Fortune Cookies - ჩინური ნაცხვარი წინასწარმეტყველებით

Approved by Mary Poppins


„წინასწარმეტყველებებით“ დატენილი შინაური ჩინური ნამცხვრის ცხობისას, ყველაზე რთული ეტაპი სოწრედ ამ წინასწარმეტყველებების მოფიქრება და ამობეჭდვაა, თავად ნამცხვარი კი ყველაზე მარტივი ვაფლის ცომისაგან ცხვება და მისი მომზადების წესი ძალიან წააგავს, ჩვენი ბავშვობის ვაფლის სიგარეტების დახვევის მეთოდს, რომლებსაც ცხელ ტაფაზევე თუ არ დაახვევდით, გაგრილების მერე იმსხვრეოდა და გადასაყრელი ხდებოდა.
ამიტომ, მისი ცხობისას რამდენიმე მარტივი წესი გაითვალისწინეთ: 1. საცხობი ფირფიტა არამც და არამც არ უნდა იკრავდეს (ყველას ტეფლონიანი საცხობი ფორმა ჯობია, ან სილიკონის საცხობი ფირფიტა); 2. ერთ ჯერზე 2-3 ცალზე მეტს ნუ დააცხობთ (იდეალში თითო-თითო ჯობია) - ცხლად დახვევას ვერ მოასწრებთ და საჭმელად კი დამტვრეულიც გემრიელი იქნება, მაგრამ თავის დასახელებას ვეღარ გაამართლებს; 3. წინასწარმეტყველებასთან ერთად გემრიელიც რომ გამოვიდეს, შეგიძლიათ ამოავლოთ შოკოლადში, ცომw კი რაიმე არომატიზატორი დაუმატოთ.

ჩინური ნამცხვარი წინასწარმეტყველებით
(მარტივი რეცეპტი)
გამოდის 10-12 ცალი
1 კვერცხის ცილა, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, მწიკვი მარილი, ¼ ჭ ფქვილი, ¼ ჭ მაქსიმალურად წვრილი შაქარი
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. ტეფლონიან საცხობ ფირფიტას წავუსვათ კარაქი. გავამზადოთ წინასწარმეტყველებიანი ქაღალდის ლენტები. კვერცხის ცილა და ვანილის შაქარი ერთმანეთში გავქნათ. ცილა რომ აქაფდება (ბეზესავით ნუ ავთქვიფავთ), დავუმატოთ ფქვილი, მარილი და შაქარი. თითო სუფრის კოვზი ცომი დავასხათ საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან მოშორებით და კოვზის ზურგით ცომი გავანაწილოთ ისე, რომ დაახლოებით 7 სმ დიამეტრის წრეები გამოგვივიდეს. თითო ჯერზე 2-3 ცალზე მეტს ნუ დაასხამთ, გამოცხობის მერე ცხლად დაკეცვა გაგიჭირდებათ. 
შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 5 წუთის განმავლობაში ნამცხვრის კიდეების გაოქროსფერებამდე. გამოვიღოთ ღუმელიდან, ნაცხვარი გადმოვიღოთ ჩაის ტილოზე და რაც შეიძლება სწრაფად მოვათავსოთ „წინაწარმეტყველებიანი“ ქაღალდის ლენტი, მერე სამზარეულოს ნიჩბის ან ფართო დანის მეშვეობით ნამცხვარი სწრაფად (ოღნდ ფრთხილად) გადავკეცოთ შუაზე, სწრაფად  გადავღუნოთ შუაზე ან ჩამოვკეცოთ ჭიქის ან ქილის კიდეზე (ნახეთ ვიდეოზე). ფორმის უკეთესად შესანარჩუნებლად სანამ საბოლოოდ გაცივდება და გამაგრდება მოვათავსოთ ტარტალეტკის ფორმაში ან ფინჯანში.
იგივე გავიმეოროთ დარჩენილ ნამცხვრებთანაც.

ამ ვიდეოზე, ნამცხვრის რეცეპტი სხვაა, მაგრამ თვალნათლივ ჩანს მისი მომზადებისა და კეცვის ტექნიკა.


ჩინური ნამცხვარი წინასწარმეტყველებით მარტა სტიურატის რეცეპტით
გამოდის 15 ცალი
5 ს/კ კარაქი, 4  მსხვილი კვერცხის ცილა, 1 ჭ წვრილი შაქარი, 1 ჭ გაცრილი ფქვილი, მწიკვი მარილი, 3 ს/კ ნაღები ან არაჟანი, 1 ჩ/კ ნუშის ექსტრაქტი
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. საცხობ ფირფიტას წავუსვათ კარაქი. დაბალ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი. გადავდგათ გვერდზე. მიქსეირით, საშუალო სიჩქარეზე გავთქვიოთ კვერცხის ცილა და შაქარი დაახლოებით 30 წამი, დავუმატოთ მარილი და ფქვილი. ფქვილს რომ კარგად შეიზელს დავუმატოთ შეგრილებული კარაქი, ნაღები და ნუშის ექსტრაქტი და ვთქვიფოთ კიდევ 30 წამი. 1 ს/კ ცომი დავასხათ საცხობ ფირფიტაზე და კოვზის ზურგით გავანაწილოთ ისე, რომ 10-12 სმ დიამეტრის წრე გამოგვივიდეს. გავაკეთოთ მეორე წრეც. შევდგათ ღუმელში 8 წუთით, სანამ ნამცხვრის კიდეები არ დაიბრაწება, გული კი თეთრი უნდა დარჩეს. გამოვიღოთ და რაც შეიძლება სწრაფად მოვათავსოთ ნამცხვარზე წინაწარმეტყველებიანი ქაღალდის ლენტი. ნიჩბის ან ფართო დანის მეშვეობით გადავკეცოთ შუაზე, სწრაფად ავიღოთ და წვეტიანი ბილოები მოვუღუნოთ, ისე რომ ნახევამრთვარის ფორმის ნამცხვარი გამოგვივიდეს. გავიმეორეოთ იგივე მეორე ნამცხვართანაც. როგორც მარტა სტიუარტი ამბობს, თითოს დამზადებაზე 10 წამზე მეტი თუ დავხარჯეთ, ნამცხვარი გამაგრდება და მის გადაკეცვა-გადაღუნვას ვეღარ შევძლებთ. დარჩენილი ცომიც იგივენაირად გამოვაცხოთ.


მარტა სტიუარტის ნამცხვრის მეორე, შოკოლადიანი ვარიანტი: ყველაფერი იგივე, ძირითად რეცეპტში 1 ჭ ფქვილი ჩავანაცვლოთ ¾ჭ ფქვილს დამატებული 3 ს/კ კაკაოთი. დანარჩენი ინგრედიენტები და მომზადების წესი ზუსტად იგივე.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment