ბლინების ტორტი ჯეიმი ოლივერისგან

Approved by Natia Jinjolava


ბლინების ტორტი ჯეიმი ოლივერისგან
12 პორცია
3 ჭ ფქვილი, 3 ჭ რძე, 3 მსხვილი კვერცხი, ზღვის მარილი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, ¼ ჩ/კ სოდა. 150 გრ შავი შოკოლადი კაკაოს მინიმუმ 70 %-ი შემცველობით და ცოტა კიდევ მოართავად, 50 გრ კარაქი, 180 გრ მოხალული თხილი და ბრაზილიური კაკალი, 600 მლ ცხიმიანი ნაღები, 1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი, 1 ½ ს/კ ლერწმის შაქარი, 300 გრ ჟოლო მოსართავად (სავალდებულო არაა)

ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, სოდა, რძე, კვერცხები და მწიკვი მარილი. დავუმატოთ 1 ს/კ ზეთი. ცეცხლზე შემოვდგათ პატარა ზომის ბლინების საცხობი ტაფა და კარგად გავავარვაროთ. თუ ტეფლონიანი ტაფა გვაქვს, ზეთი არ გვინდა, თუ არადა ზეთში დასველებული ხელსახოცი მოვუსვათ ტაფას და ერთი ჩამჩა ცომი დავასხათ. ცომი ტაფის მთელ ზედაპირზე გავანაწილოთ  და 2 წუთი ვაცხოთ, მერე გადავატრიალოთ და მეორე მხრიდანაც დავბრაწოთ. გადმოვიღოთ თეფშზე. ასე ვაცხოთ ბლინები სანამ ცომი არ გამოგველევა.
ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ დამტვრეული შოკოლადი, კარაქი და მწიკვი მარილი (ცეცხლზე შემოდგმული მდუღარე წყლიანი ქვაბის თავზე შემოვდგათ შოკოლადიანი ჯამი. ოღონდ ჯამის ფკერი მდუღარე წყალს არ უნდა ეხებოდეს). შიგადაშიგ ვურიოთ. სანამ შოკოლადი დნება, თხილი და ბრაზილიური კაკალი დავნაყოთ ან დავჭრათ წვრილად. ამასობაში გამდნარი შოკოლადი გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ 200 მლ ნაღები და დაჭრილი თხილი და ბრაზილიური კაკალი (ცოტაოდენი ზემოდან მოსაყრელად გადავინახოთ). დარჩენილი ნაღები ავთქვიფოთ ვანილთან და შაქართან ერთად.
ავიღოთ ლანგარი და მოვაწუწოთ ცოტაოდენი ათქვეფილი ნაღები, ზემოდან დავადოთ ბლინი და ხელით მსუბუქად დავაწვეთ. ზემოდან მოვასხათ შოკოლადი და თავზე მეორე ბლინი დავადოთ. შემდეგ წავუსვათ ათქვეფილი ნაღები, დავდოთ მესამე ბლინი, მოვაწუწოთ შოკოლადი და დავადოთ მეოთხე ბლინი, წავუსვათ ნაღები და ასე გავაგრძელოთ, სანამ ბლინები არ გამოგველევა. ბლინებს მორიგეობით გადავუსვათ ხან შოკოლადი, ხან ათქვეფილი ნაღები. ცოტაოდენი ათქვეფილი ნაღების გადანახვა არ დაგვავიწყდეს, სულ ზემოდან გადასასმელად. რომ მოვრჩებით,ბლინების ტორტს დანით გვერდები მოვულამაზოთ. თავზე გადანახული თხილი და შოკოლადის ბურბუშელები მოვაყაროთ. მერე ტორტიანი ლანგარი ციცხალი ჟოლოთი გავაფორმოთ და გემრიელად მივირთვათ ჩაისთან ერთად. ტორტი კიდევ უფრო გემრიელი გამოვა, რამდენიმე საათი მაცივარში თუ გავაჩერებთ.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment