სავსე მთვარის როლი მამაკაცის ცხოვრებაში

Approved by Mary Poppins


გეომეტრიის ზოგადი კურსის შემდეგ ყველამ ვიცით სამი განზომილების არსებობა. თუმცა, თანამედროვე მეცნიერები თავს იმტვრევენ და ნელ-ნელა გვაპარებენ ინფორმაციას მეოთხე განზომილების არსებობის თაობაზე.  ასე თუ გააგრძელეს, მეოთხეს მეხუთეც მოყვება, მეექვსეც და კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი. რამდენი განზომილებაც არ უნდა იყოს, აშკარაა, რომ კაცები და ქალები სხვადასხვაში ვცხოვრობთ. არა მარტო განზომილებაში, დროშიც. ჩვენთვის და მეცნიერებისთვის დღეს 21 დეკემბერი რომაა, კაცები სადღაც აპრილ-მაისში (განსაკუთრებით დინჯები, შარშანდელში) არიან ჩარჩენილი. არ გეცნობათ ასეთი სიტუაცია: კაცი რომ იბარებს ხვალ მოვალო, და ერთი თვის მერე კარის ზღურბლზე ატუზულს გულწრფელად სჯერა, რომ გუშინ გელაპარაკა. სჯერა და უკვირს, რატომ დახვდი გაალმასებული და კბილებალესილი. ასეთ კატეგორიას „შინმოუსვლელებს“ ვეძახი.
გერმანული დოგი ოტო
მაგალითად, ერთ წელს დასასვენებლად რომ ვიყავი, ძალიან სიმპათიური ბიჭი გავიცანი. მაღალი, გამხდარი, ძალიან თეთრი, შავი თმებით და არაბუნებრივად მუქი მწვანე თვალებით. მოკლედ, საჯიშე კაცის იდეალი, ოღონდ გერმანული დოგივით ლამაზი და აბსოლუტურად ცარიელი (სხვათაშორის, ზუსტად ასეთი ძაღლი ჰყავდა). ერთმანეთი აშკარად მოგვეწონა, მაგრამ 2 თვის მანძილზე სულ სამჯერ ვნახე. სექტემბერში თბილისში ჩამოსულს უნივერსიტეტის წინ შემხვდა და შემომჩივლა: რა კარგი იყო ზაფხული,  როცა ყოველდღე ერთად ვიყავითო. მეტყველების უნარი დავკარგე.
მამაკაცების ქცევაში არსებობს კიდევ ერთი რამ, რასაც „სავსე მთავრის სინდრომი“ დავარქვი. ძველი და კარგად დავიწყებული თაყვანისმცემლები და მისთანანი, დაახლოებით 6 თვე -  1 წლის შუალედით, მხოლოდ და მხოლოდ სავსე მთვარიანობისას, ჯგუფურად იკარგებიან და ჯგუფურადვე ჩნდებიან.  პირველი ზარის შემდეგ ზუსტად ვიცი, რომ 2-3 დღის განმავლობაში ყველა ამოტივტივდება. რა უნდათ, ვერც მეცნიერები და ვერც ჩემნაირები ვერ ვხსნით.  ჩნდებიან მქუხარე მოკითხვებით, გეგონება, სულ მცირე, ხვალ დილას სადარბაზოსთან მინიმუმ ყვავილებ, და მაქსიმუმ ბეჭედმომარჯვებული დამხვდებაო და... ისევ უგზო-უკვლოდ იკარგებიან. ასე გრძელდება წლების მანძილზე. აი, ასე გაჩნდა ჩემს ტელეფონში ჯგუფი - „ნამარხები“.
ნამარხებში შედის მამაკაცების მესამე სახეობაც, ე.წ. „მილოცვაფობები“ - არ იკარგებიან, მაგრამ არასდროს არ ჩნდებიან მაშინ, როცა ყველაზე მეტად გინდა - მე მგონი, ყნოსვა აქვთ. არ გილოცავენ დაბადების დღეს, თუმცა ერთი კვირის მერე მოგახსენებენ, რომ ახსოვდათ, მაგრამ... ახალი წელიც და სხვა დღესასწაულებიც ასევე მარტივად ავიწყდებათ. ანამუსე და იყავი! რაც მეტად აღშფოთდები, მით უფრო უკვირთ და მყარად ივიწყებენ. საკმარისია, ურთიერთობა გაირკვეს და ნამარხებიდან „უგზო-უკვლოდ  და სამუდამოდ დაკარგულების“ ჯგუფში გადაინაცვლონ, ყოველ დაბადების დღეს და ახალ წელს პირველები გილოცავენ.

შავი მარტორქა ედისონი

არსებობენ უნიკალური გამონაკლისები, რომლებიც რაღაცნაირად ახერხებენ სამივე კატეგორიას განეკუთვნებოდნენ. მაგალითად, ერთი ჩემი ნაცნობი, რომელზეც კიდევ ბევრჯერ მოგიყვებით (ამიტომაც საჭიროდ ვთვლი, პორტრეტიანად წარმოგიდგინოთ), 14-წლიანი ნაცნობობისა და უბრალო ნაცნობობაზე ცოტა მეტის მანძილზე, დაბადების დღე სულ ორად-ორჯერ მომილოცა, ისიც ხანგრძლივი განშორების პერიოდში. ყოველდღიური ურთიერთობის დროს რაღაც სასწაულით ახერხებდა წელიწადის 365 დღიდან მაინდამაინც იმ ერთ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს დაკარგულიყო. სხვათაშორის წელსაც (სულ მეორედ) მომილოცა, ნეტა რა სჭირს? საგონებელში ჩავვარდი: Не к добру это!
ამიტომ, ქალებო, გადააგდეთ საათები, დახიეთ კალენდრები და შეეგუეთ ბედს! მომსვლელი მაინც მოვა, საქმე იმაშია, როდის და გიღირთ თუ არა ლოდინი. ტყუილად ნუ ააჩქარებთ, მაინც არაფერი გამოგივათ. ისინი თავის სამყაროში ცხოვრობენ, მათთვის დედამიწა სხვა სისწრაფით და სხვა მიმართულებით ბრუნავს...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

1 კომენტარი.:

  1. Giorgi Kvirikashvili
    This comment has been removed by the author.

Post a Comment