ახალი წლის ღამე, ზარხოში და ძაღლი

Approved by Natia Jinjolava

ეს ამბავი ახალი წლის ღამეს მოხდა. ეს ის პერიოდია, ტრანსპორტი (ტაქსი გამოძახებით)  დაბინდების მერე აღარ მოძრაობს, მობილურები საქართველოში არ არსებობს და ქუჩებში უკუნეთი სიბნელეა. შეიძლება ასაკის ბრალი იყო (თუმცა მე უფრო გარემო პირობები მგონია), ბევრად ხშირად ვიკრიბებოდით და დროსაც ბევრად გულიანად ვატარებდით. საკუჭნაოში შემთხვევით ნაპოვნ მურაბის ქილაზე და აკრეფილი ფულით ნაყიდ 2 ცალ სნიკერსზე 20 კაცი ვქეიფობდით. სხვათა შორის, გვყოფნიდა.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ ახალ წელს, რომელსაც სანთლების შუქზე შევხვდით (რომანტიკის სიყვარულით კი არა, დრო იყო ასეთი), ვიღაცის სარდაფის „ოქროს ფონდიდან“ ამოტანილი ათლიტრიანი,  კაცმა არ იცის, როდის დაყენებული ღვინის ბოცითა და სამსაათიან რიგში დგომის შედეგად აღებული პურის ბუტერბროდებით. ერთი სიტყვით, ბევრი ვსვით, ცოტა ვჭამეთ, კარგად გავერთეთ და, ვისაც სკამზე ჩამოძინება არ გვინდოდა, სადღაც 4 საათისთვის დავიშალეთ.
ერთმა ჩვენმა მზრუნველმა მეგობარმა ერთ უბანში მცხოვრები გოგოები სახლებში ჩამოგვარიგა და თავის გზაზე გაეშურა. მაგრამ სახლამდე ვერ მივიდა... ქუჩაში ღიღინ-ღიღინით მიმავალს, წინ კუდის ქიცინითა და, რამდენადაც ძაღლს შეუძლია, კეთილმოსურნე სახითა და მოსიყვარულე თვალებით, მაწანწალა ძაღლი შემოხვდა. ჩვენს „ჯენტლმენს“, რომელსაც ამ ქვეყნად არაფრის არ ეშინოდა, არც სიბნელის, არც ფეხით სიარულის, არც ყაჩაღების, ერთი საიდუმლო ჰქონდა. ძაღლების ბავშვობიდან ეშინოდა. მაგრამ ადამიანის დანახვით გახარებულმა ძაღლმა ეს რა იცოდა? ბიჭმა ფეხს აუჩქარა, ძაღლიც გაჰყვა. ბიჭი გაიქცა, ძაღლიც გაეკიდა. ასე მხარდამხარ ირბინეს, სანამ ჩვენს ფეხმარდ მეგობარს შეზარხოშებულ ტვინში ერთმა ნათელმა და გენიალურმა აზრმა არ გაუელვა: სადმე ეზოში დაყენებულ მანქანაზე ავძვრები, ძაღლი ვერ მომწვდება, სიგნალიზაცია ჩაირთვება და ვინმე მიშველისო. ასეც მოიქცა, პირველივე ავტომობილს აახტა და სახურავზე მოიკალათა. არ გაუმართლა, სიგნალიზაცია არ ჩაირთო. ძაღლი იქვე დასკუპდა და სათნო და მოსიყვარულე თვალები შეანათა. იმედგაცრუებულმა და გაყინულმა ბიჭმა სახურავზე ბუქნვა დაიწყო... არსით ხმა, არსით ძახილი. ვერც ძაღლს შეასმინა ვერაფერი, რა არ უთხრა. არც „წადი“-მ გაჭრა, არც დაყვავებამ, არც დატუქსვამ. ასე შემოათენდათ...
გათენდა და ბიჭმა დაინახა, რაზე მჯდარა: უბორბლებო, უფანჯრო, 30 წლის წინ დაჟანგული და უპატრონოდ დაგდებული მანქანის კაბინაზე.  ამასობაში ეზომაც გაღვიძა, ვიღაც მადლიანი სადარბაზოდან გამოვიდა, დამხმარეებს სეირის საყურებლად უხმო და სიცივისგან კბილებაკაწკაწებული მსხვერპლი პატარა, კაცთმოყვარე ძაღლის ტყვეობიდან დაიხსნეს. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ძაღლს გულწრფელად სჯეროდა, გზააბნეულ და ტვინარეულ ადამიანს ვდარაჯობ და ვპატრონობო.  ჩვენი მეგობარი კი, რომელმაც შემდეგი 2 კვირა საწოლში სიცხიანმა გაატარა,  იმ ეზოს დღესაც შორიდან უვლის, ვინმემ შემთხვევით არ მიცნოსო...
მშვიდობიან ახალი წლის ღამეს გისურვებთ...

0 კომენტარი.:

Post a Comment