მარტი - ქალების თვე

Approved by Mary Poppins


3 მარტი - დედის დღე, 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე... ერთი სიტყვით, მარტი აშკარად ქალების თვეა და გასულ წლებში მთელი მარტი ბლოგის გვერდებზე ქალების მავნე ჩვევების და ზნის (რაც, რასაკვირველია, სულ კაცების ბრალია, აბა, ისე ქალს მავნე ჩვევა საიდან უნდა ქონდეს?!) კრიტიკაში თუ გავატარეთ, წელს ტრადიციას დავარღვევთ და საგაზაფხულო ხასიათისთვის დამახასიათებელი ლაღი და ნეიტრალური თემებით შემოვიფარგლებით. თუმცა, კვლავაც ბლოგის ტრადიციებიდან გამომდინარე, ბოლომდე მაინც ვერ "გამოვსწორდებით" და არქივიდან რამდენიმე საინტერესო სტატიასაც ამოვიღებთ. 
ქალებთან დაკავშირებით, ქართულ ტრადიციულ სუფრაზე ათიოდე წლის წინ მოდური და უკვე კარგად დამკვიდრებული ერთი სადღეგრძელო უნდა გავიხსენო: ქალურ ბედნიერებას რომ გვისურვებენ ხოლმე. ნეტა, ვინმემ თუ იცის ეს ქალური ბედნიერება რა არის? ან თუ არსებობს სადმე ძაღლის ბედნიერება ან ძროხის? ჩვენი კაცების და სამწუხაროდ, ქალების უმეტესობის აზროვნების სტილს თუ გავითვალისწინებთ, აშკარა ხდება რომ ასეთ ბედნიერებაში ქმარი, ბავშვი და სავსე მაცივარი ან გარდერობი იგულისხმება. მაგრამ ჩვენი ბედნიერება ქმრის წინდების რეცხვის ნაცვლად ძველეგვიპტური სარკოფაგების  გათხრა ან ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა და ატომის დაშლა თუა მაშინ რა ვქნათ?  პირადად ჩემთვის, სრული ბედნიერება მსგავსი შინაარსის ესემესი იქნებოდა ნებისმიერი ბანკიდან: "თქვენს ანფარიშზე 5 მილიონი ლარი დაირიცხა"... და, სამზარეულოც და ქმარიც იმის იყოს ვისაც უნდა. 
მოკლედ, მე იმის თქმას ვცდილობ, რომ ცივილიზაციასთან ერთად, ძალიან ნელა, მაგრამ ქალის აზროვნებაც ვითარდება და ბევრი ახალგაზრდა და წარმატებული სუსტი სქესის ძლიერი წარმომადგენლისთვის მარტო ქმარ-შვილი და სარკესავით გაპრიალებული იატაკი აღარ არის დამაკმაყოფილებელი და წარმატების მწვერვალი. ზოგი ქვაბების ხეხვაში პოულობს თავის ბედნიერებას და ზოგიც კარიბის ზღვის სანაპიროზე წამოკოტრიალებული კოქტეილის წრუპვაში. დღეს ქალის ერთადერთი გზა ქორწინებისკენ აღარ მიდის და ბევრმა გამოარღვია ქალისთვის განკუთვნილი სამზარეულო-აბაზანა-საძინებლის მოჯადოებული სამკუთხედი.
არა, ერთი წამითაც არ იფიქროთ, დიასახლის ქალებს ვაკრიტიკებდე, პირიქით! უბრალოდ, იმაზე ვსაუბრობ რომ დღეს, ქალებს არჩევანი გაგვიჩნდა - შეგვიძლია საკუთარი სურვილისამებრ ვიცხოვროთ და საკუთარი თავი ზუსტად იქ ვიპოვოთ სადაც ჩვენი ადგილი გვეგულება - თუნდაც საყვარელი ქმრის გვერდით გულზე მარგალიტის ყელსაბამით და თუნდაც ხალხით გადაჭედილი საკონფერენციო დარბაზის ტრიბუნასთან.
საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლაში ქალებმა დღემდე მხოლოდ კაცების მიერ ოკუპირებულ ყველა სფეროში შევყავით თავი. თანაც ნუ დაგავიწყდებათ, რომ წარმატების ერთნაირი დონის მისაღწევად ქალი კაცზე ორჯერ უკეთესი ქირურგი, იურისტი, ეკონომისტი, ფიზიკოსი და ა.შ. უნდა იყოს. სხვათა შორის, დღესაც თითქმის ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე თანამდებობაზე ერთი და იგივე კომპანიებში ქალებს კაცებზე ორჯერ უფრო დაბალი ხელფასი აქვთ და ორჯერ მეტს შრომობენ. რასაც ქვია, საკუთარი ხელით გავიჩალიჩეთ. ემანსიპაციასთან ერთად ქალმა კაცის ყველა მოვალეობა შეითავსა, კაცები კი ქალის საქმის ათვისებას რატომღაც სულაც არ ჩქარობენ.
ოჯახში სადაც ორივე მეუღლე მუშაობს, ორივე ერთნაირად იღლება და ორივეს ერთნაირი შემოსავალი აქვს, სამსახურის შემდეგ ვინ ალაგებს სახლს, უვლის ბავშვებს, საჭმელს ვინ აკეთებს? პასუხი ყველამ კარგად ვიცით.
ერთი სიტყვით, მარტო მარტი კი არა, წელიწადის 12 თვე ჩვენი უნდა იყო, იმ ქალების ვისაც ცხოვრებისთვის თვალის გასწორების არ ეშინიათ და თამამად იბრძვის საკუთარ პატარ-პატარა ფრონტზე - ზოგი კაბინეტში, ზოგიც სამზარეულოში.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment