კულინარიული ღვთაება, ანუ კირკიტა კაცი სამზარეულოში

Approved by Mary Poppins



20 იანვარს ჩინეთში სამზარეულოს ღმერთის დღეა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, კერიის ან ღუმელის (ასეც მოიხსენიებენ) ეს ღმერთი, ჯერ კიდევ ჩინეთის იმპერიის დროიდან მოყოლებული, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაებაა აღმოსავლურ სამყაროში. თითქმის ყველა სახლში მის გამოსახულებას კერიის ან ღუმელის თავზე ათავსებენ, საიდანაც ოჯახს უთვალთვალებს. 20 იანვარს თაფლს უსვამენ, ოღონდ ცოტნე დადიანისგან განსხვავებით ქალაქის მთავარ მოედანზე არ გააქვთ, ასე მის დასატკბობად იქცევიან და... წვავენ... კვამლს რომ გაყვეს და ზეციურ ნეფრიტის იმპერატორს მოახსენოს, როგორ იქცეოდნენ ოჯახის წევრები მთელი წლის განმავლობაში. სწორედ მის მოხსენებაზეა დამოკიდებული ციური „უზენაესის“ კეთილგანწყობა და ოჯახის ბედი ახალ წელიწადში. ახალი წლის დადგომის შემდეგ სამზარეულოში ახალ „ჩამშვებს“, ანუ  გაზქურის ღმერთის ახალ პორტრეტს ჰკიდებენ.
ეგ არაფერი, კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთა ლეგენდამ ამ ღმერთის წარმოშობის შესახებ. იყო ერთი მდიდარი ფერმერი, მობეზრდა კარგი ცოლი, სახლიდან გასვა და უფრო ახალგაზრდა მოიყვანა. თავისი შესაძლებლობები ვერ მოზომა, ახალმა ცოლმა ყველაფერი გაუყიდა, ქუჩაში დატოვა და თვითონ ფულიან კაცს გაეკიდა. „საბრალო“ ფერმერი მათხოვრად იქცა. ერთხელაც შიმშილისგან ცოცხალ-მკვდარი მდიდარ ფერმას მიადგა, სადაც დაბანეს, დავარცხნეს და კარგადაც აჭამეს. რომ გაძღა, მოითხოვა, მასპინძელი მანახეთო. ოთახში მისი პირველი ცოლი შემოვიდა. კაცს შერცხვა, შუაცეცხლში გადახტა და თავი შეიშიშხინა. ქალმა მისი გადარჩენა სცადა, მაგრამ ვერაფერი უშველა. ზეციურმა ნეფრიტის იმპერატორმა „უსამართლოდ დაჩაგრული“ კაცის ისტორია რომ მოისმინა, გული აუჩუყდა და თავგანწირვისთვის დააჯილდოვა: სამზარეულოს ღმერთად დანიშნა და ოჯახური სიწმინდის და კერიის დამცველად ყველა სახლში გაგზავნა. ანუ: ტიპმა ცოლი გააგდო, ქალებში „იგულავა“, ქონება გაანიავა, უბედური ცოლყოფილი კინაღამ გააგიჟა, მის თვალწინ აუტოდაფე რომ მოიწყო და კიდევ ეს შერაცხეს წამებულად! სამართლიანობისთვის აღვნიშნავ, რომ პირველ ცოლს იმქვეყნად შეურიგდა (არც აქ მოასვენა და არც იქ) და ოჯახებში ქალების თვალთვალი მიანდო დიდსულოვნად.
ასეა თუ ისე, ვისაც აღმოსავლური ჰოროსკოპის გჯერათ და ბარაქიანი და წარმატებული წელი გინდათ, აი, ამ ვაჟბატონს უნდა მოეფეროთ: სახლიც დააწკრიალოთ და ნამცხვრებიც გამოუცხოთ. თუ არ მოქრთამეთ, არაფერი გამოგივათ. არ ვხუმრობ, მართლა ასე ითვლება. ჩემი თუ არ გჯერათ, შეხედეთ, როგორი კარგად ნაკვები და ჩასუქებულ-ჩაკურატებულია - ჭეშმარიტი მამაკაცი, ქალი ჯერ ამ ცხოვრებაში მოინელა და იქაც მისი წყალობით გაიკვლია გზა. აი, კაი ცოლი რას ნიშნავს!
ჩვენი ერთი ახლობლის და აქტიური მკითხველის ქმარმა დასუფთავების სამსახურში დაიწყო მუშაობა. ქალების ჯგუფი ჰყავს - ოფისებს ალაგებენ.  როგორც თვითონ ამტკიცებს, უამრავ ქალში ნამდვილი მამალივითაა: გავივლი-გამოვივლი, ქვეშევრდომებს ბრაზიან თვალებს დავუბრიალებ, შენიშვნებს მივცემ და განსაკუთრებული სიმკაცრის გამოსახატად, მამლაყინწასავით ცალი ფეხით მიწასაც კი გავქექავ ხოლმეო. ჰოდა, სწორედ იმ ქალებმა უთხრეს, სისუფთავეში ისე კარგად ერკვევი, შენი ცოლი აშკარად კარგი დიასახლისიაო. მართლაც ასეა, თუმცა ცოლიც წუწუნებს, სამსახურში ყველაფრის გაკონტროლებას ისე მიეჩვია: რამდენჯერმე შევამჩნიე, მაგიდას თითი როგორ აუსვა და შეამოწმა, მტვერი ხომ არ დევსო.
თქვენი არ ვიცი და მე ჩემი გამკონტროლებლები, ქალებიც და კაცებიც (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით) ნერვებს მაგრად მიშლიან. რამე თუ არ მოსწონთ, მიბრძანდნენ და თვითონ გააკეთონ, სიამოვნებით დავუთმობ! არ გეგონოთ, რომ კრიტიკას არ ვღებულობ. ყურადღებით ვისმენ რჩევებსაც და კონსტრუქციულ შენიშვნებსაც ვითვალისწინებ, მაგრამ უხეირო ცოლის წყალობით შარვალზე უთოსგან დარჩენილი 5 ზოლის მქონე მამაკაცი ჩემს გატკიცინებულ მაგიდის გადასაფარებელს კრიტიკული მზერით რომ უყურებს, ან ჩემს მუქი ფერის ჭიქაში ეჭვის თვალით იცქირება, როგორი გარეცხილიაო, მზად ვარ მის სახლში ნანახი ვითომ შიგნიდან სუფთა და უკანა მხრიდან ფენა-ფენა მრავალწლოვან ცხიმშემხმარი ქვაბი თავზე ჩამოვამხო. არც სხვებზე უკეთესად დალაგებული სახლი მაქვს და არც სხვებზე უკეთესად დახეხილი ჭურჭელი, მაგრამ ყველაფერს სხვებზე უარესად რომ აკეთებენ, სწორედ ისინი და მათი ხელდასმით სხვების გაჭორვას შეწვრთნილი ქმრები იჩენენ განსაკუთრებულ გულმოდგინებას მავანთა სისუფთავეზე ლაპარაკში.
მოკლედ, ჩემს სამზარეულოში არავისი პორტრეტი არ კიდია. ვირტუალურად თუ მაკვირდება ვინმე, არ ვიცი (კედელზე ჭიქმიყუდებულ და ყურმიდებულ ჩემს ცნობისმოყვარე მეზობელს არ ვგულისხმობ). ზეციური ნეფრიტის იმპერატორისგან არაფერს ველოდები, თუმცა ტრადიციები ისე მიყვარს, ვფიქრობ, მიკროტალღოვანი და სხვა ღუმელების ღვთაების  გამოსახულების ნაცვლად, ჩვენი ხილ-ბოსტნეულის გამყიდვლის სურათი ხომ არ დავიკიდო, წლის განმავლობაში ხარისხიანი პროდუქტებით რომ მამარაგებს?!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment