან კოსმეტიკა ავიღოთ, რომელსაც არ ვხმარობ. მერამდენე ქილა ვადაგასული ტონალური კრემი ან ტუში უნდა გავატანო ნაგავს?
ამიტომ, ვიფიქრე და მივხვდი, რომ ნაჩუქრის გაჩუქება სულაც არ ყოფილა ურიგო და უფრო მეტიც, უზნეო საქმე.  რასაკვირველია, ზრდილობის გამო და მოვალეობის მოხდის მიზმით გადაჩუქებულ ნივთებზე არ ვსაუბრობ, როცა სულ არ გადარდებს მოეწონება თუ არა ადრესატს შენგან მირთმეული საჩუქარი.  ნორმალურ შემთხვევაში კი, ნაჩუქრის გაჩუქების 2 სახე არსებობს: ერთი როცა უკვე ნაჩუქრის მომავალმა მფლობელმა იცის, რონ ნივთი ნაჩუქარია და საკუთარი სურვილით მიაქვს და მეორე, როცა შენ ჩუქნი და იმან არაფერი იცის. ამ შემთხვევაში, საჩუქარი თუ სწორად გაქვს შერჩეული და იმას ჩუქნი ვისაც ნივთი მართლაც მოეწონება ან ჭირდება, არაფერი შავდება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, თუ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ჩუქნი, მაინცდამაინც კარგი საქციელი ვერაა.  მაგალითად, ჩვენს მის ენდრიუსს კლასელი ყავს, რომელსაც წლების მანძილზე სხვისი ნაჩუქრის გაჩუქებით გააქვს თავი და დაქალების მომავალ დაბადების დღეებზე მისი წინა დაბადების დღის საჩუქრები მიაქვს. მისი ოინი დიდი ხანია გაშიფრულია და კარგადაც დასცინიან.
ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ რომ ნაჩუქრის გაჩუქებასაც თავისი წესები აქვს და თუ გინდათ, რომ ფეხზემკიდია მჩუქებლის ამაყი სახელი არ დაიმსახუროთ, ეს წესები უნდა დაიცვათ. სხვა თუ არაფერი თავისივე მორთმეული რომ არ მიუბრუნოთ ვინმეს.
ნაჩუქრი გაჩუქების "ინსტრუქცია" კი ასეთია:

არამც და რამც არ შეიძლება უკვე ნახმარის გაჩუქება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და უმთავრესი წესია. თუნდაც ერთხელ ნახმარი ჩაის ჭიქა ან ერთხელ მისხმული სუნამო, უკვე ნახმარია. და, ნამდვილად არ ღირს ტვინის მტვრევა იმაზე, ვისაც ჩუქნით სწორედ იმას ხომ არ მიართვით ჩაი ამ ჭიქით თავის დროზე.


გასაჩუქებელი ნივთი ყველა მხრიდან ყურადღებით დაათვალიერეთ. კარგად ნახეთ, სადმე რაიმე წარწერა ან ბარათი არ იყოს ჩარჩენილი. წიგნების პირველი ათი და ბოლო გვერდი გადაათვალიერეთ წინა მჩუქებლის გულისამაჩუყებელი „მოძღვნა“ არ იყოს სადმე დარჩენილი. ბარემ შეამოწმეთ დაზიანებაზეც.




კარგად დარწმუნდით, რომ ამ ნივთის მჩუქებელი ვერასდროს ვერაფერს გაიგებს თქვენი უმადური საქციელის შესახებ. იდეალურია, ნივთის მჩუქებელი და მისი მომავალი ადრესატი ერთმანეთს საერთოდ თუ არ იცნობენ და ვერც ვერასდრო გაიცნობენ. მთლად თემაში ვერ ჯდება, მაგრამ ჩემმა ერთმა ნაცნობმა თავის მეჯვარეს  დახმარება სთხოვა და ქორწილში ამ მეჯვარისვე ნაჩუქარი ბეჭედი გაატანა გასაყიდად: ფული მჭირდება და ეს მაინც არ მომწონსო. 



ნაჩუქარი გააჩუქეთ ისეთივე ზრუნვითა და რუდუნებით, როგორც ჩვეულებრივი და პირველი ხელის საჩუქარი. გაახვიეთ ლამაზად, იზრუნეთ ბარათზეც. ხომ არ ეუბნებით მეგობარს რა დაგიჯდათ მისი სჩუქარი? ნურც იმას ეტყვით რომ ნაჩუქარს ჩუქნით. არ არის საჭირო, იცოდეს ნივთის წარმოშობის შესახებ.

უნდა გადააჩუქო ის, რაც ნამდვილად უნდათ. უნივერსალური საჩუქრების სიაში შედის: კარგი ალკოჰოლური სასმელი; შოკოლადის ყუთი; წიგნები (რასაკვირველია თუკი კითხვა უყვართ - ერთხელ მახსოვს, დაბადების დღეზე გრიგოლ რობაქიძის 6 „გველის პერანგი“ მომიტანეს და 3 ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“); შოკოლადი, ღვინის ან ნებისმიერი საჭმელის გადაჩუქებისას, აუცილებლად შეამოქმეთ ვადა. იგივე ეხება კოსმეტიკასაც.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რატომ ვჩუქნით საჩუქრებს. საჩუქრებს იმიტომ ვჩუქნით, რომ ახლობლები გვიყვარ და გვინდა ვასიამოვნოთ. საჩუქრებს იმიტომ კი არ ვჩუქნით, რომ კეთილი და კარგი ვართ, საყვარელი ადამიანების ნასიამოვნები სახის და კარგად შერჩეული საჩუქრის მიღებისას მათი გასხივოსნებული თვალების დანახვა გვიხარია. თუ დარწმუნებული არ ხართ რომ, თქვენს გასაჩუქებელ ნივთს სწორი პატრონი შეურჩიეთ, ეგებ გადაწყვეტილების გადასინჯვა ჯობდეს? ბოლოსდაბოლოს, გადააგდეთ - პანაშვიდი და ქელეხი არ უნდა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment