ბლოგერავტორთა მორიგი „სხადნიაკი“

Approved by Natia Jinjolava

ტორტი დაკარამელებული ფორთოხლებით გამოცხვა და ცომი მოიზილა. ახლად შემოერთებული ან გულმავიწყი მკითხველი იკითხავს, რა ცომი, რის ცომიო? რა ცომი, ჩემო ერთგულო მკითველო, და ტიბეტელები რომ აკეთებენ თავიანთი ახალი წლის წინ, ანუ: ფქვილი, წყალი და მარილი. არა, „სუბსარქისის“ მარილიანი კვერების ჭამას არ ვაპირებთ. ამ ცომისგან იმ ყველაფერ ცუდს გამოვძერწავთ, რაც კი გასულ წელს გადაგვხდა - მაგალითად, ფულის ნაკლებობა, მთლად არასაოცნებო სამსახური, გულგატეხილობა, ბოროტი ენები, ინტრიგები, ვისთვის ქმარ-შვილის გაუთავებელი ლოთობა და ვისთვის ნაცნობ-მეგობრებთან კინკლაობა. ვის რაც უჭირდა, ყველაფერს თავიდან მოვიშორებთ. გამოვძერწავთ, გამოვაცხობთ და შუაღამით დაახლოებით „კუდიგორის გზას გავუყენებთ“, ანუ ყველა ჩვენთაგანისგან მოშორებულ გზაგასაყარზე გავიყვანთ და იქ დავტოვებთ. ტიბეტელები ამბობენ, უკან აღარ მობრუნდებიანო. მათ სიბრძნეზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და რაღა ეს გამოდგება ტყუილი?!
წესით, ყველამ თავისი გასაჭირი უნდა ძერწოს, ჩვენ ეს წესი განვაზოგადეთ და ყველასთვის საჭირბოროტო შვიდეული მოვიფიქრეთ: ცარიელი საფულე (უფულობა), ფეხებმორყეული სკამი (სამსახურით უკმაყოფილება), ყანწი (ლოთობა), გველების გორგალი (ბოროტი ენები), ღორი (ინტრიგები), გატეხილი გული (წყენები და გულგატეხილობა), თერმომეტრი (ავადმყოფობა).
დედიკო რუ დაგვპირდა, სადღაც თბილისის შემოგარენში ისეთი უკაცრიელი გზაჯვარედინი ვიცი, მაინცამაინც GPS-ნავიგატორს თუ არ ჩააყოლებთ რომელიმეს, თბილისის გზასაც ვეღარ მოაგნებენო. სხვათაშორის, ზუსტად ასეთი ტრადიცია მაღალმთიან საქართველოშიც ჰქონდათ. სახლიდან გაძევებულ ფიგურებს სოფლიდან მოშორებით ტოვებდნენ და სახლში უკანმოუხედავად ბრუნდებოდნენ. ასე რომ, ნურც წარმართებად შეგვრაცხავთ და ნურც რომელიმე მაგიის მიმდევრებად. იმდენად ლამაზი ტრადიციაა, სიამოვნებით ვხალისობთ. თან ყურადღება მიაქციეთ: ადამიანების ფიგურებს არ ვაკეთებთ! თუმცა ჩვენი ცხოვრებიდან რამდენიმე განსაკუთრებით აბეზარი ეგზემპლიარის თავიდან მოშორებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი... იცხოვროს იმანაც კარგად და ბედნიერად, ოღონდ ჩვენგან შორს! (თუმცა, ხანდახან მგონია, რომ ასეთების ბედნიერების ხარისხი მხოლოდ ჩემს უიღბლობაზეა დამოკიდებული).
სანამ მე კლავიატურაზე ვაკაკუნებდი და ბლოგკოლეგიის დანარჩენი წევრების რეპლიკების ფონზე მკითხველისთვის „ანგარიშს“ ვამზადებდი, დანარჩენებმა ფიგურების ძერწვაც დაასრულეს. ახლა ყავას ავადუღებ, ტორტს „დავკლავთ“ და მოხდილი ვალის სრული შეგრძნებით, ტკბილი ნუგბარისა და სასიამოვნო საუბრის კვალდაკვალ ჩვენი ცხოვრებიდან ცუდის, ავის, ბოროტის, ყველა ჯიშისა და ჯილაგის შარისა და ჯანდაბის სამუდამოდ მოსაკვეთად განვემზადებით.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. გამზადებით კი გავემზადეთ, მაგრამ ნუ იკითხავთ, უკვე გამომცხვარმა ფიგურებმა რა მხიარულება გამოიწვია. ცომის ბრაწულები ისეთი ლამაზი და სურნელოვანი გამოვიდა, რომ არ გვცოდნოდა, რა დიად მიზანს ემსახურებოდნენ, შეუჭმელი არ დაგვრჩებოდა (გამხმარი და გახრიგინებული თერმომეტრიც კი). ეშხში შესულებმა, ზოგმა მათი მტკვარში თუ არა, მდინარე ვერეში დახრჩობა მოინდომა, ზოგმაც დაწვა-დანახშირება-დამუგუზალება.
საბოლოოდ, „საბრალო“ ნაკეთობათა ბედი ასე გადაწყდა: ცელოფნის პარკში საგულდაგულოდ გამოვკარით, აივანზე გავზიდეთ და ფუთაზე ველური როკვა გავმართეთ. ვისაც სქელძირიანი ფეხსაცმელი ეცვა, ფიგურებს ფიზიკურ ზიანს აყენებდა, თხელძირიანებით კი მორალურ შეურაცხყოფას... თქვენს მტერს, იმათ დღე დაადგა. შემდეგ ფუთა გავხსენით და გულმოდგინედ გავაკონტროლეთ, რამე ხომ არ გადაგვირჩა... იფ, იფ, რა მადისაღმძვრელი სუნი ამოდიოდა... ამოდენა ენერგიისა და ემოციის დახარჯვის შემდეგ სახეზე ბედნიერი ღიმილით სავარძლებზე დავეყარეთ და სათნო ბაასი გავაგრძელეთ...

2 კომენტარი.:

  1. Efigenia Doubtfire

    ამ გოჭის ფიგურის დანახვაზე სინდისმა შემაწუხა. საწყალი გოჭი როგორ ჩავწიხლეთ, დაუნდობლად ჩავქოლეთ ამდენმა ქალმა. რა საყვარელია, ნამდვილი შეპიწკინებული გოჭივით გამოიყურება:) რაც მართალია, მართალია, ძალიან გავერთეთ და ვიმხიარულეთ ფიგურების დამზადებით და ხტუნვა-თამაშით. ბოლოს კი ჩვენი მხიარულება უგემრიელესი ტორტით დავაგვირგვინეთ:)) უუფ რა გემრიელი იყო, ეხლაც კი ვგრძნობ მის გემოს. დიდი მადლობა მერი პოპინს, რომ რეცეპტი გამოაქვეყნე. ერთი სული მაქვს როდის გავაკეთებ:)

  1. Natia Jinjolava

    მე სულ პოლი მახსენდება და სულელივით ჩემთვის ვიცინი. პარკში მთელი ყანწი რომ აღმოაჩინა და ჩემი არავინ სვამს მაგრამ ამას ასე ვერ დავტოვებო და აივნის სახელურს ჩაჭიდებული გამალებით რომ უბათქუნებდა წიხლებს :))))))))დღეს ჩემს აივანს გამადიდებელი შუშით ვათვალიერებდი,ემანდ "პანდორას ყუთიდან" ნამცეცები ხომ არ დარჩა სადმე-მეთქი :)))))) ცოცხს არ ვენდე, დავამტვერსასრუტე და მტვერსასრუტის პარკი მეზობელ უბანში დავფერთხე :)))))

Post a Comment