კალაბრიული ტარტალეტკა - Bocconotti Calabresi

Approved by Mary Poppins


სწორედ ამ უგემრიელესმა დახურულმა ტარტალეტკებმა გაუთქვა სახელი იტალიაში კალაბრიულ ქალაქ მორმანოს. „ბოკონოტი“ სიტყვასიტყვით პატარა ლუკმას ნიშნავს და იგულისხმება, რომ ეს ნამცხვარი ერთ ლუკმად უნდა შეიჭამოს. ტრადიციულ ბოკონოტის კი, როგორც წესი, ყურძნის ან ალუბლის ჯემით ამზადებენ. ამ შესანინავი დესერტის შოკოლადიან და ნუშიან ვერსიას იტალიური წარმოშობის ლოს-ანჟელესელი კულინარის როზეტა კოსტატინოს რეცეპტებში გადავაწყდი და უნდა გითხრათ, რომ ჯემიანზე ბევრად უფრო მომეწონა. თანაც, ცნობილი მზარეული და კულინარიული წიგნების ავტორი ბოკონოტის თავღია ვერსიასაც გვთავაზობს. თუმცა, ჩემი აზრით, ნამდვილი ბოკონოტი მხოლოდ დახურული შეიძლება იყოს. და, რაც მთავარია, როგორც წესი, შოკოლადიან და ნუშიან ტარტალეტკებს საშობაოდ აცხობენ. მაშ, ასე:

Bocconotti Calabresi
16 ცალი
ცომისთვის: 2 ჭ ფქვილი, ½ ჭ შაქარი, ½ ჩ/კ სოდა, მწიკვი მარილი, 100 გრ კარაქი ჩაცივებული და 1 სმ-იან კუბიკებად დაჭრილი, 1 დიდი კვერცხი, 1 დიდი კვერცხის გული, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა,
გულსართისთვის: ½ ჭ ნუში, 2 ს/კ კაკაო, 50 გრ შავი შოკოლადი, ¼ ჭ შაქარი, მწიკვი დაფქული მიხაკი, 2 კვერცხის ცილა, ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
ფქვილი, შაქარი, სოდა და მარილი ჯამში კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. დავუმატოთ კარაქი და კარგად მოვზილოთ - ფხვიერი ცომი უნდა გამოგვივიდეს. ასეთი ცომი კარგად გამოდის ბლენდერშიც - ანუ, ჯერ მშრალ ინგრედიენტებს გადავურევთ ერთმანეთში, მერე კარაქს დავუმატებთ და ვაბლენდერებთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. 
პატარა ფიალაში  ჩანგლით გავთქვიფოთ კვერცხი, კვერცხის გული და ლიმონის ცედრა. დავუმატოთ ცომს. ცომი ვზილოთ ან ვაბლენდეროთ, სანამ ერთიანი და შეკრული არ გახდება. ცომი გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ დაფაზე და ცოტა ხანი ვზილოთ. გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1 სათით (ჯობია მთელი ღამით).
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე.
გულსართისთვის სამზარეულოს კომბაინში ან ბლენდერში ჩავყაროთ ყველა ინგრედიენტი ერთად, კვერცხის ცილისა და ვანილის ექტრაქტის (ანუ სველი ინგრედიენტების) გარდა  და ვაბლენდეროთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. კვერცხის ცილები ავთქვიფოთ და თანდათანობით გადავურიოთ დაფქულ ინგრედიენტებში, დავუმატოთ ვანილიც.
ავიღოთ ცომის პატარა გუნდები და თითის მიჭერით ამოვაფინოთ ტარტალეტკი ფორმებში. ტარტალეტკები ამოვავსოთ შოკოლადის გულსართით - ნუ გავაპიპინებთ, ზემოდან ცომი უნდა დავაფაროთ. მორჩენილი ცომი გავაბრტყელოთ ფქვიმოყრილ დაფაზე, ჭიქით ამოვჭრათ ტარტალეტკის ფორმის ზომების რგოლები. ცომის რგოლები დავაფაროთ ტარტალეტკის ფორმებს და კიდეები მოვუსწოროთ. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 18-20 წუთი შეოქროსფერებამდე. გავაგრილოთ, ამოვიღოთ ფორმებიდან,  მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment